ინტერვიუ ჩეხეთის მოქალაქესთან, რომელმაც დაამარცხა კორონავირუსი, ნახევარი საქართველო კარანტინში მოაქცია და გაკოტრდა
უცხოური მედია ჩეხეთის მოქალაქის, რომან კოზელკას ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ალპინისტი კოზელკა დეტალურად საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩნდა მას კორონავირუსი საქართველოს მთებში ყოფნის დროს.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ალპინისტების გიდი, რომან კოზელკა საქართველოს მთებში იმყოფებოდა. ქართველებმა, ჩეხეთის ინფიცირებული მოქალაქის გამო, მთელი დაბლობი გადაკეტეს. ალპინისტი და ბიზნესმენი, რომან კოზელკა გამოჯანმრთელდა, 12 კილოგრამი დაიკლო კორონავირუსთან ბრძოლის დროს, გაკოტრდა და, კარანტინის დასასრულ, მიღებული ნეგატიური ტესტის შემდეგ, ოჯახს დაუბრუნდა.
როდესაც ჩეხეთში ტურისტული სააგენტოს მფლობელმა, რომან კოზელკამ კორონავირუსის დიაგნოზის შესახებ შეიტყო, ქართველებს დაუყოვნებლივ მოუწიათ გუდაურში რესტორნების დახურვა და 160 ადამიანის კარანტინში მოქცევა. დღეს კოზელკა უკვე განიკურნა. ორშაბათს მან მიიღო მეორე, საკონტროლო ტესტის პასუხი: ნეგატიური. დატოვა ბინა, რომელშიც იზოლაციის პირობებში სამი კვირა დაჰყო და დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ განაგრძოს ცხოვრება. კორონავირუსის შემდეგ ცხოვრება იცვლება. რომან კოზელკას ვირუსის სიმპტომები საქართველოში გამოუვლინდა (დაინფიცირების ქვეყანა უცნობია), მაგრამ ოდესმე ჩაიყვანს თუ არა იქ ალპინისტებს და ჩაატარებს თუ არა თავისუფალ ტურებს, უცნობია, რადგან მისი ბიზნესი გაკოტრდა.
– როდესაც თქვენს კლიენტებთან ერთად საქართველოში მიემგზავრებოდით, იცოდით კორონავირუსის გავრცელების შესახებ?
– დიახ, ჩვენ ვიცოდით, თუ რა ვითარება იყო ჩინეთსა და აზიაში. ევროპაში კორონავირუსი ფეხს იკიდებდა. საქართველოში, დაახლოებით, სამი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებებში საქართველოზე საერთოდ არ საუბრობდნენ. ყოველი მოგზაურობისას ჩვენ ვხელმძღანელობდით ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებით. რისკის ქვეშ ადამიანებს არასდროს ვაყენებდი. გუდაურში პირველად 25 თებერვალს გავემგზავრეთ და 29-ში უკან დავბრუნდით. მეორე ჯგუფთან ერთად საქართველოში 3 მარტს დავბრუნდი და 10 მარტამდე დავრჩი.
– მეორე ტური საბედისწერო აღმოჩნდა. იგრძენით, რომ რაღაც არ იყო რიგზე?
– თავიდან ჩვეულებრივ რეჟიმში სკაი-ალპინისტების ტურებს ვატარებდით, თხილამურზე ვსრიალებდით, რესტორნებში დავდიოდით. ზვავ-საშიშროება გაჩნდა და ამიტომ უფრო მარტივ ტრასებს ვირჩევდით. 7 მარტს ავად გავხდი, სიცხე მქონდა და მამცივნებდა. “პანადოლი” და “იბალგინი” დავლიე და ორ დღეს სახლიდან არ გავსულვარ. ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპი იყო. სასტუმროში კორონავირუსის შესახებ რაღაც წავიკითხე. თავში გამიელვა, რომ ბევრი ვიმოგზაურე და ბევრ აეროპორტში ვიყავი… პრევენციის სახით, ანტიბიოტიკი “სუმამედი” მივიღე, რომელსაც თან დავატარებ, რადგან სუნთქვა მეკვროდა და პნევმონიის შემეშინდა – სიმაღლის სიმპტომები დამემართა. მეორე დღეს თავი უკეთ ვიგრძენი. სამწუხაროდ, მეორე დღისთვის ვერ მოვძებნე ლიცენზირებული, ადგილობრივი ალპინისტების გამცილებელი. არ მინდოდა, კლიენტებისათვის დასვენ3ბა გამეფუჭებინა და მათთან ერთად სკაი-ალპინისტების ტურზე წავედი. მალე სუნთქვა შემეკვრა, ძალიან ცუდად გავხდი.
