“თურმე როგორ მიყვარდი, რომ ახლა მინდა გითხრა: მიყვარხარ!”-ლევან რამიშვილი

მწერალი, ლევან რამიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მეგობრის, ზურაბ რთველიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება:
“ეს პოსტი,, როგორც საშინაო დავალება ოროსან ბავშვს, ისე მაქვს აკიდებული იმის შემდეგ, რაც ზურა წავიდა. აკიდებული მაქვს იმიტომ, რომ მინდოდა მეყვირა, მეღრიალა, რომ ასე არ შეიძლება, რომ ზურა რთველიაშვილი არ შეიძლებოდა მომკვდარიყო… მაგრამ არ შემეძლო, უბრალოდ არ შემეძლო ამაზე წერა.
ზურა 90-იანებში გავიცანი გიორგი ბუნდოვანთან ერთად. მაშინ მათ “ქრონოფაგების” პოეტური ორდენი ქონდათ და ათას სიგიჟეს აკეთებდნენ, ჩემს მეგობრებს (გიორგი ქორიძეს, გაგა ნახუცრიშვილს და სხვებს) და მე კი გვქონდა პოეტური ორდენი “ყვითელი ცხედრები” და ასევე მაგრად “ვაფრენდით”… ეს ორი ორდენი ვხვდებოდით ერთმანეთს და ვკითხულობდით ლექსებს, თარგმანებს. ვსაუბრობდით და ვკამათობდით პოეზიაზე…
შემდეგ მოხდა ისე, რომ მე ქვეყნიდან წავედი და რომ დავბრუნდი, პოეზიისთვის აღარ მეცალა… ზურას იშვიათად ვხვდებოდი, ძირითადად ტელევიზორში მოვკრავდი ხოლმე თვალს. შემდეგ ზურა წავიდა შვედეთში.
ერთ დილასაც ტელეფონი რეკავს.
– როგორა ხარ , ძმაო-ჯან? – მესმის ზურას ხმა, – ბიჭო, საღამოს გამოსვლა მაქვს და ბას-გიტარა მიშოვე რა!..
გამიკვირდა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი, ძლივს ვიშოვე ბასი და დავურეკე. ზურამ არც აცია, არც აცხელა, ვერ ვასწრებ გამოსვლას და ძმურად ეგ გიტარა დიდუბეში გამოფენაზე მომიტანეო… გამოფენაზე უზარმაზარ და ხალხით სავსე პავილიონში სცენასთან შევხვდი. ეგრევე მახალა, ბასისტი არ მოვიდა და შენ უნდა დაუკრაო. იმ დროისთვის უკვე აღარც კი მახსოვდა დაკვრა, მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე. ასე აღმოვჩნდი უეცრად სცენაზე ზურასთან და გენიალურ დრამერთან, დანოსთან ერთად. ზურა ჩემს წინ, ორიოდე მეტრის მოშორებით იდგა და ლექსებს კითხულობდა, ჩვენ კი მუსიკალურ ფონს ვუქმნიდით.
მაშინ ვიგრძენი პირველად ამ ადამიანის გენიალურობა, რასაც ქვია მთელი ძალით. ის არ კითხულობდა ლექსებს, ის გმინავდა ლექსებად, ქუხდა, გრგვინავდა… მის უკან მდგომი იმხელა ენერგიას, იმხელა ძალას ვგრძნობდი მისგან, რომ ცოტა შემეშინდა კიდეც – ეს არ იყო ადამიანური ძალა, ადამიანური ენერგია, ეს რაღაც სხვა იყო, რაღაც ისეთი, რაც ადამიანებს არა აქვთ… მხოლოდ ახლახანს გავიგე ზურას მეუღლისგან, ნინოსგან, რომ თურმე ჩემი სცენაზე შეტყუება თავიდანვე ჩაფიქრებული ქონდა…
ამის შემდეგ ისევ წლები გავიდა. ზურა ისევ შვედეთში იუო. ერთხელაც ნეპალიდან ჩამოსული პოლიციამ გამჩხრიკა და რაღაც წამლიებში “აკრძალული ნივთიერება” აღმომიჩინა. თავდებით გამომიშვეს და სასამართლო დამინიშნეს, სადაც, სულ მცირე, 9 წელი უნდა მოესაჯათ… მივდექი, მოვდექი, მაგრამ ყოფილმა ვითომ მეგობრებმა (არ დავასახელებ მათ, რადგან, როგორც ვისოცკი იტყოდა, “ასეთებზე აქ არ მღერიან”…) არაფერი გააკეთეს ჩემს დასახმარებლად, თუმცა შეეძლოთ… სასამართლო ახლოვდებოდა, გამოსავალი კი არ ჩანდა. ფბ-ზე პოსტი დავწერე, სადაც ეს გამოუვალი სიტუაცია აღვწერე, არც კი ვიცი, რისთვის, ალბათ იმედი მქონდა, რომ ვინმე გამოეხმაურებოდა, მაგრამ არავინ გამოეხმაურა ამ პოსტს, ერთი ადამიანის გარდა! ეს ზურა რთველიაშვილი იყო. შორეული შვედეთიდან მან ჩემი მხარდასაჭერი უზარმაზარი წერილი გამოაგზავნა. გასაგებია, და ალბათ მასაც ესმოდა, რომ ამით ვერ მიშველიდა, მაგრამ ამ წერილს სულ სხვა მნიშვნელობა ქონდა… ამის გადმოცემა ძნელია… ეს ისეთი რამეა, რაც ვერასოდეს დაგავიწყდება…
ბარემ ვიტყვი, რომ არ გაწვალოთ – სასამართლოზე რაღაც სასწაული მოხდა – მხოლოდ ერთი წელი მომისაჯეს, ისიც პირობითად. ყველა გაოცებული იყო, ჩემი მეგობარი ადვოკატიც კი, რომელმაც მითხრა, რომ ასეთი რამეები “უბრალოდ არ ხდება”…
შემდეგ ზურა დაბრუნდა და იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს. მინდა წავიტრაბახო, რომ სიცოცხლეშივე ვიცოდი მისი ფასი. არაერთხელ დამიწერია, რომ დიდი პოეტი იყო, გენიალური პოეტი, ისეთი, როგორიც საუკუნეში ერთხელ იბადება. მაგრამ ახლა ამაზე არ მინდა ლაპარაკი. ჩემთვის ის უბრალოდ საყვარელი ადამიანი იყო – დიდი, უზარმაზარი ბავშვის გულით… ისეთი მოუსვენარი, მოუხელთებელი, ცოცხალი კაცი-ბავშვი, რომლის არსებობასაც ვერ იჯერებ, მაგრამ ვისი წასვლის დაჯერებაც არ შეგიძლია…
ბევრი რამ მინდა მოვყვე ზურაზე, მაგრამ რ შემიძლია… ერთს ვიტყვი მხოლოდ – ბოლოს მასთან ვიყავი სტუმრად. ათასი იდეა დავახვავეთ და მათ შორის, მოდი, “გრუპა” გავაკეთოთო, მითხრა. იდეაში ქონდა, მისი გენიალური საუნდ-პოეზია მუსიკად ექცია. გენიალური ჩანაფიქრი იყო და დავპირდი, აგერ ვარ და რაც გინდა, ის ვქნათ მეთქი. ჯგუფის სახელიც მოფიქრებული ქონდა: “Trolling stones”… ამის შემდეგ რამოდენიმეჯერ ვილაპარაკეთ და სულ მახსენებდა, რომ “გრუპა” გასაკეთებელი იყო, მაგრამ მე ვერ ვიცლიდი.
სიტყვა გამოგრძელდა… მინდა ყველამ იცოდეს, რომ ზურა რთველიაშვილი ძალიან დიდი პოეტი იყო. ბოლოს რომ ვნახე, ისეთი შედევრი წამიკითხა, ენა მუცელში ჩამივარდა. ასე იწყებოდა: “ხუთ პოლიციელს ბოდჰისატვას ღიმილი ქონდა…” ზურა არ იყო გენიალური პოეტი, იმ გაგებით, რა გაგებითაც ეს ჩვენში ესმით – მხოლოდ რითმებისა და ფაქიზი გრძნობების დიდოსტატი… არა, ის ძალიან ღრმა პოეზიის ავტორი იყო! ის ეხებოდა ისეთ ღრმა თემებს, რომელთა გადმოცემაც პოეზიით თითქმის შეუძლებელია. ამის მაგალით თუნდაც მხოლოდ ეს ტაეპიც არის: “ხუთ პოლიციელს ბოდჰისატვას ღიმილი ქონდა…”
აღარ მოგაწყენთ თავს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ზურას გენიის გაგება ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს…
სამწუხაროდ ჩვენ იშვიათად ვეუბნებით ერთმანეთს ყველაზე მთავარ სიტყვას – “მიყვარხარ!”… ზურა, შენი წასვლის შემდეგ ისე მაგრად დამაკლდი, ისე მძაფრად ვგრძნობ, თურმე როგორ მიყვარდი, რომ ახლა მინდა გითხრა: მიყვარხარ! და სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ჩემთან ხარ, ჩემში ხარ და ყოველთვის მეყვარები!”-წერს ლევან რამიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები