თუ შენი ქმარი ქართველია! უკრაინელი ქალი ქართველ მამაკაცებზე

 

ახალგაზრდა უკრაინელმა ჟურნალისტმა გოგონამ გამოცემა THE PEOPLE-ს მოუყვა, თუ როგორ გაჰყვა ცოლად ეთნიკურად ქართველს და თუ რა გამოვიდა საბოლოოდ ამ ქორწინებიდან. როგორია ცხოვრების ისტორია, როდესაც შენი ქმარი ქართველია, დეტალებს და საინტერესო შტრიხებს უკრაინელი ჟურნალისტი ადგილობრივ გამოცემას უზიარებს.
“როგორღაც ისე მოხდა, რომ ჩემი ქმარი ქართველია და მე ამის გამო, ამ დრომდე არასდროს მინანია. ყველა ქალი ეძებს მის შესაფერის ცხოვრების თანამგზავრს. ზოგიერთს ცხელი ესპანელები მოსწონს, სხვებს ორგანიზებული გერმანელები, ზოგს კი, არისტოკრატი ბრიტანელები. თუმცა, ყველა ჩვენგანს (ყველაზე მკაცრ ფემინისტსაც კი) გულის სიღრმეში გვსურს მთელი ცხოვრება ძლიერ, ტემპერამენტიან მამაკაცთან გავატაროთ. და თუ მისი გვარი “ძე”-ზე, ან “შვილი”-ზე ბოლოვდება, იყავით მშვიდად, რადგანაც თქვენი ოცნების მამაკაცისთვის უკვე მიგიგნიათ. მოკიდეთ პასპორტს ხელი და უახლოეს იუსტიციის სახლს მიმართეთ.
თუ თქვენი ქმარი ქართველია, მაშინ მზად იყავით, რომ მეგობრების გარემოცვაში, მაღაზიაში, ტუალეტის რიგში, – ყველგან სადაც კი არ უნდა მოხვდეთ, ყველა ქალის მზერა მისკენ იქნება მიმართული. ყოველ შემთხვევაში, მის მიერ წარმოთქმული პირველივე ფრაზის შემდეგ,ასეთი ყურადღება გარანტირებულია. თავდაპირველად მე ამას ვერ შევეჩვიე, მაგრამ გარკევეული დროის შემდეგ, უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი.
თუ შენი ქმარი ქართველია, მაშინ ტკბილი, ფერადი ყვავილებით და ბუშტებით აღსავსე პერიოდი შენს ქორწინებაში არ დასრულდება არასდროს, ისინი ხომ რომანტიკოსები თვით ღმერთისგან ბოძებული ნიჭით არიან, ქალების სასიამოვნოდ გაოცება კი მათი მთავარი ჰობია. «Миллион, миллион алых роз из окна видишь ты” –  ყველამ იცის ალა პუგაჩოვას ეს პოპულარული სიმღერა. თუმცა, ცოტა თუ მოიძებნება, რომელმაც  ამ სიმღერის ისტორია იცის, რომლის დამსახურებითაც ეს მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა. ამ შემთხვევაშიც გვერდს ვერაფრით ავუვლით შეყვარებულ ქართველ კაცს. ცალმხრივი სიყვარულით დატანჯული ნოხეტიალე მხატვარი საკუთარ სახლს გაყიდის და მთელი ფულით მილიონ წითელ ვარდს იყიდის, რათა ამ სასიამოვნო საჩუქრით თავისი საყვარელი ქალი გააოცოს. გოგონა აივანზე გამოდის და ხედავს ზღვა ყვავილებს, რომელთაც მთელი ქალაქის ქუჩები მიაქვს. სიყვარულის ეს ისტორია ბოლომდე უპასუხოდ გაგრძელდა და ცალმხრივად დასრულდა.  საბჭოთა კავშირის ყველა ქალს, მინიმუმ ერთხელ მაინც უცეკვია ამ სიმღერაზე ნელი ვალსი.
ასე რომ, ძვირფასო გოგონებო, თუ თქვენ გინდათ, რომ ერთ დღესაც საკუთარი ფანჯრიდან მილიონი ვარდი დაინახოთ (მინიმუმ, თვეში ერთხელ ლამაზი ყვავილების თაიგულის გვერდით დაიძინოთ), მაშინ მიუშვირეთ საკუთარი გულები ქართველი ამურის მიერ ნასროლ ისრებს. თუ თქვენი მეუღლე ქართველია, მაშინ არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი სწრაფად და დამაჯერებლად მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ისეთ საკითხებსაც კი, რომელთაც ზოგიერთი მამაკაცი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გადაწყვეტდა.
ყველა ქალი ფიქრობს, რომ მისი ცხოვრების თანამგზავრთან შეხვედრა ზეცაში ღმერთის მიერ, ჯერ კიდევ მის დაბადებამდე გადაწყდა. ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი.
ერთმანეთი ჩვენ ეგვიპტეში დასვენების დროს გავიცანით. ზღვა, პალმები, პლაჟი, კოქტეილები და მცხუნვარე მზე. სწორედ მაშინ და სწორედ იქ, მე მას შევხვდი და როგორც მზედაკრულმა თავი დავკარგე და შემიყვარდა. პაემანი სასტუმროს სახურავზე და პირველი კოცნა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ. გაცნობიდან მესამე დღეს კი ფრაზა: “იულია, ხომ გამომყვები ცოლად?!” ჩვენ ხომ სხვადასხვა ქვეყნებში ვცხოვრობთ, – ვუპასუხე მე მას შემდეგ, რაც მოულოდნელობისგან მეტყველების უნარი დავკარგე.
“რა პრობლემაა, მე გადმოვალ საცხოვრებლად კიევში”, – წყნარად და დამაჯერებლად მიპასუხა. საბოლოოდ კი მართლაც გადმოცხოვრდა. ეს საზაფხულო რომანი ბოლოს ქორწინების სახლში წარმოთქმულმა ფრაზამ დაასრულა – “დღეიდან თქვენ ცოლი და ქმარი ხართ!” ეს ყველაფერი კი ჩემი “მთის არწივის” დამსახურებით მოხდა.
და, საბოლოოდ – თუ თქვენი ქმარი ქართველია, კითხვა – თუ სად წავიდეთ შვებულების გასატარებლად, გაქრება სამუდამოდ. მას ხომ ბოლოს და ბოლოს, მილიონი სტუმართმოყვარე მეგობარი და ნათესავი ჰყავს მთელს საქართველოში, რომლებიც მზად არიან ერთი-ორი კვირით სტუმრად მიგიღონ და დაგაპურონ მწვადით, სახლში ამოყვანილი ყველით, საკუთარი ხელით დაწურული ღვინით და ათასი გემრიელობებით! და ამ ბედნიერი წუთების შემყურე, ვიღას ადარდებს ზედმეტი კილოგრამების შეძენის შიში და წონის მომატება….

სპეციალურად  “კვირასათვის” – ლექსო ბექაური 

MG_3817-e1441107048336

კომენტარები

სხვა სიახლეები