„თბილისი ენერჯი“: გაზის დეტექტორები სავალდებულო უნდა გახდეს და ღია წვის დანადგარების დახურულ სივრცეებში გამოყენება უნდა აიკრძალოს

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ პოზიციაა, რომ გაზის მომხმარებლებისთვის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდეს, ამასთან უბედური შემთხვევების პრევენციისთვის ღია წვის დანადგარების დახურულ სივრცეებში გამოყენება საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ გიორგი ლეფსვერიძემ განაცხადა. ლეფსვერიძე ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეგულაციებს გამოეხმაურა.

„ჩვენ გავეცანით ამ კანონპროექტს. ჩვენი აზრით, აღნიშნული კანონპროექტი ძალიან დიდი შედეგს გამოიღებს, ალბათ მნიშვნელოვანად შეამცირებს უბედური შემთხვევების რიგს. მივესალმებით აღნიშნულ კანონპროექტს. ერთადერთი, ალბათ უმჯობესი იქნება, თუ კანონპროექტში ჩაემატება გაზის გაჟონვის დეტექტორების აუცილებლობა გაზის ყველა მომხმარებელთან. მეორე – უმჯობესი იქნება, თუ კანონპროექტითვე აიკრძალება დახურულ სივრცეებში ღია წვის კამერიანი დანადგარების მოხმარება. ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს პრევენციაა. დეტექტორი აფეთქების პრევენციაა . როდესაც ბინაში არ ხართ, ან ღამეა და გძინავთ, თუ ოდნავ მაინც მოხდა გაჟონვა, ავტომატურად იკეტება ბინაში შემავალი გაზი. მეორე – ღია წვის კამერიანი დანადგარი უნდა აიკრძალოს, რადგანაც უბედური შემთხვევების 90 % გამოწვეულია ღია წვის კამერიანი დანადგარების არასწორად მონტაჟის შედეგად, Co -ს დაგროვების შედეგად. სავარაუდოდ, ინფორმაციის დონეზე , ვიცით, რომ ეს ცვლილებები აისახება კანონპროექტში და დამტკიცდება „- განაცხადა ლეფსვერიძემ.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. ახალი რეგულაციის თანახმად, თუ ობიექტზე (მათ შორის საცხოვრებელ ადგილას) არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს გაზდანადგარის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან/და აშკარაა ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა, ასეთ შემთხვევაში გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომელი ვალდებული იქნება, პოლიციას აცნობოს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოების შესახებ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი ასევე ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს, თუმცა ჯარიმების ნაწილის ამოქმედება 2021 წლიდან არის ნავარაუდევი.

რეგულაციების მიხედვით, თუ ადგილი ექნება საცხოვრებელ ადგილას ბუნებრივი გაზის ისეთი დანადგარით სარგებლობას, რომლის განთავსება ამ ადგილას დაუშვებელია, ასევე თვითნაკეთი ან შესაბამისობის სერტიფიკატის/დეკლარაციის არმქონე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობისას, ბუნებრივი გაზის მოხმარება ისეთი მილგაყვნილობის მეშვეობით, რომელიც არ არის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის გატარებისათვის, ბუნებრივი გაზის დანადგარის გამონაბოლქვისთვის ისეთი არხის გამოყენება, რომელიც არ არის საამისოდ განკუთვნილი ან ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაციაში სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის გარეშე, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული დარღვევების განმეორებით ჩადენა, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების გამო გამორთული მომხმარებლის გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა ან ბუნებრივი გაზის შიდა ქსელზე ისეთი ხელსაწყოს გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა, რომელიც გაუმართაობის გამო იყო ჩახსნილი/გამორთული – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ბუნებრივი გაზის სექტორში მწვავედ დგას გაზდანადგარებისა და ქსელის განთავსების, ასევე მათი ექსპლუატაციის პრობლემა. გაზდანადგარების არასწორი განთავსებისა და ექსპლუატაციის, თვითნაკეთი, კუსტარული დანადგარებით სარგებლობის, სავენტილაციო არხების არასწორი გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების სხვა დარღვევების გამო ნახშირბადის მონოქსიდით (CO) მომხმარებელთა მოწამვლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, ადგილი ჰქონდა ბუნებრივი გაზის გაჟონვის, დაგროვებისა და აფეთქების ფაქტებს. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.

კომენტარები

სხვა სიახლეები