თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში იღებენ – როგორ აღმოჩნდა მთავარი ინფექციონისტი რომანტიკულ ფანტასტიკაში
ცნობილ იმუნოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს – თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში იღებენ. “გააზიარე სიყვარული” – ასე ასათაურებს ნიკოლოზ ხომასურიძე ისტორიულ რომანტიკულ ფანტასტიკას, რომლის სცენარის ავტორიც თვითონ გახლავთ.
როგორც გვიმხელს, ფილმი სიყვარულზე, კარანტინსა და დროში მოგზაურობაზეა. როგორც ის “პრაიმტაიმთან” ჰყვება, მთავარი გმირები ჩვენი ქვეყნის მთავარ ისტორიულ, ეროვნულ გმირებს ხვდებიან, მათ შორის – დავით აღმაშენებელს, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეებს, ნიკო ფიროსმანსა და მარგარიტას, ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილს, დავით სარაჯიშვილს… ფილმში ნაჩვენები სიყვარული, როგორც პირადი, ასევე სამშობლოს, ერის…
“ამ საინტერესო ფილმით წარმოვაჩენ, თანამედროვეები როგორ ვერ ვაფასებთ ჩვენი ძვირფასი წინაპრების ღვაწლს. როგორ უნდა გვქონდეს ჩვენი დამოკიდებულება სამშობლოს, კულტურის და ისტორიის მიმართ” – გვყვება რეჟისორი.
სიუჟეტის თანახმად, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული შეყვარებული წყვილი კარანტინში ხვდება და ერთმანეთის ნახვის საშუალება არ აქვთ. სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშების მეშვეობით კი გადადიან სხვადასხვა დროსა და სივრცეში, სადაც ისტორიულ გმირებს ხვდებიან. მთავარ როლებში არიან გიორგი გილიგაშვილი და ელისაბედ ბერიშვილი. ფილმში ითამაშებენ ბექა თურმანიძე, ლაშა კანკავა, გიორგი და ოთო დარჩიაშვილები, გიორგი მეგრელიშვილი და სხვა.
ნიკოლოზ ხომასურიძე: – ფილმში ბატონი თენგიზ ცერცვაძე თანამედროვე ეპოქის გმირად გვყავს გამოყვანილი. თამაშზე ადვილად დაგვთანხმდა. დეტალურად გავიარეთ, რაზე იქნება ფილმი, რა როლს ვთავაზობდით… აღმოჩნდა, რომ მასაც იგივენაირი პატივისცემა გააჩნდა ჩვენს მიმართ, როგორც ჩვენ – მისადმი. ნანახი ჰქონდა ჩემი ფილმი “ექვთიმე”, გიორგი გილიგაშვილის მუსიკალური ვიდეონამუშევრები. (გიორგი მთავარ როლშია.) ძალიან გაგვახარა ბატონი თენგიზის ჩვენდამი დამოკიდებულებამ. დიდი სიამოვნებით შემოვუერთდები ასეთ კარგ კამპანიასო, გვითხრა.
მას საინტერესო სცენა და დატვირთვა ექნება ფილმის ფინალურ სცენაში. ის თანამედროვე ქართველი ექიმების სიმბოლური წარმომადგენელია, რომლებმაც მთელი პანდემიის პერიოდში მართლა კარგად იმუშავეს და მსოფლიოსთვისაც სამაგალითოები იყვნენ.
ჯერ ბატონი თენგიზის სცენა არ გადაგვიღია. თვის ბოლოს დავგეგმავთ და ან რომელიმე კლინიკაში, ან სპეციალურად გაკეთებულ პავილიონში გადავიღებთ.
როგორც ნიკოლოზი ამბობს, გადაღებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში იქნება. ფილმის გადაღების პარალელურად იწყებენ კამპანიას, რომელიც ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს. იმედოვნებს, რომ ამ მხარდაჭერით და გვერდში დგომით, წლის ბოლოსთვის დაასრულებს ფილმის გადაღებას.
“ფილმის ბიუჯეტი საკუთარ სახსრებზე და წინასწარ გაყიდულ ბილეთებზე დაყრდნობით შედგება. როგორც “ექვთიმე” გადავიღეთ, ხალხის მიერ გაღებული თანხითა და მხარდაჭერით, ასევე ვაპირებთ ამ ფილმის გადაღებას. სხვა შანსი არ გვაქვს, ვინაიდან ეროვნულ-პატრიოტულ-ისტორიული ფილმს მხარდაჭერას არ უწევს სახელმწიფო, არ აინტერესებს. არც ბიზნესია დიდად ჩართული, ამიტომ პირადად მოძიებული სახსრებითა და ხალხის მხარდაჭერით ვაპირებთ გადაღებას. თუ ვინმე შემოგვიერთდება, ძალიან გაგვიხარდება.
წყარო:https://primetime.ge