ირმა ცქიტიშვილი: „ვისაც არ გედარდებათ ასაკოვანი ხალხის კოვიდით გარდაცვალება და ეს კანონზომიერი გგონიათ, გახსენებთ, რომ თქვენც დაბერდებით“
პიარისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი ირმა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც აცრაზე უარს ამბობს და კოვიდპანდემიის რეალურობას ეჭვქვეშ აყენებს. ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებაში ანტივაქსერული განწყობები ჭარბობს, ვითარებას მხოლოდ რეგულაციების გამკაცრება და მათი აღსრულების მონიტორინგი თუ უშველის.
„ტრადიციული სტატისტიკა: 5000 -ზე მეტი ინფიცირებული და 80 გარდაცვლილი!
ანტივაქსერების და ურწმუოების რეაქცია ჩვენს ტრაგიკულ ყოველდღიურობაზე:
სიმსივნითა და სხვა დაავადებებით უფრო მეტი ადამიანი იღუპება…
აუცრელებმაც ადვილად გადაიტანეს კოვიდი…
მოხუცები ისედაც კვდებიან…
აცრლების გარდაცვალებას მალავენ…
რატომ არ აქვეყნებთ სხვა დაავადებებით რამდენი ადამიანი იღუპება…
კოვიდის აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი…
არც პირბადე მიკეთია, არც აცრილი ვარ და კოვიდი არ დამმართნია…
კოვიდი და აცრა- ეს არის კომეციული პროექტი და ფულის კეთების საშუალება…
ვინც აიცრა, ყველას დაემართა კოვიდი“!
მე არ ვიცი, ამ ხალხს როგორ უნდა ესაუბრო ან რა კომუნიკაცია უნდა დაუპირისპირო. ეს კატეგორია ჩემი ოჯახის კოვიდ ისტორიებსაც კი სკეპტიკურად უყურებს! ალბათ იმასაც ფიქრობს, რა ანერვიულებდა ერთი – ოთხმოცს გადაცილებული მშობლების ჯანმრთელობაზეო! ჩემი ოჯახის ყველა წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩემთვის უპირველესია, გინდა რვა თვის იყოს და გინდა ოთხმოცის!
მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ და 100 წელი იცოცხლონ!
ხოლო ვისაც არ გედარდებათ ასაკოვანი ხალხის კოვიდით გარდაცვალება და ეს კანონზომიერი გგონიათ, გახსენებთ, რომ თქვენც დაბერდებით (იმედია, 80 წელს მიაღწიოთ) და ზუსტად მაშინ მოგინდებათ სიცოცხლეც და კარგად ყოფნა!
მე აღარ მაქვს იმედი, რომ ეს ურწმუნოები რამეს შეიგნებენ, რეგულაციებს დაიცავენ ან პანდემიის შესაჩერებლად აიცრებიან! ვისაც უნდოდა, ის უკვე აცრილია!
მხოლოდ რეგულაციების გამკაცრება და მათი აღსრულების მონიტორინგი თუ უშველის ამ ქვეყანას!
მტერს არ ვუსურვებ კოვიდით ინფიცირებას და მთელი გულით ვუსურვებ ყველას ჯანმრთელობაა!
#ავიცრათერთმანეთითვის #აცრაგვიცავს“,- წერს ირმა ცქიტიშვილი.