მრავალსართულიანი აგურის სახლები, სწორად დაგეგმილი ქუჩები და განვითარებული საკანალიზაციო სისტემა — მათ შორის, წყლით ჩამრეცხი ტუალეტებიც. ეს თანამედროვე ქალაქის აღწერას ჰგავს, თუმცა რეალურად საუბარია ათასწლეულების წინ არსებულ ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ცივილიზაციაზე.
ინდის ველის ცივილიზაცია, იგივე ჰარაპის ცივილიზაცია, არსებობდა დღევანდელი პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიაზე და ჩამოყალიბდა ინდის მდინარის აუზში. მისი განვითარების უმაღლესი ეტაპი ძვ. წ. 2600–1900 წლებს მოიცავს, თუმცა ცივილიზაციის საწყისი ეტაპები უფრო ადრე — დაახლოებით ძვ. წ. 4000 წლით თარიღდება.
ამ ცივილიზაციას ეკუთვნოდა 1400-ზე მეტი დასახლება და ქალაქი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრები იყო ჰარაპა და მოჰენჯო-დარო. საერთო მოსახლეობა, სხვადასხვა შეფასებით, დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს აღწევდა, რაც იმ დროისთვის განსაკუთრებულ მასშტაბს წარმოადგენდა.
ინდის ველის ცივილიზაცია მასშტაბით აღემატებოდა როგორც ძველი ეგვიპტის, ისე მესოპოტამიის ცივილიზაციებს, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია შედარებით მწირია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მისი დამწერლობა დღემდე გაუშიფრავია, რის გამოც მკვლევრებს არ აქვთ სრული წარმოდგენა ამ საზოგადოების სოციალური წყობისა და მმართველობის სისტემის შესახებ.
არქეოლოგიური აღმოჩენები მიუთითებს, რომ ქალაქები მკაცრი დაგეგმარებით შენდებოდა — ქუჩები ერთმანეთის მიმართ მართკუთხედ იყო განლაგებული, არსებობდა წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის რთული სისტემა, საცხოვრებელი სახლები კი ხშირად სტანდარტიზებული აგურით იყო ნაგები. ასევე აღმოჩენილია წონისა და ზომების ერთიანი სისტემა, რაც განვითარებულ ვაჭრობასა და ეკონომიკურ ორგანიზაციას მიუთითებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა უძველესი ცივილიზაციებისგან განსხვავებით, აქ თითქმის არ გვხვდება აშკარა მტკიცებულებები ძლიერი ცენტრალიზებული მმართველობის, მეფეების ან დიდებული სასახლეების შესახებ. ეს აჩენს ვარაუდს, რომ ინდის ველის საზოგადოება შესაძლოა უფრო თანასწორი და ნაკლებად იერარქიული იყო.
ცივილიზაციის დაცემის მიზეზებიც ბოლომდე უცნობია — ერთ-ერთ ვერსიად განიხილება კლიმატური ცვლილებები და მდინარის კალაპოტის ცვლილება, რამაც დასახლებების დაცლა გამოიწვია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ინდის ველის ცივილიზაცია დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ნაკლებად შესწავლილ ფენომენად კაცობრიობის ისტორიაში.
წყარო – BBC