ილინოისის სენატორი ტრანსგენდერობის ფსიქიკურ დაავადებად აღიარებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატში რესპუბლიკელმა სენატორმა ენდრიუ ჩესნიმ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც „ტრანსგენდერობას“ ფსიქიკური დაავადებების კატეგორიაში შეტანას ითვალისწინებს.

ინიციატივა წარმოდგენილია სენატის კანონპროექტის №3842 (Senate Bill 3842) სახით და ითვალისწინებს ცვლილებას ილინოისის „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და განვითარების დარღვევების კოდექსში“.

კანონპროექტის ტექსტის მიხედვით, მოქმედ კანონში არსებული „ფსიქიკური დაავადების“ განმარტება უნდა გაფართოვდეს და მასში დაემატოს ფორმულირება, რომლის მიხედვითაც ასეთ მდგომარეობად ჩაითვლება „ტრანსგენდერობა — მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს აიგივებს დაბადებისას მინიჭებულ სქესზე განსხვავებულ გენდერთან“.

კანონპროექტი ილინოისის სენატში 2026 წლის 6 თებერვალს დარეგისტრირდა და ამ დროისთვის გადაგზავნილია შესაბამის კომიტეტში განსახილველად. იგი ჯერ მხოლოდ ინიციატივის ეტაპზეა და კანონად ქცევისთვის საკანონმდებლო პროცედურების გავლა უნდა.

სენატორმა ჩესნიმ ინიციატივის წარდგენისას განაცხადა, რომ მისი მიზანია „რადიკალური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა“. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა დაიცვას „ბიოლოგიური რეალობა“ და განსაკუთრებით ბავშვები იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც, მისი შეფასებით, შეუქცევად შედეგებს იწვევს.

ამავე დროს, ინიციატივამ უკვე გამოიწვია ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკუსია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციები — მათ შორის ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია — ტრანსგენდერობას ფსიქიკურ დაავადებად არ მიიჩნევენ, რის გამოც კანონპროექტი ძირითადად პოლიტიკური დებატების საგნად იქცა.

ამ ეტაპზე უცნობია, ექნება თუ არა კანონპროექტს საკმარისი მხარდაჭერა ილინოისის საკანონმდებლო ორგანოში, სადაც დემოკრატებს უმრავლესობა აქვთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები