„თითოეული ქართველი, დასაძინებლად დაწოლისას უნდა იხსენებდეს, რომ რკინის საწოლზე, ცივ საკანში წვება ვაჟა გაფრინდაშვილი“ – გიორგი კეკელიძე
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ წერს:
„თუ გვინდა რომ ხვალ ის ქვეყანა გვერქვას, რომელზეც ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე ოცნებობდნენ, რომელსაც ღირსეული ხალხის ერთობა უნდა ერქვას – თითოეული ქართველი, ყოველ ღამით, დასაძინებლად დაწოლისას, წამით მაინც უნდა იხსენებდეს, რომ ზუსტად ამ დროს, რკინის საწოლზე, ცივ საკანში წვება კაცი, რომელსაც ვაჟა გაფრინდაშვილი ჰქვია.
ამას პირველ რიგში საკუთარ თავს ვეუბნები და მერე დანარჩენებს – პათეტიკის და სადღეგრძელოს განცდის გარეშე. რადგან ზოგი ფიქრი მართლა საქმეს უდრის, რადგან ზოგ ფიქრს ცოტა დაძალება და სწავლა უნდა“, – წერს გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, 15 ნოემბერს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.