“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია „აიტივის“ ჟურნალისტი სუზი მკრტიჩიანი:
– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?
– ძალიან მეცინება, მაგრამ 27 წლის ასაკში ვისწავლე ველოსიპედის ტარება. ბავშვობაში ძალიან პუტკუნა ვიყავი, სამბორბლიანის შემდეგ, ველოსიპედის არსებობა საერთოდ დავივიწყე. წონის გამო, წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი და მაშინვე ვვარდებოდი.
– ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?
– ცურვა ვიცი, კი, ოღონდ მაშველი რგოლით.
– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი?
– პირველი კომპიუტერი იყო 13 წლის ასაკში, IBN-ი, თუ გახსოვთ, და თან პენტიუმ ერთის პროცესორი ჰქონდა. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი. შეგრძნება მქონდა, რომ ოჯახის ახალი წევრი, ცოცხალი არსება მყავდა სახლში და ყველაზე მაგარი რა იყო, იცი? ვიღაცები მოდიოდნენ ჩვენთან იმისთვის, რომ კომპიუტერი ენახათ. დღევანდელი გადმოსახედიდანძალიან სასაცილოა, მაგრამ მაშინყველაფერი გვიკვირდა.
– მუსიკას რითი უსმენდით?
– ვაიმე, ეს რა გამახსენე. როცა მუსიკას ვუსმენდი, ჩემთან ერთად მთელი კორპუსი უსმენდა. სიტუაცია იყო ასეთი: „მაგნიტოფონს“ (კასეტიანს ვგულისხმობ) გამაგრძელებლით გავიტანდი ხოლმე აივანზე და… მაშინ მოდაში იყო ჯგუფი „სახე“, აი, თუ მაგის კასეტა გქონდა, ეს ნიშნავდა, რომ ძალიან თანამედროვე და მოდას აყოლილი თინეიჯერი იყავი. ჰოდა, ასე ბედნიერად ვუსმენდი ხოლმე ბოლო ხმაზე მე და, შესაბამისად, ჩემი მეზობლებიც. ცოტა უფრო გვიან იყო ფლეიერი, ქამარზე ვიკეთებდით და სანამ სკოლაში მივიდოდით, ყურსასმენებში ორი სიმღერის მოსმენას მაინც ვასწრებდით.
– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?
– გამორჩეული სათამაშო არ მახსენდება, მაგრამ ბებიაჩემს სახლში კედელზე ჰქონდა ჩამოკიდებული ახალი თოჯინები, მაშინ ძალიან ბევრ ოჯახში აკეთებდნენ ასე. მოკლედ, როგორც კი ბებიაჩემს გარეთ დავიგულებდი, მაშინვე ჩამოვხსნიდი რამდენიმეს და თამაშს ვიწყებდი.
– ბავშვობის დროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ
– ბავშვობისდროინდელი კერძი არა, მაგრამ კარაქიანი პური, ქარხნულ ყველთან ერთად, მართლა აღარ მიჭამია სკოლის დამთავრების შემდეგ. არადა, სკოლაში წასვლამდე აუცილებლად უნდა მეჭამა და ჩაი დამეყოლებინა.და კიდევ, გაგეცინებათ ახლა, მაგრამ მწვანილის კატლეტი. ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი გემრიელი იყო. ჩემი კლასელები სპეციალურად ამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან და მერე მათი დედები ურეკავდენ ბებიას, რეცეპტი ჩაგვაწერინეო.
– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაცთქვენარუკრძალავთთქვენსშვილს?
– ისე მზრდიდნენ, მგონი, ყველაფერი აკრძალული მეგონა. მაგ მხრივ, ახლა სულ სხვა თაობა მოდის, მეგობართან დარჩენები არ უყვარდათ ჩემებს სასტიკად და მგონი, მეც ვიზიარებ ამ აკრძალვას.
– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?
– ისევე, როგორც ჩემი ასაკის ყველა ბავშვი, მეც კონკიაზე ვგიჟდებოდი…
– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?
– პირველი რომელი იყო, ნამდვილად ვერ ვიხსენებ, უბრალოდ, მახსოვს ის, რომ წიგნების გამუდმებით თხოვება მიწევდა ან უბნის ბიბლიოთეკიდან წამოღება. ყოველთვის მშურდა იმ ბავშვების, სახლში, მთლიან კედელზე წიგნის თაროები რომ ჰქონდათ.
– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?
– „ბიძია თომას ქოხზე“, მახსოვს, ძალიან ბევრი ვიტირე.
– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?
– კი, ლეონარდო დიკაპრიოსი და„სფაის გელსის“, თუ გახსოვთ ეს ჯგუფი.
– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?
– 4-5 წლის ასაკიდან. კონკრეტულად ერთი მოგონება არ მახსენდება, მაგრამ რაღაცები მახსოვს კადრებად.
– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?
– „ნამიოკობანა“ მიყვარდა ძალიან და წრეში ბურთი.
–სკოლაში სიარულიგიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?
– სკოლაში ბევრი მეგობარი მყავდა და მართლა ძალიან მიყვარდა იქ სიარული. ჩემები ზედმეტად მოწესრიგებულები იყვნენ და ეგონათ, რომ, თუკი ერთი დღესაცგავაცდენდი სკოლას, მთლიან მასალას ჩამოვრჩებოდი, ამიტომ არც ტყუილი ჭრიდა და არც ცუდად ყოფნა. მეცხრე კლასში ვიყავი, ანგინა რომ დამემართა და პირველად მომიწიაერთი კვირა გაცდენა, პირველივე დღეს დაგვირეკა დამრიგებელმა, რა მოხდა, ბავშვი სკოლაში რატომ არ მოვიდაო?
– ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?
– „მასწავლებელო, გუშინ სტუმრები გვყავდა და დავალების დაწერა ვერ მოვასწარი“.
– ამოჩემებული კაბა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?
– ყველა კაბა ძალიან, ძალიან მიყვარდა. კაბისტი უფრო ვიყავი, ვიდრე შარვლის გოგო.
– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ? ფოტოც ხომ არ გაქვთ?
– კი, ძალიან ხშირად და ამასაც მხოლოდმაშინ ვახერხებდი, როცა დედაჩემი სახლში არ იყო, ისე ვინ მიმიშვებდა მის ფეხსაცმელთან და კოსმეტიკასთან.
– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?
– ალბათ, ის, მაგიდის ქვეშ რომ იმალებოდა. მორცხვი ვიყავი ძალიან.
– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?
– მუსიკაზე – გიტარაზე და პიანინოზე. რობერტ ბარძიმაშვილთან დავდიოდი ძალიან ბევრი წელი, მაგრამ მერე, ფინანსებიდან გამომდინარე, მიტოვება მომიწია.
– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?
– ხან დამჯერი, ხანაც ბუნტისთავი. გააჩნია, სიტუაციას როგორ სჭირდებოდა.