ინტიმური წინასწარმეტყველება

გამარჯობა, მგზავნელებო. თინეიჯერი არ გეგონოთ, 36 წლის ქალი ვარ. მეც მინდა ჩემი არც ისე ჩვეულებრივი ამბავი მოგიყვეთ…
წლების წინ ჩემი ქმარი შინ გახარებული მოვიდა და მითხრა, იცი, ამ შემოდგომაზე რაღაც ქონებას შევიძენთ და მანქანასაც ვიყიდითო. გამიკვირდა, რადგან არც ისე დიდი შემოსავალი გვქონდა, რომ ასეთ ფუფუნებაზე გვეოცნება. თავი ძლივს გაგვქონდა თვიდან თვემდე. გამეცინა. ვკითხე, საიდან გაქვს ასეთი ინფორმაცია-მეთქი? მკითხავმა მითხრაო. ძალიან გამიკვირდა, რადგან არ იყო ის ტიპი, მკითხავების რომ სწამთ, მაგრამ ხელი ჩავიქნიე.
იმ წლის ოქტომბერში ჩემი ქმრის ბიცოლა გარდაიცვალა (ბიძა დიდი ხნის მკვდარი იყო), რომელსაც გადაუწყვეტია, რომ თავისი ქონება ჩვენთვის დაეტოვებინა (შვილი კი ჰყავდა, მაგრამ წლები იყო, ამერიკაში ცხოვრობდა და დედას ყურადღებასაც არ აქცევდა) – ყველაზე მეტად მაგათ უჭირთო. ეს ამბავი რომ გავიგე, ლამის გულის შეტევა დამემართა. მისი ქონება თბილისის პრესტიჟულ უბანში 4-ოთახიანი ბინა და წყნეთში – კოხტა აგარაკი გახლდათ. აგარაკი, რა თქმა უნდა, დავიტოვეთ, ბინა 150 ათას დოლარად გავყიდეთ, სხვაგან 3-ოთახიანი ბინა (მეორე შვილისთვის) და მანქანა ვიყიდეთ და იმდენი ფულიც

დარჩა, რომ ჩემმა ქმარმა სოფელში ბიზნესი წამოიწყო – მსხვილფეხა პირუტყვისა და ღორების ფერმა გააკეთა და გაუმართლა კიდეც. წყნეთის აგარაკს ზაფხულობით ვაქირავებთ და გვარიანი შემოსავალი გვაქვს იქიდანაც. ვიდრე ჩემი ქმარი ამ ყველაფერს გააკეთებდა, წარამარა დადიოდა მკითხავთან და რჩევას ეკითხებოდა. ვერაფრით დავაცდენინე, ვინ იყო ის მკითხავი.
გავიდა ხანი… ერთ დღეს შინ მთვრალი დაბრუნდა და გამოაცხადა, ერთ თვეში ჩვენი შვილი გათხოვდებაო. ხან აქედან მოვუარე, ხან – იქიდან და როგორც იქნა, ვათქმევინე, მკითხავის ვინაობა. თურმე, ის ქალი მეძავი ყოფილა და წინასწარმეტყველებაც შეეძლო, თუმცა ყველა მამაკაცს ვერ უწინასწარმეტყველებდა მომავალს. ზოგიერთის გამო ხილვა ეწყებოდა და სწორედ მათ რასაც ეუბნებოდა, ის ახდებოდა ხოლმე. თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ მერე შვილები დაიფიცა და ვირწმუნე. ჩვენი ქალიშვილი მართლაც ერთ თვეში გათხოვდა და საბოლოოდ დავრწმუნდი იმ ქალბატონის მაგიურ ძალაში. არც ჩემი ქმრისთვის დამიშლია მასთან სიარული, რადგან სიკეთის მეტი არაფერი მოუტანია ჩვენთვის. ახლა სადღაც დაიკარგა და დავრჩით ინფორმაციის გარეშე. თუ წაიკითხავს, შეგვეხმიანოს. პატივისცემით, ინგლისურის მასწავლებელი.

 

წყარო: www.gzapress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები