ჯან იამანი თურქული სერიალების კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. განსაკუთრებით კი ის იტალიასა და ესპანეთში უყვართ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ მსახიობს თავად თურქები დიდად არ სწყალობენ და თურქეთში სხვა მსახიობებთან შედარებით ადგილობრივი მაყურებლის ნაკლები სიყვარულით სარგებლობს.
31 წლის ჯან იამანი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალით Erkenci Kuş/ “ნაადრევი ფრინველი“, სადაც პარტნიორობას ცნობილ თურქ მსახიობს, დემეთ ოზდემირს უწევს.
ჯანი 1989 წლის 8 ნოემბერს სტამბოლში დაიბადა. სხვა თურქი მსახიობების მსგავსად, მასშიც სხვადასხვა ეროვნების სისხლია. ჯანის ბაბუა ალბანელია, ხოლო ბებია მაკედონიიდან. მსახიობმა სკოლის პერიოდი იტალიაში გაატარა, სკოლა იტალიაში დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სასწავლებლად ამერიკაში წავიდა, სადაც იურისპრუდენციას სწავლობდა.
როგორც ცნობილია, ის 6 თვის განმავლობაში იურისტადაც კი მუშაობდა. მსახიობობა მოგვიანებით გადაწყვიტა. ამბობს, რომ თავდაპირველად მსახიობის პროფესიას უბრალოდ ჰობად მიიჩნევდა და ვერ წარმოიდგენდა, თუ მთელ კარიერას ამ საქმეს მიუძღვნიდა.
პირველად 2014 წელს, სერიალში Gönül İşleri მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, შემდეგ იყო სერიალები İnadına Aşk, Hangimiz Sevmedik, Dolunay.
რაც შეეხება ჯანის პირად ცხოვრებას, ის მსახიობ ბესთემსუ ოზდემირს ხვდებოდა, წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა, შემდეგ საუბრობდნენ იმაზე, რომ ის “ნაადრევი ფრინველიდან“ თავის პარტნიორთან, დემეთთან იყო ურთიერთობაში. პაპარაცებმა რამდენჯერმე ერთადაც “გამოიჭირეს” უხერხულ მომენტში, თუმცა მედიისთვის არც ერთ მათგანს არ დაუდასტურებია, რომ რომანტიკულ ურთიერთობაში იყვნენ.
მოგვიანებით, თურქულმა ყვითელმა პრესამ დაწერა, რომ ჯანი და დემეთი ერთმანეთს დაშორდნენ. ამჟამად მსახიობის ცხოვრებაში არავინაა.
ჯანი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და თურქულ ენებზე.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის შემოდგომაზე ის ესპანეთს ესტუმრა, მადრიდში ჯანს ფანების არმია დახვდა, გულშემატკივრები ელოდნენ სასტუმროსთანაც და მათი რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მსახიობს სასტუმროში შესვლა გაუჭირდა. სწორედ იმ პერიოდში მადრიდში იმყოფებოდა თურქული სერილების ვარსკვლავი ქივანჩ თათლითუგი, რომლის ვიზიტსაც ესპანელთა მხრიდან მსგავსი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
ჯან იამანმა კი აღნიშნულ ფაქტზე ასეთი რამ თქვა: “მაყურებელი თუ არ გყავს, შეუძლებელია პოპულარული გახდე, მე არ ვიცი ქივანჩის სერიალები ესპანეთში თუ იყიდება, ქივანჩის სერიალებს ესპანეთში არ უყურებენ“.
სწორედ ამ გამონათქვამმა გაანაწყენა არა მხოლოდ თურქი მაყურებელი, არამედ მსახიობებიც და ამის გამო ჯანის პარტნიორობაზე უამრავმა ადამიანმა თქვა უარი, ასევე რეჟისორებმაც აღარ მოინდომეს მასთან თანამშრომლობა და უკვე დამტკიცებული პროექტი ჩაიშალა.
ასეთი დახვედრა მოუწვეს ფანებმა ჯან იამანს მადრიდის აეროპორტში:
ეს ვიდეო კი იტალიაში, რომის აეროპორტშია გადაღებული:
ჯანმა მხოლოდ ახლა მიიღო ახალი პროექტი და ერთადერთი მსახიობი, რომელიც მასთან ერთად სერიალში მონაწილეობაზე დათანხმდა, მისი ყოფილი ეკრანული პარტნიორი ოზგე გურელია. სერიალი სახელად “ბატონი არასწორი“ ეკრანზე დაახლოებით ორ კვირაში უნდა გამოვიდეს.
მიუხედავად ასეთი სკანდალებისა იამანის კარიერა სუპერ წარმატებულია. იტალიაში სერიალ “ნაადრევი ფრინველი” ჩვენება ერთი კვირის წინ დაიწყეს და მის პირველ ეპიზოდს 2,2 მილიონმა იტალიელმა უყურა.
თურქულ პრესაში საუბრობდნენ იმის შესახებაც, რომ ჯანი იტალიაში გადაბარგებას და კარიერის იქ გაგრძელებას გეგმავს, რადგანაც არაერთი შემოთავაზება აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით იამანი მაინც თურქეთში ცხოვრებას ამჯობინებს და მაყურებელს ახალი პროექტით უბრუნდება.
წყარო:https://www.ambebi.ge