ინტერვიუ ჯასპერ ბლექთან – მსურს, ვნახო ყველაფერი, რასაც საქართველო მთავაზობს​

​ჯასპერ ბლექი ის მე-6 000 000-ე სტუმარია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო. მისთვის ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მის ცხოვრებაში მოხდა ის, რასაც არ ელოდა. ამ მოვლენებმა ახალი ქვეყანა კიდევ უფრო შეაყვარა და მისი ბოლომდე აღმოჩენის სურვილი აღუძრა. სწორედ ამიტომ, ჯასპერ ბლექი საცხოვრებლად საქართველოში გადმოსვლას აპირებს. ის საკუთარ გეგმებსა და პრემიერთან შეხვედრის შესახებ, საზოგადოებრივთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს აღმოსაჩენად ერთი კვირა ნამდვილად არაა საკმარისი, ამიტომ დღეიდან მისი ახალი თავგადასავალი ჩვენს ქვეყანაში დაიწერება.
ჯასპერ ბლექი: “​რატომ მსურს საქართველოში ცხოვრება? – მე ვემზადები ახალი თავგადასავლებისათვის. თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანაზე შეყვარებული ვარ და მსურს ვნახო ყველაფერი, რასაც საქართველო მთავაზობს. საქართველოს გასაცნობად ერთკვირიანი ტური ნამდვილად არ არის საკმარისი. შესაბამისად, აქ ვაპირებ ცხოვრებას.
– ჯასპერ, როგორია შენი გეგმები? რის გაკეთებას აპირებ საქართველოში?
– რას გავაკეთებ საქართველოში და რა არის ჩემი გეგმები? – ჯერჯერობით, არც მე არ ვიცი. ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ცხოვრების დინებას მიჰყვება და ელოდება რა მოხდება. ვფიქრობ, გეგმები არ ტოვებს ადგილს მიიღო მშვენიერი და საინტერესო გამოცდილება ცხოვრებისაგან.
– საქართველოში პოპულარული ერთ დღეში გახდი და ყველამ შეგიყვარა. სოციალურ ქსელში გამოხმაურებებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. რა გრძნობა იყო ეს?
– ​ძალიან უცნაური გრძნობაა, როდესაც ერთ დღეში ცნობილი ადამიანი ხდები, თანაც შენი საცხოვრებლისგან ძალიან შორს.
– ზოგი დღემდე ფიქრობს, რომ ეს ვიდეო წინასწარ დადგმული იყო და სულაც არ იყო სიურპრიზი. ამაზე რას იტყვი?
– ​არ ვიცი, რა ვთქვა. ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო. მესმის, რთულია ამის დაჯერება. ეს გრძნობა მეც არ მქონდა გამოცდილი, სანამ ეს ამბავი არ მოხდებოდა.
– როგორი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რაზე ისაუბრეთ?
– მინისტრთან შეხვედრის დროს ძირითადად ოჯახზე, მოგზაურობასა და საქართველოზე ვსაუბრობდით. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია.
– როგორც ვიცი, სოციალურ ქსელში ქართველებთან აქტიური კომუნიკაცია გაქვს. რას გწერენ ხოლმე და როგორ ამყარებ მათთან ურთიერთობას?
​- დიახ. სოციალურ ქსელში ქართველებთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს. ვცდილობ ყველა მათგანს ვუპასუხო. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გზავნილები ვიდეოს გავრცელების პირველ დღეებში მოდიოდა. სასიამოვნოა, რომ ქართველების უმრავლესობამ ინგლისური იცის და ენის მასობრივი ბარიერი არ არსებობს.

წყარო: http://1tv.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები