ირანელ დეპუტატ ქალს – მინო ხალეგის დავების მოგვარების კომიტეტმა სადეპუტატო მანდატი ჩამოართვა, – ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევის მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ფოტო გახდა, რომელზეც დეპუტატი ჰიჯაბის გარეშეა გადაღებული. ქალი, სავარაუდოდ, ევროპაში მოგზაურობისას ჰიჯაბს ასევე არ ატარებდა. ფოტოს გავრცელების შემდეგ კონსერვატორები დეპუტატს „ერის ღალატში“ ადანაშაულებენ.
თავად ხალეგიმ კი განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ხაზი გაუსვა იმას, რომ ისლამის ტრადიციების ერთგულია. რაც შეეხება სურათებს, დეპუტატი ქალის მტკიცებით ფოტოები ყალბია. მან უკვე უჩივლა იმ პიროვნებას, რომელმაც ფოტოსურათები ინტერნეტში გაავრცელა. მამაკაცი კომიტეტის სხდომამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს ირანის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ჰასან როუჰანმა ქალი პოლიტიკოსების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „პირველად მოხდა ასე, რომ გვყავს 18 ქალი პარლამენტარი . ეს რეკორდია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის ქალბატონები ყველა სფეროში მუშაობენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი პოლიტიკაში არიან”.
Next Post
სხვა სიახლეები