ინფექციონისტის განცხადებით, ყუნწიანი მარწყვით ტორტის მორთვა ადამიანის დაავადების მიზეზი შეიძლება, გახდეს
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, ხილ-ბოსტნეული თუ გამდინარე წყალში კარგად არ გაირეცხა, ის ბაქტერიების გადამტანი ხდება. ის მსგავს საშიშროებას ყუნწიანი მარწყვით ტორტის მორთვაშიც ხედავს. ბუწაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ზოგი ახირებად მითვლის, მაგრამ წლებია, მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადექვატურად გაირეცხოს. აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობის, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა ხოლმე. ახლა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კონტექსტში არ ვწერ ამას, ჩვეულებრივ ბაქტერიებს ვგულისხმობ, რომლებიც ადვილად აინფიცირებს ადამიანს, თუ ხილი და ბოსტნეული კარგად არ არის გარეცხილი გამდინარე წყლით. ასევე ადვილად მრავლდება ბაქტერიები კრემში და სერიოზულ დაავადებებს იწვევს (საკვებისმიერი ინფექციები). არაერთხელ გამიგია, რომ ადამიანი მარწყვმა “მოწამლა”. ასევე, ხშირია კრემიანი ნამცხვრებით “მოწამვლის” შემთხვევებიც.
მოკლედ, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, როდესაც ადამიანებმა ისეთი უცნაური და არასაჭირო ქცევა დაიწყეს, როგორიცაა პროდუქტების შეფუთვების დეზინფექცია და ხილისა და ბოსტნეული საპნით რეცხვა, ყუნწიანი (ანუ, ფაქტობრივად, ცუდად გარეცხილი) მარწყვი თავმომწონე ტორტზე კიდევ უფრო გასაკვირია“, – წერს ბუწაშვილი.