– ქართველ ექიმებს დაუკავშირდით?
– საქართველოში ჩამოსვლის დროს სიცხე გაგვიზომეს, თუმცა არცერთს აღმოგვაჩნდა. გამიკვირდა, რომ საქართველო, ამ ხრივ, ჩეხეთს უსწრებდა. როდესაც გამოვფრინდით ჩეხეთიდან, ჩვენთვის სიცხე არავის გაუზომია. იმ დღეს სიცხე არ მქონია, მთელ დღეს ვიზომავდი და საერთოდ, თავს კარგად ვგრძნობდი. საქართველოში პირველი შემთხვევა დაუფიქსირდა მამაკაცს 26 თებერვალს, როდესაც ის ირან-აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოვიდა. დღემდე, საქართველოში 100 დაინფიცირებული გამოვლინდა, აქედან 18 გამოჯანმრთელდა და არავინ გარდაცვლილა. 30 მარტიდან საქართველოში გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი და “კომენდანტის საათი”. საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე არავის აქვს გარეთ გასვლის უფლება. 70 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს საერთოდ აეკრძალათ გარეთ გასვლა და პროდუქტებით მათი მომარაგება სახელმწიფოსა და თვითმმართველობებს დაევალათ.
– რა ზომები მიიღეთ ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ?
– ჩეხეთში ჩამოფრენისთანავე ჯგუფის წევრებს ვთხოვე, კარანტინში დარჩენილიყვნენ, სანამ ჩემს მდგომარეობას დავაზუსტებდი. ჩემ გარდა ყველა კარგად გრძნობდა თავს. აეროპორტში საინფორმაციო სამსახურს დავუკავშირდი და სასწრაფო დახმარების მანქანა გამომიგზავნეს. რადგან საქართველოს რისკიჯგუფში არ შედიოდა, ტესტი არ გამიკეთეს და სახლში გავემგზავრე. 10 მარტს გავიარე კონსულტაცია მთავარ ეპიდემიოლოგთან და გადაწყდა, რომ ტესტს კვლავ არ ჩამიტარებდნენ. თუ უარესად გავხდებოდი, უნდა დავკავშირებოდი. თუმცა, უფრო ცუდად არც ვიცი, როგორ უნდა ვყოფილიყავი. გადავწყვიტე, დამეწერა წერილი ეპიდემიოლოგის სახელზე, სადაც ავხსენი, რომ ვიყავი ავსტრიაში, საქართველოსა და ისრაელში და დაინფიცირების ბევრი წყარო გამოვიარე. საბოლოოდ, გამიკეთდა ტესტი და 24 საათში შემატყობინეს, რომ პასუხი პოზიტიური იყო. ავადმყოფობის მთელი პერიოდი სახლში მარტო ვიყავი. ექიმს ელექტრონული ფოსტით ვატყობინებდი ჩემი მდგომარეობის შესახებ. მისგან მაქვს ინფორმაცია, თუ რამდენ ხანს უნდა ვიყო კარანტინში, როგორ დავალაგო სახლი, მანქანა და ასე შემდეგ. როგორც კი გავიგე, რომ კორონავირუსი მქონდა, მაშინვე დავურეკე ყველას, ვისთანაც ბოლო პერიოდში კონტაქტში ვიყავი. ერთ სლოვაკსაც აღმოაჩნდა დაავადება, მაგრამ ტესტის გაკეთება დამოუკიდებლად მოუწია ისევე, როგორც – მე. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მაინც მიმაჩნია, რომ ჩეხური მედიცინა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
– საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის, პეტრ მიკისკას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რომან კოზელკას შემთხვევასთან დაკავშირებით, პროფესიონალურად იმოქმედა:
– პირადად მე საქართველოს საგარეო უწყებამ მთხოვა, დამედასტურებინა კორონავირუსზე ტესტირების შედეგი, რაც არ იყო მარტივი. ჩეხეთის რესპუბლიკაში არ არსებობს დაინფიცირებულთა საერთო რეესტრი და შაბათ-კვირას ინფორმაციის მოპოვება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ჯანდაცვის მუშაკებთან პირადი კონტაქტების გარეშე, ორშაბათამდე არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ამაზე იყო დამოკიდებული მომდევნო ნაბიჯები და შესაძლოა, დაავადების გავრცელებაც. საქართველოს უწყებები, ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაუკავშირდნენ ყველას, ვისთანაც კი ჩეხ ტურისტს ჰქონდა შეხება და, პრაქტიკულად, ერთ დღეში მიიღეს, ეკონომიკური თვალსაზრისით, მტკივნეული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ გუდაურში უამრავი უცხოელი დამსვენებელი იყო, მათ დაასრულეს სათხილამურო სეზონი. შემიძლია, თავს მივცე უფლება და აღვნიშნო, რომ პრინციპული ნაბიჯები მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანაში, ჯერჯერობით, დაავადების დაბალი მონაცემი შენარჩუნებულიყო და ქვეყანას ჰქონოდა დიდი შანსი ეპიდემიასთან ბრძოლაში.
