1. არასოდეს უნდა გამორიცხო, რომ შენ აბსოლუტურად ცდები და სხვები აბსოლუტურად მართლები არიან.
2. ჭეშმარიტი მიზანი თვითონ გზაა და არა ის მიმზიდველი სატყუარა, რომელიც კვლავ წინსვლას გაიძულებს.
3. ხელების მოძრაობა იმისათვის არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღას გაუსწრო. შენ და ტალღა ერთი ხართ. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ მიგიყვანს იქ, სადაც მიდის. მიჰყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.
4. მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი.
5. მე სხვა გზით წავედი, ანუ არანაირი გზა არ ავირჩიე, თვით გზებს მივეცი ჩემი აქეთ იქეთ ტარების უფლება.
6. არასოდეს არ მყოლია მეგობრები, ეს სულ დროებითი ხალხია. როგორც წესი მერე თორმეტკაციანი გუნდი თავისას ჩაიდენს, თუ დროზე არ დაუსხლტი ხელიდან, იმას გიზამენ რაც საწყალ იესოს უქნეს.
7. ჭეშმარიტი გმირობა გმირობაზე უარის თქმაა.
8. ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა, ისე უნდა გაანათო, რომ დაბნელდეს, ისე უნდა იცხოვრო, რომ მოგკლან, ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო.
9. სინამდვილეში სიკვდილი დიდი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე.
10. მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი.
11. დაე, სხვა გემები მორეკოს წყალმა, გემუდარებით იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ!
12. მე ყოველთვის იქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახიან მიწას… სულ ეს არის და ეს.
13. სიჩუმისადმი გაუწონასწორებელი დამოკიდებულება კაცობრიობის ყველაზე დიდი უბედურება იყო.. სიჩუმესთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, პირიქით უნდა შეურიგდე, მიყვე მას, თუ გსურს ცოტახნით მაინც გახდე იმის მოწმე, თუ როგორ იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება.
14. ხალხი ღიზიანდება, როდესაც მეფეს ირქმევ, მაგრამ ხალხი ყოველთვის გაღიზიანებულია, როცა პოპულარული ხარ, ამიტომ დიდი განსხვავება არაა მეფეს დაირქმევ თუ არა, ვიღაც ყოველთვის შენს წინააღმდეგ იქნება, ამიტომ სჯობს მეფეს ებრძოდნენ, ვიდრე ირაკლი ჩარკვიანს!
15. ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცო
ცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია როგორც მონობა, ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია.
16. მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს, საიდანაც ყველაფერი მოჩანს.
17. სიმართლე სჯობს ნაკლებმა ხალხმა იცოდეს, რადგან ის ცხვირზე ამოსულ მუწუკს ჰგავს, რომელიც სწორედ მაშინ ამოდის, როცა წვეულებაზე ხარ დაპატიჟებული.
18. რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო.
19. ყველაზე მთავარი რაც მარტოობაში ვიგრძენი, ის არის რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული აღარასოდეს მიმატოვებს.
20. კაიფში ყოფნა შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნას გავს და ამიტომ, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმეტესობა სიცოცხლის ბოლომდე ცდილობს მოიტყუოს თავი, რომ სიყვარული არსებობს.
21. ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეა
22. დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!
23. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.
24. თუ მართლა ბედნიერი გინდა იყო, არ უნდა ატეხო ბრძოლა ბედნიერებისთვის
25. ჭეშმარიტი დაბადება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ არის შესაძლებელი, განსაკუთრებით კი ჩვენს კავკასიურად შემოსაზღვრულ წრეში, სადაც სიკვდილი ერთადერთი ბილეთია საყოველთაო სიყვარულის სპექტაკლზე
26. გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას
27. მოკვდი, მოკვდი, მოკვდი, რომ გახდე თვითონ შენი თავი!