“იმდენი იქნება გამოსაკვლევი, რომ 5 ან 10 დაწესებულება ვერ აუვა” – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსთან დაკავშირებულ მოლოდინებზე
კორონავირუსი და საქართველო – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დადგა დრო, როდესაც იმდენი პიროვნება იქნება გამოსაკვლევი, რომ თუნდაც 5 ან 10 დაწესებულება აღნიშნულს ვერ აუვა.
ამის შესახებ ცერცვაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა:
“ამ სპეციალიზებული დაწესებულებების შესაძლებლობები იყო შეზღუდული და იკვლევდნენ, მხოლოდ იმ პირებს, ვისაც აღენიშნებოდა სიმპტომები და ბოლო 14 დღის მანძილზე იმოგზაურეს მაღალი რისკის ქვეყნებში, ან კონტაქტი ჰქონდათ იქედან ჩამოსულ პირებთან. მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც იმდენი პიროვნება იქნება გამოსაკვლევი, რომ თუნდაც 5 ან 10 დაწესებულება ამას ვერ აუვა. შეიძლება, ავად გახდეს პიროვნება, რომელმაც არ იცის, ვისთან იყო კონტაქტში და ასეთ პიროვნებებს რომ შეუზღუდავად ექნებათ ტესტირების შესაძლებლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ასევე შეუზღუდავად იქნება გამოვლენილი ყველა პაციენტი და არა მარტო ის, ვინც რისკის ჯგუფს განეკუთნება. ყველა მათგანი მოთავსდება სტაციონარში, ან მათი ნაწილი გაივლის ბინაზე მკურნალობას, ეს შეზღუდავს ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.