ზაფხულის სეზონთან ერთად ბავშვის მგზავრობის აუტანლობის პრობლემაც მწვავდება. როცა პატარას მგზავრობისას გამუდმებით გული ერევა, თავადაც იტანჯება და მშობელიც. ისეც ხდება, რომ ამ მოვლენის საწინააღმდეგო პრეპატარატები სასურველ შედეგს არ გაძლევთ. როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ ბავშვსა და მშობელს მგზავრობით გამოწვეული დისკომფორტი? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.
რატომ ვერ იტანენ ბავშვები მგზავრობას
სხეულის ნებისმიერ მოძრაობაზე შუა ყურში მდებარე ე.წ. წონასწორობის ორგანო, ვესტიბულარული აპარატი რეაგირებს. ეს ურთულესი მექანიზმი საბოლოოდ 10-12 წლისთვის, ზოგ შემთხვევაში კი უფრო გვიან, 15 წლის ასაკში ყალიბდება. ამიტომ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის რწევა შედარებით რთული გადასატანია. შეიძლება ვესტიბულარული აპარატი მოზრდილობისასაც სუსტი დარჩეს, რის გამოც მგზავრობის აუტანლობა ლამის მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.
შეიძლება ბავშვს მსგავსი პრობლემა არასოდეს შეჰქმნია, თუმცა არც გრძელ და დამღლელ გზაზე უმგზავრია. როგორ უნდა დაადგინოთ, გამძლეა თუ არა მისი წონასწორობის ორგანო ამ დატვირთვის მიმართ? ეს მოციმციმე გამოსახულება ამას მარტივად გადაამოწმებს. სთხოვეთ ბავშვს, დააკვირდეს ამ შავ-თეთრ გამოსახულებას. თუ თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა, მგზავრობისთვის საგანგებოდ უნდა მოემზადოთ.
შეიძლება მგზავრობისას ბავშვს ერთხელ აერია გული, მაგრამ ფიზიოლოგიური პროცესების გამო. ამის გამო შეიძლება შიში დასჩემდეს და მომავალი გულისრევები ამით იყოს გამოწვეული. ყველაფერ ამას რომ გაუმკლავდეთ, ბავშვი ყოველთვის უკანა სავარძელზე დასვით და ფანჯრებზე ფარდებივით შალითები ჩამოაფარეთ. მთავარია, გვერდით, ფანჯრებიდან მოძრავი ანარეკლები არ დაინახოს. უფრო დიდებს ურჩიეთ, მზერა მანქანაში მდებარე რომელიმე მცირე საგანს მიაპყრონ. პატარებისთვის საკმაოდ ეფექტურია სამგზავრო კალათები, რადგან მისი მყარი გვერდები ბავშვს გვერდით გახედვის საშუალებას არ აძლევს.
თუ განსაკუთრებით რთულ და უსწორმასწორო გზებზე სიარული მოგიწვთ, იცოდეთ, რომ ამ დროს ბავშვი კი არა, დიდიც არ არის დაზღვეული უსიამოვნო შეგრძნებებისგან. ზოგჯერ მფრინავები და კოსმონავტებიც კი აღიარებენ, ვესტიბულარული აპარატის დამორჩილება გასჭირვებიათ.
როგორ მოვიქცეთ
მგზავრობამდე ბავშვი საათნახევრით ან ორი საათით ადრე ასაუზმეთ, ისიც მსუბუქად. სავსე კუჭზე რწევა კიდევ უფრო რთული გადასატანია.
თუ ბავშვს მანქანაში გული მაინც აერია, გზას ნუღარ გააგრძელებთ, კარგად გაანიავეთ სალონი, რადგან ზოგჯერ სუნი განმეორებით სპაზმს იწვევს. თუ მხოლოდ შეგრძნება ტანჯავს, ეცადეთ, გულისრევა ხელოვნურად გამოიწვიოთ და ამის შემდეგ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაჩერდეთ. მგზავრობისთვის ისეთი დრო შეარჩიეთ, რომ გადატვირთულ გზაზე არ მოგიხდეთ სიარული.
პროფილაქტიკისთვის ბავშვი ხშირად აქანავეთ საქანელასა და კარუსელებზე. დადგენილია, რომ ჩვილებს, რომლებსაც ხანგრძლივი რწევით აძინებდნენ, გაცილებით უფრო გამძლე ვესტიბულარული აპარატი უყალიბდებათ. აღმოჩნდა, რომ რწევას ძილის წინ, რასაც ბევრი აპროტესტებს და ბავშვისთვის ცუდი ჩვევის ჩამოყალიბებას უწოდებს, ეს საკმაოდ დიდი პლუსი აქვს – ძილის წინ რწევას მიჩვეულ ბავშვებს მგზავრობისას გული ნაკლებად ერევათ.
თუ პრობლემას მარტივად ვერ აგვარებთ, პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ შეგიძლიათ, ჰომეოპათიური პრეპარატებიც სცადოთ.
წყარო: https://mshoblebi.ge