ქუთაისში ელექტროსაყინულეში ჩასვენებული მამაკაცი ცოცხალი აღმოჩნდა, – ამ სათაურით ერთ-ერთმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ ინფორმაცია გაავრცელა.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შემთხვევა გუშინ გვინ ღამით, აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.
გამოცემის ცნობით, ოჯახში გამოძახებულმა სამედიცინო ბრიგადამ მოქალაქეს გარდაცვალება დაუდგინა. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი მოქალაქე ელექტროსაყინულეში გაადასვენეს, ხოლო ოჯახის წევრმა შეამჩნია, რომ აღნიშნული საყინულე დაიორთქლა.
ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პაციენტი ცოცხალი იყო, არ ადასტურებენ სასწრაფო-სამედიცინი დახმარების ცენტრში.
როგორც „კვირა +“ -ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და გამოძახებებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განუცხადა, ადგილზე მისულმა ბრიგადამ პაციენტის გარდაცვალება დაადგინა.
რაც შეეხება ოჯახის წევრების განცხადებას, რომ ელექტროსაყინულე დაიორთქლა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განმარტავენ, რომ გარდაცვალების შემდეგ სასუნთქი გზებიდან სხეულში დაგროვილი აირები გამოიდევნება და მოცემული შემთხვევაც სწორედ აღნიშნულ გარემოებას უკავშირდება.
ამასთან, ამირან გოგიტიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა, მისი თქმით, ოჯახის დაჟინებული თხოვნის გამო სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ მამაკაცი კლინიკაში გადაასვენა, სადაც მიმღებშივე დაფიქსირდა, რომ ის გარდაცვლილი იყო.
„ბრიგადა მივიდა გამოძახებაზე და დაფიქსირდა, რომ ადამიანი გარდაცვლილი იყო. ცხედარი ოჯახის წევრებმა მოათავსეს ელექტროსაყინულეში, მინდა განვმარტო რომ ფიზიკური კანონებიდან გამომდინარე, როცა ცხედარს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოათავსებენ ორგანიზმში არსებული აირები სასუნთქი გზების მეშვეობით გამოიდევნება გარეთ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარდაცვლილი ჭარბწონიანი იყო და აირების ოდენობაც მეტი იყო ორგანიზმში. როგორც ჩანს ოჯახის წევრებმა ჩათვალეს, რომ მამაკაცი ცოცხალი იყო და კიდევ გამოიძახეს ბრიგადა. მეორე ბრიგადა მივიდა და ამ ბრიგადამაც გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა. თუმცა იქ შექმნილი ფორსმაჟორული, ეოციური ფონის გათვალისწინებით და ოჯახის მოთხოვნით გვამი კლინიკაში გადაიტანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, მიმღებშივე დაფიქსირდა რომ მამაკაცი გარდაცვლილი იყო, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მთელის ღამის განმავლობაში უტარდებოდა დახმარება, რაც არასწორია“, -განუცხადა „კვირა +“ -ს ამირან გოგიტიძემ.
სხვა სიახლეები