თბილისში, მეოთხე შვილის დედამ სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა

თბილისში, 30 წლის ქალბატონმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა.
როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ოფიციალური გვერდიდან ხდება ცნობილი, ქალბატონისთვის ეს მეოთხე შვილია.
მათივე ცნობით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
“ორი დღის წინ, მორიგი გამოძახებიდან დაბრუნებულ ბრიგადა 1116-ს, 112-ის ოპერატორმა ახალი მისამართი გადასცა. გამოძახების ადგილი – მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია, ხოლო მიზეზი – ძლიერი მოვლითი ხასიათის სამშობიარო ტკივილი”, – აცხადებენ ცენტრში.
ადგილზე მისულ ექიმებს ავტომანქანაში 30 წლის მშობიარე ქალი და მისი მეუღლე დახვდათ. ექიმებმა დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს და პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს. სწორედ ამ დროს ქალს მშობიარობა დაეწყო.
„მძღოლს მანქანა გავაჩერებინეთ. ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა. ეს პაციენტისთვის მეოთხე მშობიარობა იყო. დაიბადა ძალიან ლამაზი, ჯანმრთელი გოგონა. ყველა საჭირო მანიპულაცია ჩავატარეთ, გოგონა თბილად გავახვიეთ და დედა-შვილი უახლოეს სამშობიაროში გადავიყვანეთ. მოგვიანებით დავრეკეთ საავადმყოფოში, მოვიკითხეთ ჩვენი პაციენტები. კარგად არიან და ორ დღეში სახლში იქნებიან“, – აღნიშნა უფროსმა ექიმმა ჯილდა ჭიჭაღუამ.
ბრიგადა 1116-ში ჯილდა ჭიჭაღუას გარდა, შედიან უმცროსი ექიმი ლია ბერიძე და მძღოლი დიმიტრი ზედგინიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები