ახალციხეში, ხაშურის ქუჩაზე მცხოვრები მამაკაცის ავტომობილში გველი შეძვრა. ინფორმაციას ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
მეპატრონის თქმით, ქვეწარმავალი ავტოფარეხის კართან იყო გაწოლილი და საბურავიდან მანქანაში შეძვრა.
„საბურავზე აცოცდა. დავქოქე და გამოვიყვანე, მეგონა ჩამოვარდებოდა. მეზობელი უყურებდა, მაგრამ გამოსული არ დაუნახავს. მანქანაშია სადღაც“, – ამბობს მეპატრონე.
ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფი მუშაობს. ისინი მანქანის საბურავის მოხსნას ცდილობენ. ავტომანქანაში შეასხურეს ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ხსნარიც.
„თუ არ დავინახე, რომ გამოიყვანეს, ისე ვერ დავჯდები მანქანაში“, – ამბობს მეპატრონე.
მისივე თქმით, ქვეწარმავალი ამ უბანში გასულ წლებშიც უნახავთ. სავარაუდოდ, იგი მდინარის ნაპირიდან ამოდის.
წყარო:სამხრეთ კარიბჭე