ტუარეგებს თამამად შეიძლება აფრიკის ყველაზე იდუმალი ხალხი უწოდო. ტომი საჰარას უდაბნოში ბინადრობს და დღემდე შეინარჩუნა უძველესი და განუმეორებელი კულტურა. მათი ტრადიციების ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ მატრიარქატი: ქალს ქორწინებამდე იმდენი საყვარლის გამოცვლა შეუძლია, რამდენსაც მოისურვებს, სრულწლოვანების ასაკს მიღწეული მამაკაცი კი ვალდებულია სახე დაიფაროს.
ტუარეგის ტომის ძირითადი რელიგია ისლამი გახლავთ, თუმცა მათ მაჰმადიანობაზე თავისებური შეხედულება აქვთ. უძველესი დროიდან ტუარეგები მიიჩნევენ, რომ მამაკაცმა სახე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოაჩინოს. როგორც კი ბიჭი სრულწლოვანი ხდება, მამა ბასრ ხმალსა და სახის საბურავს ჩუქნის. აღსანიშნავია, რომ მამაკაცები ამ საბურავს შინაც არ იხსნიან, საკვების მიღებისა და ძილის დროსაც კი.
ტუარეგები ტანსაცმელს ინდიგოსფრად ღებავენ, რისთვისაც მეტსახელად ”ლურჯი ადამიანები” ეწოდათ. შეღებვის მეთოდიც სპეციფიკურია: აფრიკის კონტინენტზე წყლის უკმარისობის გამო, ქსოვილზე საღებავი ქვის დარტყმით გადააქვთ. ცოტა ხანში საღებავი ხმება და სხეულს ღებავს, ამიტომაც, ტუარეგები ძალიან ჰგვანან ფილმ ”ავატარის” გმირებს. სწამთ, რომ ლურჯი ფერი მათ ავი სულებისგან იცავს, მაგრამ პრაგმატული მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს ფერი მზის, ქვიშისა და მტვრის დასაცავად შეირჩა.
ტომის ქალების ცხოვრების წესი თავისუფალია – მათ ქორწინებამდე საყვარლების ყოლის უფლება აქვთ. როგორც წესი, 20 წლის ასაკში თხოვდებიან. საქმრო მათთან მოდის და დილამდე რჩება, თუმცა უკვე მეორე საღამოსვე სხვა პრეტენდენტს შეუძლია სტუმრობა.
სხვათა შორის, გოგონას გულის მოსაპოვებლად მამაკაცს პოეტური ნიჭი უნდა გააჩნდეს, გაუგზავნოს სატრფოს ლექსები, გოგონამ კი თავის რჩეულს უპასუხოს. ამასთან, ტომის ქალებისა და მამაკაცების დამწერლობა განსხვავდება: გოგონებს ბავშვობიდან სპეციალურ ანბანს ”ტიფინაგს” ასწავლიან, მამაკაცები კი არაბულს და ხანდახან ლათინურ ანბანს იყენებენ.
მიუხედავად გაბატონებული მატრიარქატისა, მამაკაცს თავისი როლი შენარჩუნებული აქვს. ბიჭებს ბავშვობიდან საბრძოლო ხელოვნებასა და ვაჭრობას ასწავლიან, იმ დროს, როდესაც ქალის ძირითადი საქმიანობა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაა. ქალები აგრძელებენ ფოლკლორულ ტრადიციებს და კარგ განათლებას იღებენ.
ტომში როლები მკაფიოდ არის გადანაწილებული, რაც სქესთა შორის თანასწორი უფლება-მოვალეობების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ტუარეგების კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია: განქორწინების შემთხვევაში ქალი ან მამაკაცი დედის სახლში ბრუნდება.
ტუარეგები მსოფლიოში ერთადერთი ტომი არ გახლავთ, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა მატრიარქალური წყობა. მსგავსი ცხოვრების წესს ჩინური ტომი მასოც მისდევს, სადაც ქალები ოჯახური საქმიანობის გარდა მიწათმოქმედებით, მეურნეობით, ნადირობითა და საბრძოლო ხელოვნებით არიან დაკავებული, მამაკაცების ძირითადი საქმიანობა კი შაშის თამაშია.
წყარო:http://www.kvirispalitra.ge