თბილისში ორი თვის წინ მასონთა ლოჟა დაფუძნდა?!. – როგორ გაუსწორდნენ ჟურნალისტს, რომელიც ამ თემით დაინტერესდა

19 წლის ნიკა ჭავჭავაძე რამდენიმე თვეა, რაც გადაცემა ”სხვა რაკურსის” ჟურნალისტია. პარანორმალური მოვლენებით დიდი ხანია დაინტერესდა, მაგრამ ბოლო დროს მისი ყურადღება ერთმა ამბავმა მიიპყრო.

ჟურნალისტს ამ თემის კვალდაკვალ უამრავი საინტერესო რამ გადახდა, სიკვდილს თვალებში ჩახედა, იყო მუქარაც და დაშინებაც, ყველაფრის მიუხედავად, აპირებს, ამ თემას ისევ მიუბრუნდეს, ოღონდ გარკვეული დროის შემდეგ.

– პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ჟურნალისტიკით დიდი ხანია დავინტერესდი. ყოველთვის მომწონდა პარანორმალურ მოვლენებზე მომზადებული რეპორტაჟები და რამდენი თვის წინ თბილისში არსებული 10 მისტიკური სახლის თემამ დამაინტერესა, რომლებსაც ერთმანეთთან გვირაბები აკავშირებთ. იმ პერიოდში წიგნის დაწერა მინდოდა, მაგრამ იმდენად რთული და საინტერესო თემა აღმოჩნდა, რომ გადაცემა ”სხვა რაკურსში”გასაუბრებაზე მისულმა პროდიუსერს გავუმხილე. იდეა მოეწონა და გადავწყვიტე, რეპორტაჟი გამეკეთებინა.

– შეგიძლია, უფრო დაწვრილებით მოგვითხრო, რომელ სახლებზეა საუბარი?
– თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს ათი სახლი, რომლებსაც რუკაზე თუ მონიშნავ და წერტილებით შეაერთებ, პენტაგრამას, იმავე სატანის ნიშანს მიიღებ. შუა ნაწილში სამკუთხედს ქმნის რუსთაველის თეატრის, უზენაესი სასამართლოსა და კანცელარიის შენობები. რაც ყველაზე საინტერესოა, ათივე სახლი არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა ააშენა. ასევე სამი შენობაც, რომელიც შუაგულში მდებარეობს. არქიტექტორზე მოძიებული ინფორმაციით გავარკვიე, რომ საქართველო ძალიან უყვარდა, მაგრამ იყო მასონი, სატანის მიმდევარი. მის მიერ აშენებულ სახლებზე გამოხატულ ორნამენტებს თუ დააკვირდებით, მასონთა ნიშნებს ამოიცნობთ. გამიმართლა და რუსთაველის თეატრში მისულს ახალი თანამშრომელი დამხვდა, რომელმაც უპრობლემოდ ჩამიყვანა სარდაფში. სამი სართულის ქვევით დავინახე, რომ გისოსები ჩანდა, როდესაც შიგნით ჩავანათე, ძალიან გრძელი კიბე დავინახე. გვერდზე კი წარწერაა, რომ ამ კარს საბერძნეთის სახელმწიფო იცავს. არ ვიცი, დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ამ ქვეყანას ყველა იმ მისტიკური სახლის შესყიდვა სურს, რომლებიც პენტაგრამას ქმნის. შემდეგ ჯერზე რუსთაველის თეატრში კამერით აღარ შემიშვეს.

– ამის შემდეგ გადახვედი სახლებზე?
– დიახ, პირველად ინგოროყვას 6 ნომერში მივედი. საკმაოდ მძიმე შესახედავია გარედან, თან საინტერესოა ისიც, რომ ათივე სახლში თვითმკვლელობა მოხდა. ქალიშვილმა გოგონებმა მოიკლეს თავი. სახლს უკანა მხრიდან შემოვუარე, სახურავზე მინდოდა ასვლა, სადაც გოგონამ თავი ჩამოიხრჩო, მაგრამ კიბის გარეშე ვერ ავედი. მეზობელ ქალს კიბე ვთხოვე. ქალმა ტირილი დაიწყო, ოცი წლის წინ ამ სახლში შენნაირად ერთი ჟურნალისტი გოგონა მოვიდა რეპორტაჟის გასაკეთებლად, ორი დღის შემდეგ მისი მშობლები მოვიდნენ და დაკარგულს ეძებდნენო. ამან არ შემაშინა, მაინც ავედი სხვენში, ისეთი არაფერი დამხვდა, მაგრამ ზევიდან რომ იყურები, ქვევით სარდაფში ჩასასვლელი კარი ჩანს. საღამოს ოპერატორთან ერთად მივედი და ”სთენდაფის”ჩაწერა დავიწყე, რომ ოცი წლის წინ ჩემი კოლეგა ამ სიუჟეტის კეთებას შეეწირა და შეიძლება, ეს ჩემი ბოლო რეპორტაჟი აღმოჩნდეს-მეთქი – ეს ვთქვი და იატაკი ჩამიტყდა, ორი სართულით დაბლა, სარდაფში ჩავვარდი. გონზე გარეთ მოვედი, ამომიყვანეს და საოცრება ის იყო, რომ დაშავებული არ ვყოფილვარ.
– გონდაკარგულს რამე ხმები თუ ჩაგესმოდა?
– მთელ ტანზე ჩქმეტას ვგრძნობდი და იმ ქალის სახე მედგა თვალწინ, რომელმაც გამაფრთხილა. ამ ამბიდან მესამე დღეს ქალის სანახავად მივედი და იქ აღარ დამხვდა. მეზობლებმა მითხრეს, რომ ასეთი იქ არავინ ცხოვრობდა. ათივე სახლი ცარიელია, არავინ ცხოვრობს. მეზობლებიც დაშინებული არიან.

– სახელმწიფო რატომ აძლევს საბერძნეთს ამ სახლების შესყიდვის უფლებას?
– არ ვიცი, ჩემი აზრით, სახელმწიფოსაც აწყობს მასონთა ლოჟის გაძლიერება. ხედავენ, რომ ძალიან ბევრი ათეისტია ახალ თაობაში. ჩემი ინფორმაციით, ორი თვეა, თბილისშიც დაფუძნდა მასონთა ლოჟა და ადამიანები მათ რიგებში წევრიანდებიან. მართვის სადავე, როგორც რელიგიის შემთხვევაში, აქაც სახელმწიფოს ექნება.

– მუქარის ზარები როდის გაისმა შენს ტელეფონზე?
– სახელმწიფო არქივში მივედი, რომ ამ სახლებში მომხდარ თვითმკვლელობებზე ინფორმაციები გამომეთხოვა, მაგრამ უარი მითხრეს. საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, ფარული ნომრით დამირეკეს, ვიღაც მამაკაცმა გამაფრთხილა, რომ ამ თემაზე მუშაობა არ მიღირდა. სამი დღე გრძელდებოდა ერთი და იგივე. მორიგი მუქარის შემდეგ მამაკაცს ვუთხარი, რომ ”იმედის”ჟურნალისტი ვიყავი და ბევრმა იცოდა, რომ ამ თემაზე ვმუშაობდი, რის შემდეგაც შეხვედრაზე შემითანხმდნენ. ოღონდ კამერის გარეშე უნდა მივსულიყავი. ვიღაც კაცს შევხვდი კაბინეტში. რო-დესაც დამელაპარაკა, იმ ადამიანის ხმა ვიცანი, ტელეფონზე რომ მემუქრებოდა. მითხრა, რომ ჩამიყვანდნენ და ვნახავდი,
გვირაბში რა ხდებოდა და შემდეგ თავი უნდა დამენებებინა ამ თემისთვის. ორი ადამიანი გამომაყოლა და გვირაბში ჩავედით. იმ კარში შევყავდი, სადაც მათ უნდოდათ. არადა, ყველა შესასვლელს სამი კარი ჰქონდა. ვერაფერი ვნახე, Aამოვედი და მივხვდი, აღარ ჰქონდა აზრი ამ თემის გაგრძელებას.

– სასულიერო პირებთან თუ გისაუბრია ამ თემაზე?
– ერთ-ერთ სახლში მივიყვანე მამა ნიკოლოზი, რომ ეკურთხებინა. იატაკზე მტვერი იდო და ვხედავდით, რომ წყალი არ ეცემოდა დაბლა, ჰაერში ქრებოდა. სანამ დიდი ლოცვა არ წაიკითხა, ასე გაგრძელდა. ვესაუბრე დედა სიდონიასაც, რომელმაც მითხრა, რომ ამ თემისთვის თავი დამენებებინა. ამ ეტაპზე მივხვდი, რომ კარიერულადაც არ ვარ მზად, ამხელა თემას შევეჭიდო, მაგრამ დადგება დრო, რომ ყველას სახელსა და გვარს დავასახელებ. რაც მთავარია, ერთმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა, რომ ოდესმე ამ საკითხს თუ მივუბრუნდები, დამაფინანსებს. ერთი ასტროლოგი მეგობარი მყავს, თორნიკე ბიძინაშვილი, სპეციალური აპარატი გამოიწერა, რომელიც სულებს აფიქსირებს და ამასაც ველოდები. საერთოდ, საქართველოში ბევრი მისტიკური ადგილია და კვლევის კუთხით საინტერესოა. ქართველებს უცხოპლანეტელების არსებობისაც არ სჯერათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ (იღიმის).
764116ced7f6dc3ac47a6c87c4fbe433

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები