იტალიის მთებში 200 მილიონი წლის წინანდელი ათასობით დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს

იტალიის ალპებში, სტელვიოს ეროვნული პარკი-ს ტერიტორიაზე, მეცნიერებმა დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომლებიც დაახლოებით 200–210 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენა,  ბოლო წლების განმავლობაში, პალეონტოლოგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად სახელდება,

სპეციალისტების ინფორმაციით, ნაკვალევი გვიანდელი ტრიასის ეპოქით თარიღდება — პერიოდით, როდესაც დინოზავრები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფებოდნენ. კლდოვან ზედაპირზე შემორჩენილი კვალი მიუთითებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე სახეობის დინოზავრი გადაადგილდებოდა, მათ შორის მტაცებლები და ბალახის მჭამელები.

მეცნიერთა შეფასებით, ეს აღმოჩენა არა მხოლოდ იტალიის, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან დინოზავრის ნაკვალევის კომპლექსად ითვლება. კვლევის ფარგლებში, შესაძლებელია, ტრიასის პერიოდის ეკოსისტემის, კლიმატური პირობებისა და დინოზავრების ქცევის შესახებ ახალი მონაცემების მიღება.

ნაკვალევის დიდი ნაწილი ზედაპირზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ბოლო წლებში ალპებში ყინულისა და თოვლის საფარი მნიშვნელოვნად შემცირდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მსგავსი აღმოჩენები მომავალშიც არის მოსალოდნელი, რადგან კლიმატური ცვლილებები აქამდე დაფარულ გეოლოგიურ ფენებს აჩენს.

აღმოჩენილი ტერიტორია  სპეციალური დაცვის ქვეშ მოექცა და კვლევები საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფების მონაწილეობით გრძელდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები