ინტერვიუ „პირველი არხის“ ჟურნალისტთან – თამთა ჯანაძე „უკან ბავშვობაში“

“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია „პირველი არხის“ ჟურნალისტი თამთა ჯანაძე:

– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?

– სამწუხაროდ, არ ვიცი, არადა მთელი ცხოვრება მინდოდა, მესწავლა. როგორც ჩანს, ის პერიოდი გამოვტოვე, როცა ველოსიპედის მართვას სწავლობენ. უკვე მოზრდილს მქონდა მცდელობა, მაგრამ მივხვდი, რომ ტრავმატოლოგიურში მოხვედრის ალბათობა დიდი იყო და შევეშვი.

– ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?

– არც ცურვა ვიცი, რადგან დედაჩემს ამასთან დაკავშირებით ცოტა უცნაური სურვილი ჰქონდა – უნდოდა, ცურვა მესწავლა, ოღონდ მუხლს ზემოთ წყალში შესვლას კატეგორიულად მიკრძალავდა. როგორც წესი, აბაზანაში ცურვას ვერ სწავლობენ.

– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერიდენდი, სონი, სეგა თუ პანასონიკი?..

– არ მახსოვს, თუმცა მახსენდება ის სიმწარე, რაც ამ კომპიუტერით მუშაობას მოჰქონდა. მაგალითად, მაილს დაახლოებით 15 წუთში ხსნიდა და ა.შ.

– მუსიკას რითი უსმენდით?

– მახსოვს, მამამ მოსკოვიდან ორკასეტიანი მაგნიტოფონი ჩამომიტანა, რომელსაც დიდი ზარ-ზეიმით დავატარებდი და ვაი, მისი ბრალი, ვინც ჩემს ვერცხლისფერ „ტურფას“ უცერემონიოდ შეეხებოდა.

– გამორჩეული სათამაშორომელიც დღემდე გახსოვთ?

– მყავდა გერმანული თოჯინა, სახელად კირა, რომლითაც რატომღაც არ მათამაშებდნენ. ერთ დღესაც მისით თამაშის უფლება მოვიპოვე და გადავწყვიტე, მისთვის ქირურგიული ოპერაცია ჩამეტარებინა. მოკლედ, დღის ბოლოს კირასგან რეზინის რამდენიმე ნაფლეთი დარჩა.

– ბავშვობის დროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანიააღარ მიგირთმევიათ?

– დედა აკეთებდა შოკოლადიან და ნიგვზიან ნამცხვარს, რომელსაც რატომღაც „ძეხვი“ ერქვა. ბავშვობის შემდეგ ეს ნამცხვარი აღარ მიჭამია. სხვათა შორის, ამ ნამცხვრის თანხლებით წავიკითხე „ბულერბიელი ბავშვები“ და რამდენჯერაც ასტრიდ ლინდგრენის ამ გამოცემას დავინახავ, ე სნამცხვარი მახსენდება.

– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილსმაგალითად, გუბეებში ტყაპუნ, კედლებზე ხატვას და ა.?

– დედა ლამის სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევდა გუბეებში ტყაპუნს და ამის უფლებას, როგორც წესი, არ მაძლევდა. ასევე, განგაშის ზარებს რეკდა, თუ ყინულის ლოლუებს ჩავახრამუნებდი, არადა ისე ცხადად მახსოვს ის შეგრძნებები, როგორ მინდოდა ამ აკრძალული რაღაცების გაკეთება. სამაგიეროდ, დღეს ჩემი შვილი სპეციალურად გამყავს წვიმაში გუბეებში სატყაპუნოდ და ასე მგონია, ამით ჩემს ბავშვობას ვუხდი ხარკს.

– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?

– გრინჩზე ვგიჟდებოდი და ვგიჟდები დღემდე.

– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?

– „დიტე – შვილი ადამის ტომისა“. ძალიან ბევრს და განურჩევლად ვკითხულობდი და ალბათ, ამის გამო მოხვდ ამეოთხე კლასელი ბავშვის ხელში ეს წიგნი, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ინტერესით წავიკითხე.

– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?

– „გრაფი მონტე-კრისტო“. იმ მომენტზ ევიტირე, როცა მერსედესი ეუბნება გრაფს: ედმონ, თქვენ არ მოკლავთ ჩემს შვილს. ღმერთო, რა მატირებდა.

– ოთახში პლაკატები თუგ ქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?

– დიდად არავის ფანი არ ვყოფილვარ, ხანდახან ფეხის ხმას ავყვებოდი ხოლმე, მაგრამ მალე მბეზრდებოდა.

– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?

– სადღაც ოთხი წლის ვიქნებოდი, ბაღში ჩემი დის მაღალი სიცხის გამო სასწრაფო გამოიძახეს და სასწრაფოს ექიმის რანგში დედაჩემი მოვიდა. საშინლად გავბრაზდი და ვიეგოისტე, რადგან ჩემი და წაიყვანა (როგორც შემდეგ გავარკვიე, საავადმყოფოში) და მე ბაღში დამტოვა.

– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?

– ექიმობანა.

–სკოლაში სიარული გიყვარდათ?  ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათსკოლა რომ გაგეცდინათ?

– სკოლა იყო რუტინა, ამიტომ დიდად არ ვგიჟდებოდი სკოლაში სიარულზე, თუმცა ზედმეტად მოწესრიგებული, რაღაცნაირი „ხუთოსანი“ ბავშვის ტიპაჟი ვიყავი და ვერ გამოვდიოდი ამ როლიდან. არც ტყუილები მეხერხებოდა დიდად და კიდეც რომ მეცადა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ტყუილს ვერაფერს მოვიგონებდი, რადგან დედა ექიმია და მარტივად გავიშიფრებოდი.

– ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?

– მე ვიყავი ე.წ. დაპროგრამებული „ხუთოსანი“ ბავშვი, ყოვლად უნიჭო ტყუილების მოფიქრებაში და თუ დავალება შესრულებული არ მქონდა, რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა, საერთოდ არ მივდიოდი სკოლაში.

– ამოჩემებული კაბა ან ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

– ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა და მაშინ ტანსაცმელს ცოტა სხვა კრიტერიუმებით ვარჩევდით. ამოჩემებული კაბა არ მქონია, რადგან გაპრანჭვა არასდროს გამომდიოდა. ცოტა არ იყოს, გვიან გაიღვიძა ჩემში ქალმა.

– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ? ფოტოც ხომ არ გაქვთ?

– დედის არა, უფრო ბებიის ტანსაცმლის, შლაპების მორგება მიყვარდა და დეიდის სამკაულებს ვავლებდი მუსრს, თუმცა ეს ცოტა უფრო მოგვიანებით ხდებოდა, მთლად ბავშვობასაც ვერ დავარქმევ.

– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ისრომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა სტუმრების წინაშეთუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?

– ჩემი ბავშვობის კოშმარი იყო ეს სტუმრების წინაშე ლექსების თქმა.  არ ვიცი, რატომ ითვლებოდა კარგ ტონად ეს გამოთქმით ლექსების კითხვა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ვიტანდი.  ერთხელ მახსოვს, რატომღაც გადაწყდა, ერთ ასაკოვან სტუმარ ქალთან ლადო ასათიანის  „ბასიანის ბრძოლა“ მომეყოლა. მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი პოემაა, ან რამ დამამახსოვრებინა ამხელა რაღაც, მაგრამ ფაქტია, რომ პოემის ბოლოსკენ ჩვენს სტუმარს ტკბილად ეძინა.

– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?

– ორივეს თანზიარების „ბედნიერება“ მქონდა, თუმცა მუსიკის გაკვეთილებზე დიდად არ ვგიჟდებოდი და, საბოლოო ჯამში, შვიდწლედის დასრულების შემდეგ ინსტრუმენტს არ გავკარებივარ.

– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?

– ზომაზე მეტად დამჯერი და, სხვათაშორის, ძალიან ვნანობ ამას. ცოტა მეტი თავისუფლება რომ მიმეცა საკუთარი თავისთვის, ბევრად საინტერესო ბავშვობა მექნებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები