“თუ ვინმეს ჩემი წამება სურს, ნინო ჩხეიძის სიმღერები ჩამირთოს” – ელმავლის მემანქანე, რომელსაც სახლში საკუთარი “რკინიგზა” აქვს
“თუ ვინმეს ჩემი წამება სურს, ნინო ჩხეიძის სიმღერები ჩამირთოს”
28 წლის ჯონი თავართქილაძე 3 წლიდან ელმავლის მემანქანეობაზე ოცნებობდა. უკვე 5 წელია, რაც საოცნებო სამსახურში მუშაობს – თბილისის მახარისხებელ სალოკომოტივო სამმართველოში, ელმავლის მემანქანის თანაშემწე გახლავთ. მიიჩნევს, რომ მემანქანე დინჯი უნდა იყოს. მას არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე პილოტსა თუ გემის კაპიტანს. სამსახურში ავტომობილით დადის. ამბობს, რომ ელმავლის მემანქანეობასთან შედარებით, ავტომობილის მართვა მზესუმზირის ჭამასავით იოლია. ჯონის შინ საქართველოს რკინიგზის მაკეტი აქვს, რომელიც წლების წინ, საკუთარი ხელით შექმნა. გაგვიმხილა, რომ “სახლის რკინიგზაში” 100.000 დოლარს სთავაზობდნენ, მაგრამ თავის ნამუშევარს ვერ შეელია…
– ჩემთვის რკინიგზა ცოცხალი ორგანიზმია. 3 წლის ვიყავი, როცა მამაჩემის მანქანიდან სადგურ “ზესტაფონში” ელმავალი პირველად დავინახე. ელმავალმა ჩემზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადავწყვიტე, ახლოს მივსულიყავი და მენახა. მანქანიდან ჩუმად გავიპარე. ელმავალი ისე მომეწონა, რომ ვთქვი, – მატარებლის “მძღოლი” უნდა გამოვიდე-მეთქი.
– თქვენი ოცნება როგორ აიხდინეთ?
– როცა შორ გზაზე მივდიოდით, მშობლებს ყოველთვის ვეხვეწებოდი, – ავტობუსი, თვითმფრინავი თუ მანქანა არ გვინდა, მატარებლით წავიდეთ-მეთქი. ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ საქართველოს რკინიგზის ასლი შემექმნა. 13 წლისა თბილისში, ვარკეთილში ვცხოვრობდი, სადაც ძველი, გაფუჭებული ტელევიზორი ვიპოვე, რომელსაც ეკრანის გარშემო ლითონის ლენტი ჰქონდა დახვეული. ეს ლითონის ლენტი ისე დავამუშავე, რომ რელსის ფორმა მიეღო, ხისგან შპალები (რასაც ლიანდაგის ქვეშ აგებენ) გამოვთალე და პატარა ლურსმნებით დავამაგრე. ასე შევქმენი ლიანდაგი. პირველი ლიანდაგი თბილისში “გავიყვანე”, სადაც ვცხოვრობდი. ზედ ჩვეულებრივი, სათამაშო მატარებელი დამყავდა… შემდეგ უკვე თბილისში ბინები გავყიდეთ და საცხოვრებლად პატარძეულში გადავედით (ახლაც იქ ვცხოვრობ – სამსახურში პატარძეულიდან დავდივარ). “ჩემი რკინიგზა” (საქართველოს რკინიგზის მაკეტი) ფართო მასშტაბის იქ გავხადე: 35 კვ/მ ოთახში შევქმენი. სათამაშო მატარებლებს აღარ ვიყენებდი. ელმავალიც თავად შევქმენი (ელექტროფიცირებული), რომელსაც თავდაპირველად, 110 ვოლტზე ვამუშავებდი. შემდეგ დავხვეწე, უკეთესები გავაკეთე… დღესდღეობით, საქართველოს რკინიგზის ანალოგი მაქვს, მოქმედი ლოკომოტივებით, ვაგონებით ანუ რაც საქართველოს რკინიგზაზეა, ჩემთანაც იმავენაირადაა თითქმის ყველაფერი… სკოლა რომ დავამთავრე, ჩემი “სახლის რკინიგზა” უკვე შექმნილი მქონდა. რკინიგზის ინსტიტუტში ჩავაბარე. პროფესიით კავშირგაბმულობის სპეციალისტი ვარ. გარკვეული პერიოდი უმუშევარი ვიყავი – მაშინ რკინიგზაში სამუშაო ადგილები არ იყო, სამსახურში არავინ მიღებდა. მანქანიდან თუ დავინახავდი, მატარებელი მიდიოდა, ცრემლები მდიოდა – ელმავალში ყოფნა მინდოდა… მაკეტის სანახავად ჩემთან ბევრი სტუმარი მოდიოდა. ახლაც მსტუმრობენ ხოლმე. ერთხელ ევროკავშირის წარმომადგენლებიც იყვნენ. ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა (მის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ) 100.000 დოლარიც კი შემომთავაზა, მაგრამ არ დავთანხმდი – ჩემი ნაშრომი ჩემთან, სახლში უნდა იყოს.
– ახალი რომ გააკეთოთ?
– საავტორო უფლებას მართმევდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც არ გავყიდდი, რადგან “ჩემი რკინიგზის” შექმნა ჩემი ბავშვობის ისტორიას უკავშირდება, სამსახურიც მან დამაწყებინა: მაკეტის გამო, ტელევიზიებმა გადამიღეს. ერთ-ერთი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების უფროსმა – ბატონმა დავით ჯინჯორიამ რკინიგზაში მუშაობა შემომთავაზა, რაზეც უყოყმანოდ დავთანხმდი, რადგან ეს ჩემი ოცნება იყო. თავდაპირველად, გურჯაანის სალოკომოტივო დეპოში ზეინკლად მუშაობის სხვადასხვა ეტაპი გავიარე და ბოლოს ბატონი ბეჟან გუჯაბიძის (ვინც ჩემი უფროსია) რეკომენდაციით, ჩემს საოცნებო ადგილზე სამუშაოდ გადმოვედი.
– ელმავლის მემანქანეს რა პროფესიული უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს?
– ყურადღებიანი, ფხიზელი, მოძრაობის უსაფრთხოების წესების მცოდნე უნდა იყოს. სასურველია, ლოკომოტივისა და მოძრავი შემადგენლობის აგებულებისა და მექანიზმის ცოდნაც. რა თქმა უნდა, რკინიგზის სფეროში განათლება უნდა ჰქონდეს. მატარებლის მართვისას ურთიერთრეგლამენტის დაცვა და შეთანხმებული, გააზრებული მოქმედება გვევალება. აგრეთვე, ჩვენს საქმეში, ექსტრემალურ სიტუაციაში ფხიზელი და ჯანმრთელი გონებით უნდა მიიღო გადაწყვეტილება. მძინარა ადამიანი მემანქანის თანაშემწედ ვერ იმუშავებს.
– თქვენ და მემანქანეს განსხვავებული ფუნქციები გაკისრიათ?
– თითქმის ერთნაირი ფუნქცია გვაქვს. ელმავალში ჩემი ყოფნის გარეშე, მემანქანეს ლოკომოტივის მოძრაობაში მოყვანის უფლება არა აქვს. ასევე, მის გარეშე მატარებლის დაძვრის უფლება მეც არ მაქვს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მატარებელს ერთდროულად ვმართავთ.
– როგორი განცდა დაგეუფლათ, როცა ე.წ. სამართავ კონტროლიორს პირველად მიუჯექით?
– თანაშემწეს სამსახურში მიღებისთანავე მატარებლის მართვის უფლება არა აქვს. როგორც კი ჩემი დრო დადგა და 3.500-ტონიანი შემადგენლობა პირველად დავძარი, ჩემზე ბედნიერი მართლა არავინ იყო!
– ნერვიულობდით?
– ადრენალინი ვიყავი მთლიანად (იცინის)!..
– თქვენი სამუშაო გრაფიკი როგორია?
– ამჯერად ე. წ. პირდაპირ გრაფიკზე ვარ: როდესაც რეისს მოვრჩები, სიაში “დავენიშნები”. როცა რიგი მომიწევს, მორიგე დამირეკავს – სამსახურში გამოცხადდიო, მეც გამოვცხადდები და რეისში მივდივარ. როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო შემადგენლობაზე მუშაობა შემიძლია, მაგრამ ამჟამად სატვირთო გადაზიდვებს ვასრულებ.
– 12-საათიანი მუშაობის შემდეგ, ძალის აღსადგენად რამდენი დრო გჭირდებათ?
– სამუშაოს დამთავრებიდან დასვენების ხანგრძლივობა 12 საათია. ამაზე ადრე მორიგეს უფლება არა აქვს, სამსახურში გამოცხადება მოგვთხოვოს.
– ელმავლების ხანდაზმულობაზე რას გვეტყვით?
– საქართველოში მოძრავი ელმავლები ექსპლუატაციას შეესაბამება. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სწორედ ქართული წარმოების ელმავლებია, რომლებსაც თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში, თემქაზე ქმნიან. ჩვენს დეპოში, სადაც ვმუშაობ, დღეს საკმაო ოდენობის ახალი, გარემონტებული, ევროსტანდარტების შესაბამისი ელმავლებია. გარდა ამისა, საქართველო აწარმოებს ელმავლებს, რომლებიც აზერბაიჯანში, უკრაინაში, სომხეთში და სხვა ქვეყნებში გადის.
– გვიამბეთ, სად გიმოგზაურიათ, რა გადაგხდენიათ?..
– აზერბაიჯანში მივლინებით 2-ჯერ ვიყავით. აზერბაიჯანელი კოლეგებისგან დიდი გამოცდილება მივიღე, ისევე როგორც მათ – ჩემგან. ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემი სახლიდან 15 კმ-ის მოშორებით, სადგური “იორაა” (კახეთის რკინიგზას ვგულისხმობ). ბავშვობაში კახეთის რკინიგზაზე ჩავდოდი, დავჯდებოდი და ცარიელ ლიანდაგებს საათობით ვუყურებდი. თუ მატარებელიც გამოჩნდებოდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! დიდი ოცნება მქონდა, რომ ოდესმე კახეთის რკინიგზაზე მატარებელი მეტარებინა… მუშაობა რომ დავიწყე და კახეთის უბანზე პირველად მოვხვდი, სადგურ “იორაში” გავიარე – ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ის ადგილი დავინახე, სადაც ბავშვობაში ვიჯექი ხოლმე და მემანქანეს ვუთხარი: აქ მატარებელი ცოტა ხანს უნდა გავაჩერო-მეთქი… ჩამოვედი, 2 წუთით ჩემს ელმავალს შევხედე, სურათები გადავუღე. მემანქანეც ჩამოვიდა, რომელსაც სიტუაცია ავუხსენი. კარგი პიროვნება აღმოჩნდა. მანაც გადამიღო სურათები… ეს ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე იყო. თელავში დღეს მეორედ ვიყავი. ეს ოცნებაც მქონდა, რომ თელავში მატარებელი ამეყვანა…
– მემანქანის თანაშემწის შემოსავალი რამდენია?
– 800 ლარი. ღამის საათებში მუშაობისას 25% გვემატება, დღესასწაულებზე კი – 35%.
– დარწმუნებული ვარ, დღესასწაულებზეც მუშაობთ, ისე გიყვართ თქვენი საქმე…
– რა თქმა უნდა. სპეციალურად აღდგომის დღეებში შვებულებას ვიღებ, რადგან ეკლესიაში სტიქაროსნად და მგალობლად ვმსახურობ – მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი ვარ. ვნების შვიდეულში აღარაფერი მახსოვს – არც სამსახური, არც სახლი… ის დღეები ყველაზე წმინდა და ძვირფასია.
– მუსიკასთან კიდევ რა გაკავშირებთ?
– 7 წელია, ბეთჰოვენის შემოქმედებას ვუსმენ და 4 წელია, რაც მუსიკას ვწერ. 27 საფორტეპიანო კომპოზიცია მაქვს დაწერილი.
– მუსიკალური განათლება გაქვთ მიღებული?
– არა. მხოლოდ სამრევლო სკოლაში დავდიოდი ერთი წელი. ნოტებიც ინტერნეტით ვისწავლე.
– თქვენი მუსიკალური შემოქმედება პროფესიონალს შეუფასებია?
– კი, იყო ასეთი ადამიანი და ძალიან მოეწონა. მელანქოლიურ მუსიკას ვწერ. ძირითადად, მინორზე ვმუშაობ, ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი… მხიარული მუსიკა არ მიყვარს. ძირითადად, მუსიკას ფორტეპიანოსთვის ვწერ, 1-2 ვიოლინოსთვისაც შევქმენი.
– ვიოლინოზე დაკვრაც დამოუკიდებლად ისწავლეთ?
– დიახ.
– ვიოლინო გაქვთ?
– ახლა არ მაქვს. შემდეგ ხელფასს რომ ავიღებ, ყიდვას ვაპირებ. ჩემს მეგობარს ჰქონდა და მიტოვებდა. ახლა გერმანიაში გაემგზავრა და გავატანე. მჩუქნიდა, მაგრამ ძალზე ძვირად ღირებული იყო და მომერიდა… მირჩია, – ჯობია, დაკვრა ნორმალურ საკრავზე ისწავლო, ვიდრე რაღაც 200-300-ლარიან სისულელეზეო.
– თქვენი მუსიკით ფართო ასპარეზზე გასვლა არ გიცდიათ?
– არა, რადგან საქართველოში ამას ყურადღებას არ აქცევენ. გული მტკივა, რომ დღეს საქართველოში დარიდური-დარალე, დამპიტაურ-დიმპიტაურის მეტი არაფერი აინტერესებთ. საქეიფო სიმღერები მეზიზღება. თუ ვინმეს ჩემი წამება სურს, უნდა დამაბას და ნინო ჩხეიძის სიმღერები ჩამირთოს. აი, მაშინ მართლა “გავაფრენ”…
– თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?
– დედა, ბებია და გათხოვილი და მყავს. მამა რუსეთშია. 20 წელია, არ მინახავს.
– მამასთან კონტაქტი არ გაქვთ?
– კი, როგორ არა. რუსეთში მეც ვცხოვრობდი. ბავშვობაში იქიდან რომ ჩამოვედი, მამა რუსეთში დარჩა. თვითმფრინავიდან ვუყურებდი, ხელს რომ მიქნევდა. მაშინ 6 წლის ვიყავი. მას მერე არ მინახავს.
– გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მშობლისგან შორს იზრდებოდით, კიდევ რას გვეტყვით? აღნიშნეთ, სევდიანი ცხოვრება მქონდაო…
– ძალიან ცუდი ბავშვობა მქონდა: ძალიან ცუდ სკოლაში ვსწავლობდი, რადგან ცუდი მასწავლებლები და მოსწავლეები იყვნენ.
– რას გულისხმობთ, ცუდები რატომ იყვნენ?
– ბავშვები ცინიკოსები იყვნენ. მასწავლებლებიც მოსწავლეებს სულ სცემდნენ. ბავშვობაში ვერავის ვუგებდი, რადგან დაცინვა არ მიყვარდა, არავის ვაღადავებდი. ჩემს თავში ჩაკეტილი ვიყავი, არავის ვეკონტაქტებოდი.
– თქვენსავით გულანთებულს იცნობთ ვინმეს, ვისაც ელმავლის მემანქანეობა ასე ძალიან უნდოდა ან უნდა?
– არა, არავის. მხოლოდ ერთი ბავშვი იყო, რომელმაც, როცა გაიგო – ელმავლის მემანქანე უნდა გამოვიდე-მეთქი, მომბაძა – მეც ეგ პროფესია მინდაო. შემდეგ, საექიმოზე ჩააბარა, მე კი – რკინიგზის ინსტიტუტში, რის გამოც მასხრად ამიგდო. ისიც მითხრა, – კაბინეტზე მომიკაკუნებ და გეტყვი, არ მცალია, მერე მიგიღებო… ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ დღეს მე მატარებლის მემანქანე ვარ, ის კი უსაქმურია…
– თქვენი პროფესიის მთავარი ხიბლი რა არის?
– პირადად ჩემთვის ის, რომ მხოლოდ 2 ადამიანს (მემანქანეს და თანაშემწეს) მილიარდობით დოლარის ღირებულების ტვირთი, სახელმწიფო ქონება და ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე აბარია. ხმასაც გეტყვით: მხოლოდ 4 ხმა მაწყნარებს (მუსიკაზე რომ არაფერი ვთქვა): წვიმის, მატარებლის, ზღვის ხმა და გაგეცინებათ – კატის კრუტუნი. 2 კატაც მყავს (იცინის)…
წყარო:http://gza.ambebi.ge