იუბილარ გია ჯაჯანიძეს დღეს მეგობარმა ბავშვობის ოცნება აუხდინა – ტელეწამყვანმა „კვირა +“-ს თავისი ოცნება გაანდო (ფოტო)
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე დღეს 54 წლის გახდა. მან დაბადების დღესთან დაკავშირებით მეგობრისგან განსაკუთრებული საჩუქარიც მიიღო. როგორც ფეისბუქის პირად გვერდზე ტელეწამყვანი წერდა, მას ამ საჩუქრით ბავშვობის ოცნება აუსრულდა. „კვირა + “ დაინტერესდა, რაზე ოცნებობდა ბავშვობაში გია ჯაჯანიძე და რა სანუკვარი საჩუქარი მიიღო მან. როგორც აღმოჩნდა, საჩუქარი, არც მეტი არც ნაკლები, ბავშვობაში ნაოცნებარი ლიმონათი აღმოჩნდა.
„მე ჭიათურაში დავიბადე და გავიზარდე, გვიჭირდა და ამიტომ მარტო ახალ წელს და აღდგომას გვქონდა სახლში ლიმონათი. ბავშვობაში მეგონა, რომ ლიმონათი მხოლოდ აღდგომას და ახალ წელს უნდა დამელია.
ერთხელაც პირველი მაისია და ჩემმა ამხანაგმა თავისთან, სახლში დამპატიჟა, მაშინ მე- 2 კლასში ვიყავი, დედამისი გაგვიმასპინძლდა და გამოიტანა ლიმონათები. მე ძალიან უცნაურად მივიღე, ახალი წელი ხომ არ არის ან აღდგომა-მეთქი, ძალიან გაოცებული, გაღიმებული ვეუბნებოდი, არც მეგონა, მსგავსი რამ თუ შეიძლებოდა. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ მას ყოველთვის ჰქონდა სახლში ლიმონათი. სახლში დაბრუნებისას მთელი გზა იმას ვფიქრობდი, ოდესმე თუ მექნებოდა ერთი ყუთი ლიმონათი. ეს იმხელა ოცნება იყო, ვერც კი წარმომედგინა. ეს ერთხელ მეგობართან მოვყევი და დღეს – დაბადების დღეს საჩუქრად ერთი ყუთი ლიმონათი მომართვა. ისე გამიხარდა, რომ ამეტირა, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ამიტომ დავწერე ასეთი კომენტარი. არავინ იცის, ვის რა უნდა და რაზე ოცნებობს. თურმე რა ადვილია ეს ყველაფერი. ძალიან მინდა ყველას ყველაფერი შეუსრულდეს. მინდა ყველა ბედნიერი იყოს გულწრფელად მართლა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გაჭირვება მაქვს ნანახი“,- განაცხადა გია ჯაჯანიძემ.
იუბილარი ტელეწამყვანის ნატვრა დღეს ბავშვობაში ნაოცნებარი ლიმონათისგან მკვეთრად განსხვავდება. როგორც მან „კვირა +“-სთან საუბრისას აღნიშნა, დღეს ჯანმრთელობას და იმას ინატრებდა, რომ ადამიანები აგრესიულები არ იყვნენ.
„ადამიანები არ უნდა იყვნენ აგრესიულები. შეიძლება ძალიან უბრალოა ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა ყველა კეთილი იყოს. წლებთან ერთად იმასაც მივხვდი. რომ მატერიალური დიდება არაფერი ყოფილა, მთავარია ჯანმრთელობა და ის, რომ ადამინები არ იყვნენ აგრესიულები“, – აღნიშნა გია ჯაჯანიძემ.