ლაბორატორიული კვლევების შედეგებით ცნობილი გახდა, რომ ბაზარზე შეძენილი, 20 ლარამდე ღირებულების სამუხრუჭე ხუნდების 60% -ში აზბესტის შემცველობა გამოვლინდა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ირაკლი იზორიამ განაცხადა.
„ჩვენმა ორგანიზაციამ და პლატფორმამ „არა აზბესტს – საქართველომ“ პალამენტს პატარა კვლევით მიმართეს, სადაც საუბარი იყო აზბსეტთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საკითხით პარლამენტი დაინტერესდა. შემდეგ გადავწყვიტეთ, ამ საკითხზე გაგვეკეთებინა აქცენტები, კონკრეტულად ჩაგვეტარებინა კვლევები. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ტრანსპორტის მიმართულებით, საგზაო უსაფრთხოების თემაზე, ამიტომ ჩვენი ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო სამუხრუჭე ხუნდებზე. აღმოჩნდა, რომ აზბესტი ქვეყანაში წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ამიტომ კვლევაში სხვა დარგების ექსპერტები ჩავრთეთ, რათა ეს სფერო უფრო ფართოდ მოგვეცვა.
მოგეხსენებათ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონე საკმაოდ მაღალია და ძირითადად, ეს გამოწვეულია ავტოტრანსპორტის სექტორიდან, ამაზე ბევრი კვლევაა ჩატარებული. გვინდოდა, აზბესტზეც ჩაგვეტარებინა ლაბორატორიული კვლევები.
შევიძინეთ 20 ლარზე უფრო დაბალი ღირებულების ხუნდები. რატომ არა მაღალფასიანი? – ამ შემთხვევაში ეტიკეტებზე ვნახეთ და გასაუბრებაც გვქონდა კომპანიებთან, რომ ესენია კერამიკული ხუნდები, რომელშიც შესაძლებელი იყო, დიდი ალბათობით არ ყოფილიყო აზბესტი.
ჩვენ 20 სხვადასხვა ფირმის, წარმოების სამუხრუჭე ხუნდი შევიძინეთ, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა ლაბორატორიული ექსპერტიზა. მივიღეთ ასეთი შედეგი: დააახლოებით 60 %-ში აღმოჩნდა აზბესტის შემცველობა. ვინაიდან აზბესტის არეალი ფართო იყო, ჩვენ დამატებით 15 სამშენებლო მასალის დეტალი მივიტანეთ და გავაკეთეთ ლაბორატორიული კვლევა. აქ უკვე 20 %-მდე აღმოჩნდა აზბესტის შემცველობა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2 ხუნდში, რომელზეც ეწერა, რომ აზბესტისგან იყო თავისუფალი, აღმოჩნდა აზბესტის შემცველობა. ასეთი ხუნდებისგან გამოფრქვეული ნაწილაკები მავნეა როგორც მძღოლისთვისა, ასევე გარშემომყოფებისთვისაც.
რატომ მაინცდამაინც სამუხრუჭე ხუნდები? ძალიან ბევრს ჰგონია, რომ აზბეტი, კი, სახიფათოა, მაგრამ , თუ მასზე ზემოქმედება არ ხორციელდება, სახიფათო არაა. სამურუჭე ხუნდების შემთხვევაში, ვიცით, რომ დამუხრუჭების დროს, აზბესტი განიცდის ცვეთას, ამ დროს ჰაერში გამოიფრქვევა ნაწილაკები, შემდეგ კი ეს ნაწილაკები დიდი ალბათობით, ადამიანის ორგანიზმში ხვდება . ის დამაბინძურებელია, კანცეროგენია, რომელიც იწვევს ფილტვის კიბოს და სხვა მძიმე დაავადებებს.
ჩვენ განზრახული გვაქვს მოვამზადოთ პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც კონკრეტული პრობლემები იქნება დასმული. მომზადდება დასკვნები, რეკომენდაციები აზბესტის პრობლემის შესახებ, რომელიც წარდგენილი იქნება პარლამენტში, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
ახლა დადასტურებულად ვიცით, რომ როგორც ხუნდებში, ასევე სამშენებლო მასალებში არის აზბესტის შემცველობა. ექსპერტებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს რეკომენდაციების ერთობლივი შემუშავება. ალბათ, 2-3 თვეში რეკომენდაციები და მთელი ეს პაკეტი მომზადებული იქნება ჩვენს მიერ“, – განაცხადა იზორიამ.