თამუნა მუსერიძე: „არც სახლიდან გასვლა მინდა და არც ხალხთან კონტაქტი“

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მალე მეორე შვილის, ამჯერად გოგოს დედა გახდება, თუმცა ბოლო დროს რამდენჯერმე საავადმყოფოში მოხვდა და ბევრი პრობლემა შეექმნა…

– სქესი საბოლოოდ დადგინდა?
– კი, ასეა. პირველ თვეებში რადიოლოგი შეცდა და გვითხრა, რომ ბიჭი გვეყოლებოდა, რაც ჩემს შვილს ძალიან უხაროდა, რადგან სანათესაოში ირგვლივ ყველა გოგო გვყავს. მამამისსაც გოგო ჰყავს. ამიტომ დაიკოს ძამიკო ერჩია, თუმცა იმედები გაუცრუვდა. გეგმავდა, როგორ ითამაშებდა ძმასთან ერთად ფეხბურთს, ატარებდა რაგბიზე. ნელ-ნელა შეეგუა, რომ დაიკო ეყოლება და არანაკლები სიხარულით ელოდება.

– როგორი ფეხმძიმობა გაქვთ?
– ცუდი ორსულობა მაქვს! ტონუსისა და ჰემატომის გამო, რომელიც გასკდა, რამდენჯერმე საავადმყოფოში მოვხვდი. ბოლო პერიოდში სხვა პრობლემები შემექმნა. კბილები ისე მტყდება, სტომატოლოგთან თვეში ერთხელ დავდივარ. თმის ცვენაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ფრჩხილები გაზრდას ვერ ასწრებს. გამუდმებით ცუდ ხასიათზე ვარ, სულ მინდა, ვიწვე, არც სახლიდან გასვლა მინდა და არც ვინმესთან კონტაქტი. გარდა ამისა, ძალიან გავსუქდი!

– წონაში რამდენი მოიმატეთ?
– თუ პირველ შვილზე 9 თვის განმავლობაში 15 კილო მოვიმატე, ამ ფეხმძიმობაზე მეშვიდე თვეში უკვე 16 კილოგრამი მაქვს მომატებული. ამ დრომდე ვერაფერს ვჭამდი, რის გამოც ვიტამინები დამინიშნეს და ამიტომაც გავსუქდი.

– კარაოკე ბარში მუშაობთ. ამ პერიოდში ღამე მუშაობა დისკომფორტს არ გიქმნით?
– კარაოკე ბარში კვირაში 4 ღამე ვმუშაობ, თუმცა დღის განმავლობაში მძინავს. ამიტომ უძილობის პრობლემა ნაყოფს საფრთხეს არ უქმნის.

– მეუღლე რამდენად გიწყობთ ხელს?
– სანდრო ნამდვილად მანებივრებს. მთელი ორსულობა ალუჩა მინდოდა და ვერაფრით ვშოულობდით. ბოლოს მიგვასწავლეს, დეზერტირების ბაზარში, ერთ ადგილას იყიდებოდა. სანდრომ 6 ალუჩაში 20 ლარი გადაიხადა.

წყარო:funtime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები