“თუ ვხედავ, რომ მხოლოდ ჩემი მღვდლობის გამო, პატრული არ მაჯარიმებს, უნდა გამოვაწერინო კუთვნილი ჯარიმა” – დეკანოზი თამაზ ლომიძე
გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მოქალაქე მღვდელი:
“როცა ახალგაზრდა და გამოუცდელი მღვდელი ვიყავი, ერთი ხანში შესული მართლმადიდებელი კაცი მომესალმა და დააპირა ხელზე მმთხვეოდა. მისი მხცოვანი ასაკის გამო, მეუხერხულა და ხელი უნებურად უკან წავიღე. მას გაეღიმა და თბილად მითხრა: ნუ გეშინია, მე შენ კი არ გემთხვევი, ამითი მე ქრისტეს მარჯვენას ვემთხვევი, რადგან მწამს, რომ შენი მღვდლობით მის მადლს ატარებო.
ასეა, პატივი ხშირად ხვდება მღვდელს, მაგრამ, თავის მხრივ, მოქალაქე მღვდელი ასე უნდა ფიქრობდეს:
მე თუ ვიცი, რომ ბაზარში მღვდლის შესამოსლით შესული, ჩემი ჩაცმულობით ვაიძულებ გაჭირვებულ გამყიდველს, ფასი დამიკლოს, არ წავალ საყიდლებზე მღვდლის კაბით;
მე თუ ვვარაუდობ, რომ “პროფილაქტიკის” ხელოსანი მხოლოდ ჩემი წვერის და ჯვრის გამო, იძულებული გახდება საკუთარი მძიმე შრომის საფასური არ გამომართვას, სულაც არ გამოვჩნდები თვითონ და სხვას გავატან მანქანას შესაკეთებლად;
მე თუ ვხედავ, რომ მხოლოდ ჩემი მღვდლობის გამო, პატრული კანონს არღვევს და არ მაჯარიმებს იქ, სადაც სხვა ჩემს თანამოქალაქეს აუცილებლად დააჯარიმებდა, უნდა გამოვაწერინო კუთვნილი ჯარიმა. მძიმე იქნება ჩემთვის და ამით გავირთულებ ცხოვრებას, მაგრამ მეცოდინება, რომ მართალი ვიყავი ღმერთის და ქვეყნის წინაშე.
როცა იუდეველთა გადასახადის-დიდრაქმის აკრეფის დრო მოვიდა, ქრისტესაც, როგორც ოჯახის პირველ შვილს, მიაკითხეს და მორიდებით შეუთვალეს: არ გადაიხდი გადასახადსო? ქრისტემ პეტრეს უთხრა: არ ეკუთვნის ძეს ღვთისას ამის გადახდა, მაგრამ რათა არ დავაბრკოლოთ ადამიანები ამქვეყნად, წადი და გადაიხადე ჩემი და შენი სახელითო (მათე, თ. 17).
როცა სახელგანთქმულ სოკრატეს ათენის 500-კაციანმა სასამართლომ ყოვლად უსამართლოდ სიკვდილი მიუსაჯა, მისი გავლენიანი და მდიდარი მეგობრები მზად იყვნენ ციხიდან გაეპარებინათ და გადაერჩინათ იგი. სოკრატემ უარით გაისტუმრა და უთხრა: მე, როგორც მოქალაქეს, ხელშეკრულება მაქვს ჩემს ქალაქთან, არასოდეს დამირღვევია კანონი და არც ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად დავარღვევ მასო.
მღვდლებსაც გვაქვს დაურღვეველი, მოქალაქის ხელშეკრულება ჩვენს ქალაქთან და ქვეყანასთან!”- წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე.