იაპონიაში, ვაკაიამას პრეფექტურაში მდებარე კიშის სადგური ახალ „ხელმძღვანელს“ შეხვდა — კატა იონტამა ორგანიზაციის უფროსად ოფიციალურად დაინიშნა.
ახალი ხელმძღვანელი საზოგადოებასა და სადგურის თანამშრომლებს საზეიმო ცერემონიაზე წარუდგინეს. დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდა Wakayama Electric Railway-ის ვებგვერდზე.
იონტამამ ამ პოზიციაზე ჩაანაცვლა კატა – ნიტამა, რომელიც გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ახალი სტატუსის აღსანიშნავად კატას სპეციალური მედალიონი გადასცეს, რომელიც საზეიმოდ დაამაგრეს მის საყელოზე.
სადგურის ფუმფულა ბეწვიანი “უფროსის“ მოვალეობებში შედის: მგზავრების დახვედრა, ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა და სადგურზე პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა.
იონტამასთან ერთად საზოგადოებას მისი ორი „მოადგილეც“ წარუდგინეს — ისინი ამ ეტაპზე სტაჟირებას გადიან.
ამ უჩვეულო ტრადიციას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა, როდესაც კიშის სადგურის უფროსად კატა ტამა დაინიშნა. სწორედ ტამამ აქცია პატარა სადგური საერთაშორისო ტურისტულ ღირსშესანიშნაობად — მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა ვიზიტორებმა რეგიონს დაახლოებით 1,1 მილიარდი იენის შემოსავალი მოუტანეს და ფაქტობრივად გადაარჩინეს ეკონომიკური სირთულეების წინაშე მდგომი სარკინიგზო ხაზი.
კიშის სადგური კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იაპონიაში კატები შინაური ცხოველების გარდა, ტურისტული სიმბოლოები, ბრენდები და ზოგჯერ “საჯარო მოხელეებიც” არიან.