იტალიამ კარავაჯოს იშვიათი ტილო 30 მილიონ ევროდ შეიძინა

იტალიის ხელისუფლებამ ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრის — მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს იშვიათი ნამუშევარი 30 მილიონ ევროდ შეიძინა. გარიგება ქვეყნის მიერ განხორციელებულ ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ შესყიდვად მიიჩნევა.

საუბარია კათოლიკე სასულიერო პირის — მონსენიორ მაფეო ბარბერინის პორტრეტზე, რომელიც მოგვიანებით რომის პაპი გახდა და ისტორიაში ურბან VIII-ის სახელით შევიდა.

იტალიის კულტურის მინისტრის განცხადებით, ტილოს განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული ღირებულება აქვს. მისი თქმით, ნამუშევრის შეძენა სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანია მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშების ეროვნულ კოლექციებში შენარჩუნება და მათი კერძო კოლექციებში გადასვლის თავიდან აცილება.

ტილო წლების განმავლობაში ფლორენციაში კერძო კოლექციაში ინახებოდა. ფართო საზოგადოებას იგი პირველად რომში, 2024 წელს წარუდგინეს, რამაც ხელოვნებათმცოდნეებისა და მუზეუმების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

ახლა ნამუშევარი უკვე შეტანილია რომში მდებარე ისტორიული სასახლის — Palazzo Barberiniის მუდმივ ექსპოზიციაში. სწორედ ეს სასახლე იყო ბარბერინების ოჯახის ისტორიული რეზიდენცია.

კარავაჯო ევროპული ბაროკოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მხატვრად ითვლება. მისი შემოქმედება ცნობილია სინათლისა და ჩრდილის მკვეთრი კონტრასტის — კიაროსკუროს ტექნიკის ოსტატური გამოყენებით, რომელიც სცენებს განსაკუთრებულ დრამატიზმსა და ფსიქოლოგიურ სიღრმეს სძენს.

მხატვარი, რომლის ნამდვილი სახელი მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო იყო, 1610 წელს, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მან დაახლოებით 65 ცნობილი ნამუშევარი დატოვა, რომლებიც დღეს მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში ინახება.

ამასთან, პორტრეტები მის შემოქმედებაში განსაკუთრებით იშვიათიამკვლევრებისთვის ცნობილია მხოლოდ სამი მსგავსი ნამუშევარი. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ ექსპერტები, რომ იტალიის სახელმწიფოს მიერ ეს შესყიდვა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი გამდიდრებაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები