ისტორიაში პირველად — ამაზონის ფუტკრებს იურიდიული უფლებები მიენიჭათ

ამაზონის ტროპიკულ ტყეში უნიკალური პრეცედენტი დაფიქსირდა — მსოფლიოში პირველად იურიდიული უფლებები მწერებს, კერძოდ, ფუტკრებს მიენიჭათ. საუბარია მელიპონინებზე — თაფლის მწარმოებელ ფუტკრების ტომზე, რომლებიც იმით გამოირჩევიან, რომ თავს ნესტრის ნაცვლად ქვედა ყბებით იცავენ.

გადაწყვეტილება პერუში, ამაზონის რეგიონში მიიღეს და ის ეკოსისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფუტკრის სახეობებს ეხება, რომლებიც მცენარეების დამტვერვაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ.

ახალი სამართლებრივი მიდგომის მიხედვით, ფუტკრების ამ ტომს ოფიციალურად ეძლევათ:

  • არსებობისა და განვითარების უფლება

  • ჯანსაღ და დაუზიანებელ ბუნებრივ გარემოში ცხოვრების უფლება

  • სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუკი მათ ჰაბიტატს საფრთხე დაემუქრება

ეს პირველი შემთხვევაა, როცა მწერები — და არა მხოლოდ ცხოველები ან ეკოსისტემები — სამართლებრივი უფლებების სუბიექტებად აღიარეს.

 ფუტკრები ამაზონის ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი საყრდენია. ისინი მონაწილეობენ ათობით მცენარის დამტვერვაში, მათ შორის კაკაოს, ყავისა და სხვადასხვა ტროპიკული კულტურის, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც ტყის შენარჩუნებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის კვებით უსაფრთხოებას.

ექსპერტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება გარემოს დაცვის გლობალური ტენდენციის ნაწილია, რომელიც ბუნებას არა მხოლოდ რესურსად, არამედ უფლებების მქონე სუბიექტად განიხილავს.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში მსგავსი სამართლებრივი მიდგომა სხვა სახეობებსა და ეკოსისტემებზეც გავრცელდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები