“იმედია, ეს ბრძოლა სიცოცხლის გამარჯვებით დასრულდება” – თსუ–ს სტუდენტი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ ყველაზე მძიმე პაციენტებთან მუშაობს
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი მოდებაძე თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექთნის ფუნქციებს ასრულებს და ყველაზე მძიმე პაციენტებს უწევს სამედიცინო დახმარებას. „ამჟამად ამ საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ვმუშაობ. საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებიდან რამდენიმე დღეში ჩვენი კლინიკა შეირჩა ამ ინფექციით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად და დღემდე ყველაზე მძიმე პაციენტებს ვუწევთ სამედიცინო დახმარებას. ჩვენმა გუნდმა ამ მოკლე დროში შეძლო რამდენიმე სიცოცხლის გადარჩენა და მჯერა, რომ ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ. მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და ჩემი მცირედი წვლილი შემაქვს ვირუსთან ბრძოლაში“, — ამბობს თსუ-ის სტუდენტი ირაკლი მოდებაძე.
მაშინ, როდესაც საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, იმ დროს უნივერსიტეტში სწავლა განახლებული არ იყო და ამიტომ ირაკლი საკმაოდ რთულ სამუშაო რეჟიმს დათანხმდა. მას ყოველ მეორე დღეს 24 საათიანი მუშაობა უწევდა. მას შემდეგ, რაც თსუ-ში ონლაინ პლატფორმების საშუალებით სასწავლო პროცესი განახლდა, ირაკლიმ სამუშაო რეჟიმი სწავლის პროცესს შეუთავსა და შედარებით მისი სამუშაო დღეებიც შემცირდა — ასეთი გრაფიკის თაობაზე ირაკლისგან ვიგებთ, რომელიც იმასაც აღნიშნავს, რომ დისტანციური სწავლება საკმაოდ მაღალი ხარისხით მიმდინარეობს და გამოყოფს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მზაობას ამ მხრივ.
„წილად მხვდა — ვყოფილიყავი იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია. უნივერსიტეტმა, პირველ რიგში, მომცა მაღალი ხარისხის საუნივერსიტეტო განათლება. პირველი კურსიდან მოყოლებული, შესაძლებლობა მაქვს, მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა სახის სამეცნიერო კვლევებში, რაც ახლის ძიების და კვლევის სურვილს კიდევ უფრო გმატებს. ხუთი წელია თსუ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მან მომცა საკუთარი თავის პოვნის, განვითარების და თვითრეალიზების საშუალება“, — ამბობს მომავალი ექიმი. იგი თავის კარიერას სწორედ მედიცინას უკავშირებს და ავლენს დიდ ინტერესს კრიტიკული მედიცინის მიმართ, რაშიც, როგორც ამბობს, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებაც გამოადგება. „ეს დარგი საკმაოდ დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზაობას მოითხოვს, ამიტომ „კოვიდ-19“-ის პირობებში დღევანდელი გამოწვევაც, ვფიქრობ, ჩემთვის დიდ გამოცდილებად იქცევა“, — აღნიშნავს ირაკლი.
როგორია პირადი დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნები და რა გამოცდილება დაგროვდა ახალი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან ურთიერთობისას? — ირაკლი მოდებაძე კონკრეტულ კითხვებზე გვპასუხობს:
– როგორ გრძნობენ თავს „COVID-19“-ით დაინფიცირებული პაციენტები?
– კლინიკაში ყველა პირობაა შექმნილი „COVID-19“-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის. რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მძიმეა, თუმცა რამდენიმე გამარჯვებას მივაღწიეთ. ახლაც ჩართული ვართ ამ ბრძოლაში და იმედია, ეს ბრძოლა სიცოცხლის გამარჯვებით დასრულდება.
– რამდენად რთული დაავადებაა და რამდენად ხშირია გართულებები შენი პირადი დაკვირვებით?
– „COVID-19“-ის გადაცემა ხდება წვეთოვანი და კონტაქტური გზით. ინფიცირებულთა ძირითადი ნაწილი ასიმპტომურია და რაიმე კლინიკური გამოვლინება არ გააჩნია. მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს კლინიკური მანიფესტაცია. რაც შეეხება გართულებებს, რისკ ჯგუფში შედიან ქრონიკული დაავადებების (არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვ.) მქონე პირები. ლეტალობის ძირითადი ნაწილი სწორედ ასეთ პაციენტებზე მოდის. რეანიმაციაში საკმაოდ დიდხანს შეიძლება გაატარონ პაციენტებმა (თვეზე მეტიც კი), შეიძლება მხოლოდ 2 კვირა ან 10 დღე. რაც შეეხება თერაპიას, საშუალოდ 2 კვირაა საკმარისი გამოჯანმრთელებისთვის, თუმცა, გააჩნია შემთხვევებს.
– რას ითხოვენ ყველაზე ხშირად პაციენტები თქვენგან, ექიმებისგან?
– ყველაზე ხშირად პაციენტი ექიმისგან თანადგომას ითხოვს, მითუმეტეს, ამ ვირუსით ინფიცირებული პაციენტები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მსოფლიომ ამ ვირუსის შესახებ ცოტა რამ იცის, ექიმმა მაინც უნდა შეძლოს პაციენტის გამხნევება და მასში იმედის ნაპერწკლის გაღვივება, რადგან ხშირად სწორედ იმედი ხდება პაციენტის და ექიმის ბრძოლის მთავარი იარაღი. ზოგიერთი დაავადებული ძალიან ემოციურია და მკურნალობისას ეს ემოცია უშლის ხელს. ზოგი მშვიდია და გაგებით ეკიდება დაავადების სირთულეს. მე, ძირითადად, რეანიმაციაში ვარ, სადაც მართვით სუნთქვაზე გვყავს პაციენტები და ამიტომ მათი ემოციური მდგომარეობის შეფასება რთულია. მსმენია, რომ რამდენიმეს ძალიან ვუყვარვართ და თერაპიული განყოფილებიდან სულ გვკითხულობენ.
– რა შეგრძნება დაგეუფლა, როცა საქართველოს მოსახლეობამ საყოველთაო ტაშით გამოხატა მადლიერება ექიმებისადმი?
– მადლიერების აქცია მედპერსონალის მიმართ მადლიერების გრძნობის გამოხატულებისა და საზოგადოების ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. დავესესხები ცნობილი ადამიანის სიტყვებს: „მადლიერება მაგიაა, ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ენერგია, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა შეიგრძნოს და რომელსაც შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება, თუ მას სათანადოდ გამოვიყენებთ“. სწორედ ეს ტაში გახდა, გარკვეულწილად, სტიმული იმისა, რამაც ამ რთულ პერიოდში საქმის კეთება შეგვაძლებინა.
მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რასაც გვთავაზობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მდგომარეობის გაუარესება. და კიდევ, გავიმეორებ პროფესორ ლევან რატიანის სიტყვებს: „ისევ მოვა გაზაფხული კორ ვირუსის გარეშე“.