თბილისში, მოსკოვის გამზირის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ძაღლი მოკლეს.
სასტიკად მოკლული ცხოველის ფოტოები ემოციურ ტექსტთან ერთად სოციალურ ქსელში ქეთა ხვიჩიამ განათავსა.
“დღეს მე მომკლეს ჩემ ძაღლთან ერთად, ზმკ-ის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გვერდით, თავში მესროლეს. აი, ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა, რომელსაც მომავალი არ აქვს სამწუხაროდ. სიტყვები არ არის საკმარისი… პატარა ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, ის, ვინც გვესროლა გაიგებს ჩემ ხმას ოდესმე, კანონი არ არსებობს, ამიტომ მე მას ვუსურვებ ყველაზე საყვარელის დაკარგვას და სისხლის გაწყალებას, ტანჯვას…იცოდეს, რომ მან უდანაშაულო ადამიანს ესროლა და არა მარტო ძაღლს“, – წერს ქეთა ხვიჩია.
“კვირა +“ დაინტერესდა, ვის და რატომ შეიძლებოდა მოეკლა ძაღლი და ქეთა ხვიჩიას დაუკავშირდა.
როგორც ირკვევა, მოკლული ცხოველი წმინდა სისხლის ლაიკა იყო და მესამე წელია ე.წ. ზმკ -ს ტერიტორიაზე ქუჩაში ცხოვრობდა.
მას და აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ძაღლებს ქეთა ხვიჩია ყოველდღიურად უვლიდა.
ხვიჩია ამბობს, რომ ძაღლი არ იყო აგრესიული და მისთვის გაუგებარია ვის და რა მოტივით უნდა მოეკლა ის.
“არ ვიცი ვის შეიძლება მოეკლა, მაგრამ ფაქტია, რომ განზრახ არის მოკლული ტყვია ახლო რადიუსიდან აქვს ნასროლი თავის არეში. შემთხვევის დროს მე იქ არ ვიყავი, სხვებმა გაიგეს სროლის ხმა და მერე დამირეკეს. კლინიკაში გადავიყვანეთ, თუმცა თავში ისე ჰქონდა ტყვია ნასროლი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სუფთა სისხლის ლაიკა იყო და გამორჩეული სხვა ლაიკებისგან იმიტომ, რომ შავი ფერის იყო. არ მახსოვს რომ აგრესია გამოეხატა ვინმეს მიმართ, ეს იყო ადამიანი უბრალოდ ოთხი ფეხი ჰქონდა, არ ვიცი რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ. ჩვენება მივეცი სამართალდამცველებს და ალბათ გაირკვევა ვინ და რატომ ჩაიდინა ეს ყველაფერი, ამას სჭირდება ბალისტიკური და სხვა სახის ექსპერტიზები, უბრალოდ მხოლოდ ერთს ვითხოვ, რომ ექსპერტიზის შემდეგ ძაღლი გამომატანონ, მინდა, რომ მე დავმარხო“,- აცხადებს ქეთა ხვიჩია.
როგორც “კვირა +-სს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება).
სხვა სიახლეები