“ინტიმურ საქმემდე მისულ წყვილს ოთხი დეპუტატი და 50-მდე პოლიცია დაადგა თავზე” – რა კურიოზულ ისტორიას ყვება სერგი კაპანაძე
“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში გუშინდელ კურიოზულ ისტორიას ყვება.
მისი თქმით, შეშაზე “მონადირეობის” თავგადასავალი, ახალგაზრდა წყვილისთვის სავარაუდოდ რომანტიკული საღამოს ჩაშლით დასრულდა.
”ევროპული საქართველოს” სახელით ბოდიშს ვუხდით ორ ახალგაზრდას…
ანუ, გუშინ, ხომ იყო საგიჟეთი. შეშაზე და წალამზე ნადირობდა მთლიანად პოლიცია. რაციებით გადასცემდნენ “ორი ერთეული შეშა ამოვიღეთ ჯორჯაჯის ქუჩიდანო” და ეგეთ საგიჟეთებს. რამდენიმე შეშა დეპუტატებს წაართვეს. წალამზე ბოკერია დააკავეს ცოტა ხნით…
ჰოდა, ერთ მომენტში ორი შეკვრა წალმით (რომელიც 6 წუთში იწვება ბოლომდე) დატვირთული (!) ევსაქების ოთხი დეპუტატით აღჭურვილი ორი მანქანა დაიძრა თავისუფლების მოედნისკენ გათბობის უსახიფათოესი აქტის განსახორციელებლად, სადაც მათ აედევნა პოლიციის 5-მდე მანქანა. ჩვენებმა იფიქრეს, თავგზა ავუბნიოთ შეშაზე მონადირეებსო და აუხვიეს ტაბიძეზე, სადაც მათ პოლიციის მანქანებმა გადაასწრეს და ინგოროგყვაზე ასახვევი გზა გადაუკეტეს. ჩვენებმა გზა გააგრძელეს დავითაშვილისკენ… როგორც ჩანს, პოლიციამ იფიქრა, საშიში შეშით დატვირთული დეპუტატები ივანიშვილის ძილის მყუდროების დარღვევას აპირებენო და ათამდე მანქანამ გადაასწრო ჩვენს ორ მანქანას და ბიძინას სახლისკენ ასახვევი გაამაგრეს მყისიერად… კორდონი შეკრეს და ივანიშვილების ოჯახის სიმყუდროვე უზრუნველყვეს. ჩვენებმა მშვიდად განაგრძეს გზა ზემოთ, წავკისისკენ.
პოლიციამ, როგორც ჩანს, იფიქრა, რაღაც უმზაკვრესი, ჯერ კიდევ ამოუხსნელი აქვთ ჩაფიქრებულიო და ათამდე ეკიპაჟი დაედევნა და ბოლოს გააჩერეს ჩვენი დეპუტატები სადღაც ზემოთ, თბილისის თავზე…
ამავე დროს იქვე იდგა ერთი სხვა მანქანა… სადაც, როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა წყვილი მისცემოდა თავის ინტიმურ, ან ინტიმურამდე ჯერ არმისულ მშვიდობიან და სასიამოვნო საქმეს… ქალაქის ხმაურისგან განმარტოვება ნდომებიათ ახალგაზრდებს. იფიქრეს ამაზე კარგ ადგილს რას ვნახავთო…
ჰოდა დაატყდათ თავზე ოთხი დეპუტატი და 50 მდე პოლიცია…
ჰოდა, მოკლედ ბოდიში ამ ახალგაზრდებს. იმედია, რამე გამოუსწორებელი ტრავმა არ მიადგათ.
Irakli Abesadze-ის მონათხრობის მიხედვით…”,-წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.