თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი ბინაში ამშობიარეს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი ბინაში ამშობიარეს.
როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ, დილის 09:00 საათზე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადა 0828-ს, 112-მა მორიგი მისამართი გადასცა. ადგილზე მისულ ბრიგადას მშობიარე ქალი დახვდა. რადგანაც ახალგაზრდა ქალის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო, ექიმებმა მშობიარობა თავად მიიღეს.
„ახალგაზრდა ქალისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო. მართალია, გვითხრა, რომ ძლიერი ტკივილი 15 წუთის დაწყებული ჰქონდა, მაგრამ როგორც გაირკვა, მუცლის არეში ყრუ ტკივილი ღამის ხუთი საათიდან იგრძნო, რომელიც დილით გაუძლიერდა. საავადმყოფოში გადაყვანას აზრი არ ჰქონდა – პატარა უკვე იბადებოდა. მომენტალურად დავიწყეთ მოქმედება. მშობიარე ჩვენს მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდა და შედეგად, მისვლიდან დაახლოებით, 15 წუთში, ქვეყანას სრულიად ჯანმრთელი პატარა ვაჟკაცი მოევლინა. დედამ ახალშობილს გაბრიელი დაარქვა“, – იხსენებს ბრიგადის უფროსი ექიმი ხათუნა კარტოზია.
დედა-შვილისთვის საჭირო მანიპულაციების ჩატარების შემდეგ, ექიმებმა ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს. მოგვიანებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს პატარა გაბრიელის ბებია დაუკავშირდა და ექიმებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ოჯახს პატარა გაბრიელის დაბადებას ულოცავს!
ბრიგადა 0828 – ის შემადგენლობაში იყვნენ უფროსი ექიმი ხათუნა კარტოზია, უმცროსი ექიმი გიორგი მაისურაძე და მძღოლი თეიმურაზ ვაშაკიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები