„თუ ადამიანს ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, გართულებების შესაძლებლობაც მცირეა“ – ქართველმა სპორტსმენმა კორონავირუსი დაამარცხა

ფეისბუქგვერდი „სპორტის სახლი“  ქართველი ტიტულოვანი სპორტსმენის, ნიკა სისვიძის შესახებ წერს.

ის არის საქართველოს და ევროპის თასის გამარჯვებული ძიუდოში, საქართველოს ჩემპიონი სამბოში (ახალგაზრდული ნაკრები), მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი და მსოფლიო პრიზიორი, ასევე -სუმოში ევროპის ორგზის და მსოფლიო პრიზიორი.

როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, სპორტსმენმა კორონავირუსი გადაიტანა და ის საზოგადოებას თავის გამოცდილებას უზიარებს:

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი დამეხმარა კორონავირუსის მარტივად დაძლევაში. ამ გადმოსახედიდანაც ვფიქრობ, რომ ეპიდსიტუაციით გამოწვეული სირთულეები დროებითია და ის რამდენიმე თვეში აუცილებლად დასრულდება” , – ასეთია ტიტულოვანი ახალგაზრდა სპორტსმენის მოლოდინები და განწყობა.

ნიკა სისვიძე თანამოქალაქეებს ურჩევს, პოზიტიურად განეწყონ და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდნენ. სპორტსმენი თვლის, რომ დღეს არის სიტუაცია, რომელსაც ჩვენ, რიგითი ადამიანები ვერ შევცვლით, შეგვიძლია მხოლოდ მოვლენების განვითარებას, სიტუაციის გამოსწორებას დაველოდოთ და უბრალოდ გვქონდეს კარგის მოლოდინი. ნიკა სისვიძე, რომელმაც ვირუსი დაᲫლია, გვირჩევს:

„მთავარი, რაც ფიზიკურ გაჯანსაღებასა და იმუნიტეტის გამომუშავებაში გვეხმარება, ეს სწორი კვება და სითხის სწორად მიღებაა. მე პირადად, დღის განმავლობაში 5 ლიტრამდე წყალს ვსვამ, რადგან ინტენსიურად ვვარჯიშობ. თუმცა, ჩვეულებრივ, ადამიანებმა დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი წყალი მაინც უნდა მიიღონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასმელი წყლის დილის საათებში მიღება, რადგან ამ დროს ჩვენი ორგანიზმი, ღამის ძილის შემდეგ, პასიურ მდგომარეობაშია და ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლის აღსადგენად, სითხე გადამწყვეტ როლს თამაშობს.

რაც შეეხება გაზიან სასმელებს, ჩემი აზრით, შაქრის შემცველ სითხეებზე უარი უნდა ვთქვათ, შეგვიძლია მხოლოდ ორგანიზმის მინერალური სასმელებით დატვირთვა.

როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე ვსაუბრობთ, აქ სწორ კვებას დიდი როლი აკისრია. უარი თქვით სწრაფ კვებაზე, ასევე საცხობებში შეძენილ პროდუქტზე. მიიღეთ ხორცი, ბოსტნეული, ხილი და ყველაფერი ის, რასაც ექიმი დიეტოლოგები გვირჩევენ.

დამიჯერეთ, ამ ყველაფრის დაცვა აუცილებლად აისახება ჯანმრთელობაზე, განწყობაზე და წარმოუდგენელ ენერგიას მოგცემთ!

ივარჯიშეთ ყველგან, სადაც შეძლებთ, განსაკუთრებით ღია სივრცეში და თუკი შესაძლებელია, დილის საათებში. სუფთა ჰაერი, სირბილი, გარეთ ვარჯიში აბსოლუტურად სხვა ტონუსს მოგცემთ, ის მოქმედებს ჩვენს განწყობაზეც…

 მესმის, რომ დღეს დახურულია სპორტდარბაზები, ფიტნეს კლუბები… მაგრამ, მერწმუნეთ, ფიზიკური აქტივობა ცხოვრების ის წესია, რომელიც ყველა სიტუაციაში გვაძლევს შესაძლებლობას, არ ამოვვარდეთ ფორმიდან.

ჩვენი საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს შეგვიძლია გავიდეთ სტადიონებზე, ასეთი სივრცეები დღეს ყველგან არის… გააკეთეთ აზიდვები, ივარჯიშეთ ტურნიკებზე, ჩაებით ქუჩის თამაშებში, ეს იქნება ფეხბურთი, ფრენბურთი თუ სხვა.

არ იფიქროთ ცუდზე! დამიჯერეთ, ნეგატიურ აზრებს მხოლოდ გონება გვაწვდის და ჩვენ შეგვიძლია ეს მოცემულობა შევცვალოთ. ჩვენმა გონებამ ხშირად არც იცის, რომ ორგანიზმს, ჩვენს ხელებს, ფეხებს, სხეულის სხვა ნაწილებს აუცილებლად სჭირდებათ ფიზიკური აქტივობა… გონება ხშირად გვკარნახობს, გვეუბნება, რომ ადამიანი დაღლილია და არ შეუძლია ვარჯიში. ეს ასე არ არის! უკუაგდეთ ეს ცუდი ფიქრები და შეცვალეთ დამოკიდებულება, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ!

ეს რთული არ არის. ცხოვრების ჯანსაღ წესს ყოველთვის, ყველა დროში მოჰქონდა ადამიანებისთვის სიკეთე და ეს არის ის, რაც ადამიანებს დღეს ძალიან გვჭირდება!

რაც შეეხება ვირუსს, მე ის ნამდვილად მარტივად გადავიტანე. საავადმყოფოშიც მომიწია მკურნალობა, თუმცა, თუკი ადამიანს ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, მოსალოდნელი გართულებების შესაძლებლობაც მცირეა…მადლობა ღმერთს, დღეს მეც და ჩემი ოჯახიც თავს კარგად ვგრძნობთ და სრულიად გამოვჯანმრთელდით!“, – ნათქვამია „სპორტის სახლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები