თურქი ქალი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის შვილია და დნმ-ის ტესტს ითხოვს

]ანკარაში მცხოვრებმა 55 წლის ნეჯლა ოზმენმა თურქეთის სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ დონალდ ტრამპის მონაწილეობით დნმ-ის ტესტი ჩატარდეს და მისი ბიოლოგიური წარმომავლობა დადგინდეს. ამის შესახებ ავტორიტეტული თურქული გამოცემა Daily Sabah წერს.

ოზმენის განცხადებით, ის ოფიციალურად რეგისტრირებულია სატისა და დურსუნ ოზმენების შვილად, თუმცა ამტკიცებს, რომ მისმა აღმზრდელმა დედამ გარდაცვალებამდე გაუმხილა, რომ რეალურად იგი სხვა ქალისგან დაბადებული ბავშვია. ოზმენის ვერსიით, ეს ქალი აშშ-ის მოქალაქე იყო და დონალდ ტრამპთან არაოფიციალური ურთიერთობის შედეგად დაორსულდა, მოგვიანებით კი ახალშობილი მიატოვა.

ქალმა სასამართლოსგან მოითხოვა დნმ-ის ტესტის დანიშვნა, თუმცა ანკარის სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა საქმის განხილვისთვის საკმარისი ფაქტობრივი მასალები და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მედიის ინფორმაციით, ოზმენმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და აცხადებს, რომ შესაბამისი მოთხოვნით აშშ-ის დიპლომატიურ და სამართლებრივ ინსტანციებსაც მიმართავს. მისი თქმით, მიზანი არა სკანდალის შექმნა, არამედ საკუთარი წარმომავლობის დადგენაა.

ამ ეტაპზე არ არსებობს არცერთი ოფიციალური დოკუმენტი ან დნმ-ის ტესტის შედეგი, რომელიც ოზმენის განცხადებებს დაადასტურებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები