„თქვე უღმერთოებო!!! როგორ მოკალით ახალგაზრდა კაცი ცემაში?” – ეს არის ის, რაც ბუნებრივად მოდის ჩემი გულიდან. მაგრამ, მესმის, რომ ასეთი ტონი ოფიციალურ განცხადებას არ მიესადაგება”,- ამის შესახებ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი,მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი სოციალურ ქსელსი “ტვ პირვლის” გარდაცვლილი ოპრატორის შესახებ წერს.
„ის, რაც ღვთისმსახურის სათქმელს მიესადაგება არის ის, რომ დღეს ჩვენ ყველას ხელი გვაქვს ახალგაზრდა კაცის სისხლში გასვრილი ზოგს მოქმედებით და ზოგს უმოქმედობით, ზოგს ლაპარაკით, ზოგს დუმილით, სასულიერო პირებს, რომლებმაც წააქეზეს ათასობით ადამიანი, თუ სახელმწიფოს, რომელმაც ეს კაცი არ დაიცვა, თუ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩუმად, თუ ხმამაღლა ამართლებდნენ და გაგებით ეკიდებოდნენ აგრესიულ თავდასხმებს.
ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, ასევე ტელეკომპანია ტვ პირველსა და ყველა მის კოლეგას, რომლებმაც დაკარგეს შვილი, ძვირფასი მეგობარი, ერთგული ადამიანი, ერთგული პროფესიონალი.
ლექსო ლაშქარავას სახით მთელმა საზოგადოებამ დაკარგა საუკეთესო ადამიანი, რომელიც თავისუფლებისა და სამართლიანობის მხარეს იდგა. ის დღეს დგას იმ მსხვერპლთა გვერდით, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შეწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მათ შორის, პირველ რიგში, გვახსენდება 9 აპრილის მსხვერპლები, რომელთაც ქვეყნის მომავალს შესწირეს თავი.
დაე, ეს იყოს უკანასკნელი სისხლის ღვრა, უკანასკნელი ძალადობა ჩვენს სამშობლოში, რომელიც არ იმსახურებს იმას, რომ მის მოქალაქეებზე რელიგიის, ღმერთის, ეკლესიის სახელით ძალადობდნენ”,- წერს ეპისკოპოსი.