საქართველოს ჯანდაცვა სწრაფად მოქმედებს და წინასწარ იჭერს თადარიგს. საქართველოს ჯანდაცვა, მიუხედავად პროგრესისა, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნება, საზღვარგარეთიდან და მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკიდან გაწეული დახმარების გარეშე, რთულად გაართმევდა თავს კორონავირუსთან ბრძოლას. საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, არის პირბადეებისა და ფილტვების ვენტილატორების ნაკლებობა. ტარდება მკაცრი ღონისძიებები და, როგორც ჩანს, სწორი მოდელი იქნა არჩეული. მთავრობა ცდილობს, რომ არ მოხდეს სრული ეკონომიკური ვარდნა მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგი და ხარჯები იქნება უდიდესი. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ფუნქციონირება საქართველოში შეზღუდულია. ყველაფერი მუშაობს ჩეხი მოქალაქეების დასახმარებლად, ასევე, ხდება ვითარების მონიტორინგი და კოორდინებული მუშაობა. ყველას გვჯერა, რომ პანდემიას ჩეხეთის რესპუბლიკაში და, ასევე, საქართველოში, დავამარცხებთ.
– როდესაც დაგიდგინდათ დაავადება, ვის შეატყობინეთ საქართველოში?
– მივხვდი, რომ ქართველებს ჩემზე გაბრაზების საბაბი ნამდვილად ჰქონდათ, ვინაიდან ჩემ გამო პრობლემები შეექმნათ, მაგრამ გონებამ გაიმარჯვა გრძნობებზე, მე ხომ არაფერი არ დამიშავებია და ვიგრძენი, რომ მქონდა ვალდებულება, მათთვის ამის შესახებ მეცნობებინა. დავუკავშირდი სასტუმროსა და ტაქსის მძღოლს. ძალიან სწაფად დამიკავშირდნენ ქართული უწყებები. საქართელოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა დეტალურად გამომკითხა ინფორმაცია. გავაგზავნე ყველა კონტაქტი, რომელიც საქართველოში მქონდა, ტაქსების ჩათვლით, ასევე, რესტორნებში გადაღებული ფოტოები. ბერიც კი გაგვახსენდა, რომელსაც მონასტერში ვეწვიეთ. ქართველები, ჩემი ინფორმაციით, ძალზე გულდასმით ატარებდნენ ტესტირებას. 150 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს იმ რესტორნების თანამშრომელთა ჩათვლით, სადაც ჩვენ ვიყავით. ასევე, ის ბერიც, რომელმაც მომწერა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
– დღეს, როდესაც „თავისუფლებაზე გამოხვედით”, რას გეგმავთ?
– მყავს ორი პარატა შვილი. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ შვილებსა და მეუღლეს. ფეხები, ხელები მაქვს და რაღაცნაირად თავს გავიტან. თავდაპირველად, რთული იქნება ეს ყოველივე.
სტატიის ავტორი: პეტრა პროხაზკოვა
წყაყრო: https://pia.ge