“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია გადაცემა “დღის პოსტის” პროდიუსერი ლინკა რამიშვილი:
– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?
-ბავშვობიდან კარგად ვმართავ ველოსიპედს, იმდენად პატარა ვიყავი, როცა ვისწავლე, რომ ასაკი ნაღდად არ მახსოვს. მამაჩემმა იზრუნა იმაზე, რომ მართვა მესწავლა.
-ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?
-ცურვაც ძალიან პატარამვისწავლე, ბებიაჩემის ეზოშია ვაკის აუზი და ეზოდან პირდაპირ აუზში ვხტებოდი. მოკლედ, კარგად ვცურავ.
-რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი – დენდი, სონი, სეგა თუ პანასონიკი?..
-ჩემი პირველი კომპიუტერი იყო დენდი.
-მუსიკას რითი უსმენდით?
-„პრაიგრივაწელში“ და სონის „ვოლკმენში“, დაჭეჭყილი „ბატარია“ და ფანქარი სულ მქონდა მზად. კასეტები და ვინილის დისკები ბევრი გვქონდა ოჯახში.
-გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?
-მამაჩემმა მოსკოვიდან ჩამომიტანა ტანკი, ავტომატი და დასაქოქი მტრედი, რომელიც გამიფრინდა და ეს მახსოვს განსაკუთრებით.
-ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ?
-აუ, ვერ ვიხსენებ. ალბათ, ფაფა, მაგრამ არც მაშინ მიყვარდა.
-რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს?
-ჩემს შვილებს არ ვუკრძალავ გვიან დაძინებას და ეზოში დიდხანს თამაშს.
-რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?
-„თოვლის გუნდა“.
-რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?
-„ტომ სოიერის თავგადასავალი“.
-წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?
-წიგნი, რომელზეც პირველად ვიტირე და დღემდე მეტირება „მატეო ფალკონეა“. მულტფილმი, ალბათ, ისევ „თოვლის გუნდა“, არ მახსოვს.
-ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?
-დავიწყებ მამაჩემის პლაკატებით„the beatles“, და აი, ჩემი პირადი პირველი პლაკატი იყო პერსონალური კეიზ ფლინტის და ჯგუფი, უკვე ცხადია,prodigy.
-რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?
ალბათ, 4-5 წლიდან, ქორწილში, მეჯვარედ მყოფმა მამაჩემმა, დამტოვა მცხეთაში. ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ არ დაიკარგებოდა. ჰოდა, დავდექი იმ ადგილას, სადაც მამაჩემის მანქანა იდგა და ველოდებოდი. ამ დროს „გაის“ ყვითელი-ლურჯი შეფერილობის„გაზ 24“-დან მილიციელებმა მითხრეს, რომ არ შემშინებოდა, მათ მანქანაში დავლოდებოდი. მე არ დავიბენი და ვუთხარი, რომ არ მეშინია, პირიქით, მამა მეუბნება, რომ თქვენ ცუდი ბიძიები ხართ-თქო. ეს ამბავი მაგრად მახსოვს და ისიც, დაბრუნებულ მამაჩემს როგორ შეუღრინეს „ცუდმა ბიძიებმა“, ბავშვს რეებს ასწავლიო. იქიდან რომ წამომიყვანა, ოღონდ სახლში არ თქვა, რომ დაგკარგეო და აი, საერთოდ, ყველა „საკომისიოში“ ყველაფერი მიყიდა. მოკლედ მომისყიდა, რა.
-რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?
-რეზინობანა, ორდროშობანა, წრეში ბურთი და ომობანა.
-სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?
-სკოლაში სიარული მიყვარდა, გაკვეთილებზე ჯდომა- არა.
-ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?
-არ დამიტოვებია ცოცხალი არავინ.
-ამოჩემებული კაბა ან ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?
-ბავშვობიდან კედი და ჯინსი მიყვარს განსაკუთრებულად.
-დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ?
-არ მიყვარდა არასდროს, პრანჭია გოგოების რიცხვს არ განვეკუთვნებოდი.
-რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ყვებოდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?
-კიტრით და ლიმონათით მირბენია, მაგრამ აქედან არცერთი ტიპი არ შემეფერება.
-ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე? (ჩვენი თაობის გოგოები ხომ ორ ნაწილად იყოფიან: ისინი, ვინც ცეკვაზე დაჰყავდათ და ისინი, ვინც მუსიკაზე დადიოდნენ)
-ორივე კატეგორიაში ვცადე ბედი, თუმცა ცეკვა ჩემი აღმოჩნდა და დაახლოებით 7-8 წელი ვცეკვავდი. აი, მუსიკას რაც შეეხება, ვერა რა, არ გამომივიდა.
-დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?
-უჰ, მტრისას, მე რომ ვიყავი.