“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია „ფორბსის“ ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე:
– ველოსიპედის ტარება თუ იცით? როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?
– ველოსიპედით დავდივარ თბილისის ველობილიკებზე-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ, ასე კარგად არ ვიცი, მაგრამ ბავშვობაში, მეზობლის ბავშვებთან ერთად, ეზოში „ვკატაობდი“ ხოლმე. მგონი, მათგან ვისწავლე.
– ცურვა თუ იცით? როდის ისწავლეთ და სად?
– აუ, არ ვიცი და 2020 წლის გეგმებში შედის.
– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი?
– დენდი.ვგიჟდებოდი მარიოზე.
– მუსიკას რისი საშუალებით უსმენდით?
– ჩემს ბავშვობაში იყო პაწაწუნა რადიოები, არ ვიცი, რა ერქვა. მხოლოდ ყურსასმენებში ისმოდა ხმა და ეს ყურსასმენები ნახევარ საათში ერთხელ ფუჭდებოდა.
– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?
– დიდი სათამაშო ძაღლი მყავდა ხელფეხიანი, რომელსაც ყოველდღე ნემსებს ვუკეთებდი და მერე ვაშრობდი.
– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია აღარ მიგირთმევიათ?
– კერძი? აუფ… კერძი არ ვიცი, არ მახსოვს. მაგრამ ბავშვობის გემოებიდან donald-ის შოკოლადი მახსენდება და რაღაც საშინელი წითელი მამალოები.
– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს?
– მაშინდელ და ახლანდელ ბავშვებს შორის იმდენად დიდი სხვაობაა, რომჩემს შვილს აზრადაც არ მოსდის იმის გაკეთება, რაც მე მომწონდა, ამიტომ შედარება ცოტა მიჭირს. ზოგადად, რაც მახსენდება, რომ მიშლიდნენ და მწყინდა, ვცდილობ, იქიდან ჩემს შვილს არაფერი დავუშალო და პირიქით, ბევრი რამე მასთან ერთად გავაკეთო.
– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?
– ტომი და ჯერი, დღესაც მიყვარს.
– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?
– ასტრიდ ლინდგრენის „ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“. ყოველ შემთხვევაში მაშინ სქელტანიანად ეს მომეჩვენა.
– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?
– „თოვლის გუნდა“ და „ბიძია თომას ქოხი“.
– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?
– დიდხანს და რამდენიმე ეტაპად გაგრძელდა ჩემი ვარსკვლავებზე შეყვარებულობის პერიოდი. პირველი ლეონარდო დიკაპრიო იყო „ტიტანიკის“ გამოსვლის შემდეგ. თუ სწორად მახსოვს, მაშინ მეოთხე კლასში ვიყავი. უამრავი პლაკატი მქონდა, დღიურებში ჩაკრული მისი ფოტოები და ჟურნალებიდან ამოჭრილი ინტერვიუები. მერე ემინემი მიყვარდა და ბოლოს, მგონი, ენრიკე იგლესიასი.
– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?
– ბაღიდან. ბაღში მყავდა ჯგუფელი შოთიკო, რომელიც ყოველდღე ეტირებოდა დედას და მეც ყოველდღე თავზე ხელს ვუსვამდი და ვამშვიდებდი ხოლმე. ეს კადრი მახსოვს პირველი.
– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?
– წრეშიბურთი და რეზინობანა.
– სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?
– კი, ძალიან და არ მახსოვს, რამე მომეგონებინოს სკოლის გასაცდენად. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა სკოლის ნაცვლად რომელიმე მეგობართან ავსულვართ.
– როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული, რა ტყუილითდაგიძვრენიათ თავი?
– ყველა ამბავში ყოველთვის ზედმეტად პირდაპირი ვიყავ, არაფერს არ ვიგონებდი, ვამბობდი, რომ, უბრალოდ, არ მინდოდა და არ გავაკეთე.
– ამოჩემებული კაბა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?
– ჯინსის კაბა-კომბინეზონი იყო ჩემს ბავშვობაში „ტრენდული“, ყველას ეგ გვეცვა.
– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ? ფოტოც ხომ არ გაქვთ?
– „ტრილიაჟზე“ იდო ხოლმე უამრავი „საკრასკავი“,ბევრი ფერის ჩრდილითა და ტუჩსაცხით, უსაყვარლესი საქმიანობა იყო მის რბილ სკამზე დაჯდომა და სახისა და თვალების ნაირფერად მოხატვა. ფოტოები, სამწუხაროდ, არ მაქვს.
– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?
– ლექსებს რომ ამბობს ხმამაღლა და გამოთქმით. თან ძალიან ბევრი ლექსი ვიცოდი და უცნობთან თუ ნაცნობთან ყველასთან ვავლენდი ამ ჩემს „უკიდეგანო შესაძლებლობას“.
– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?
– ჩვენი თაობის გოგოები ორ ნაწილად იყოფიან – ვინც ცეკვაზე დადიოდა და ვინც მუსიკაზე დაჰყავდათ და რაც მთავარია, სურვილი არ იყო გადამწყვეტი. აუცილებლად უნდა გევლო რომელიმეზე. მე მუსიკაზე დავდიოდი და, საბედნიეროდ, მხოლოდ 3 წელი.
– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?
– გააჩნია, როდის როგორ ხასიათზე ვიყავი,თუმცა ბუნტისთავი – უფრო ნაკლებად.