თანამედროვე ქორწილის სუფრაზე 28 სადღეგრძელო უნდა დაილიოს – გთავაზობთ ჩამონათვალს

გელა ქოქიაშვილის წიგნში “სუფრავ გაშლილო – ლხინი ხარ” წარმოდგენილია ქართული თანამედროვე ქორწილის 28 სადღეგრძელო. ავტორის მიერ მონათხრობიდან ჩანს, რომ თანამედროვე სუფრაზე  სულ 28 სადღეგრძელო უნდა დაილიოს.
სადღეგრძელოების სია კი ასე გამოიყურება:

1. სუფრის დალოცვა. დღის მადლის კურთხევა-დღეგრძელობა.
2. მეფე-დედოფლის სადღეგრძელო.
3. ქართულ სინამდვილეში იმ დღეს ყველა ქორწილისა თუ ნიშნობისადმი სოლიდარობის გამოხატვა-დალოცვა.
4. იმ დღეს ქართულ ოჯახებში ახლად დაბადებულთა (ძე თუ ასული) ამ ქვეყანაზე მოსვლის, მათი მომავალი ღირსეული ცხოვრების და ბედნიერების დალოცვა-სადღეგრძელო.
5. შეუღლების ოფიციალაურ დამადასტურებელთა, მეჯვარეების (ხელისმომკიდეების) დღეგრძელობა.
6. მეფე-დედოფლის მშობლების დღეგრძელობა.
7. თუ მეფეს ან დედოფალს მშობელი გარდაცვლილი ყავს, მათი ცალ-ცალკე დღეგრძელობა.
8. მეფე-დედოფლის დედმამიშვილების დღეგრძელობა.
9. მეფე-პატარძლის პაპა-ბებიების დღეგრძელობა.
10. მეფე-დედოფლის წინაპრების თამადობით, მაგიდის ყველა წევრის წინაპრების ხსენება-დღეგრძელობა.
11. მეფე-პატარძლის საახლობლოდან წასული პიროვნებების თამადობით, სუფრის ყველა წევრიდან წასულების სულის მოხსენიება.
12. მარადიული მცნების – სიცოცხლის დღეგრძელობა – (“სიცოცხლეს მაინც ვერ ჯობნის სიკვდილი შემაზრიალი” _ ვაჟა).
13. სიყვარულის და სიყვარულში გამხელილთა სადღეგრძელო მეფე-პატარძლის სიყვარულის თამადობით.
14. ქართული მიწის და ამ მიწაზე მშვიდობის დღეგრძელობა.
15. ქართველი კაცისა და მისი ნიჭიერების აღიარების სადღეგრძელო (დიდი წინაპრების გახსენება-დღეგრძელობა).
16. ქვეყნის ისტორიული დედაქალაქის თბილისის და ყველა კოლორიტი თბილისელის გახსენება – დღეგრძელობა.
17. ერის სულიერი მამის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია_მონასტრების და რწმენის სადღეგრძელო.
18. თუ ქორწილია ჯერ დედოფლის და თუ ნიშნობაა, პირიქით მეფის ახლო ნათესავ-მოყვრების დღეგრძელობა.
19. ანალოგიურად მაყრების სადღეგრძელო.
20. სუფრაზე მჯდომი მანდილოსნების თამადობით, ყველა მანდილოსნის (ქალის) სადღეგრძელო.
21. მეგობრობის მცნების და მეფე-პატარძლის მეგობრების თამადობით ყველა მაგიდის წევრთა მეგობრების დღეგრძელობა.
22. მეფე-დედოფლის და მათი მშობლების თანამშრომელთა სადღეგრძელო.
23. მეზობლების სადღეგრძელო.
24. მომსახურე პერსონალის სადღეგრძელო.
25. მუსიკოს-შემსრულებლებისა და მომღერალთა სადღეგრძელო.
26. მოადგილეების დღეგრძელობა.
27. მეფე-პატარძლის თამადობით ყველა მაგიდის წევრის ხვალინდელი დღის დალოცვა-დღეგრძელობა.
28. თამადის მოადგილის ან ოჯახის უფროსის მიერ თამადის დღეგრძელობა.
სხვათა შორის, ქორწილში ან სხვა სალხინო სუფრაზე სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთთან გამომშვიდობების დროს უკანასკნელ სადღეგრძელოს ე.წ. “სახლის (კარის) ანგელოზებისას” სვამდა. ამ სადღეგრძელოს წარმოთქმა აღმოსავლეთ საქართველოს ბევრ კუთხეში დღესაც იციან.

წყარო:https://allwine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები