თამუნა ლეკვეიშვილი: ვაღიარებ, რომ კანონს ვარღვევდი…

თამუნა ლეკვეიშვილს მანქანის მართვა ქმარმა შეყვარებულობის პერიოდში ასწავლა, თუმცა მართვის მოწმობა საკმაოდ გვიან აიღო. პატრულს არასდროს გაუჩერებია, ერთხელ ”სითი პარკს” თითქმის წაყვანილი მანქანაც კი დააბრუნებინა უკან…

– როცა მანქანის საჭიროება ვიგრძენი, მაშინ ვისწავლე ტარება. დაახლოებით ორი წელი მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი, მაგრამ ერთხელაც კი არ გავუჩერებივარ პატრულს. ვაღიარებ, რომ კანონს ვარღვევდი, მაგრამ წესების დაცვით ჭკვიანად დავდიოდი.

– მართვა ვინ გასწავლა?
– ავტოსკოლაში არასოდეს მივლია, ტარება გიგიმ მასწავლა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩემი ქმარი არ იყო, შეყვარებულები ვიყავით. თეორია კომპიუტერით ვისწავლე. მივხვდი, რომ მოქალაქეობრივი ვალი უნდა მომეხადა და გამოცდაზე გავედი. პირველივე გასვლაზე ჩავაბარე, პრაქტიკაში ჩავიჭერი, რადგან ავტომატიკას ვმართავდი და გამოცდაზე მექანიკაზე დავჯექი. პრაქტიკულ გამოცდაზე ხელახლა გასვლა ერთი თვის განმავლობაში შემეძლო, მე კი ბოლო დღეს მივედი, მაგრამ ჩავბარე და მართვის მოწმობა ავიღე.

– ხუთწლიანი მძღოლობის პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევა გქონია?
– ერთადერთხელ. მარცხენა ზოლში ვიდექი, მარჯვნიდან გადმომიჭრა ტაქსიმ ისე, რომ ციმციმაც კი არ ჩართო და ოდნავ მივარტყი. ჩემი ბრალი არ იყო, თვითონაც ბოდიში მომიხადა, არ მინდა არაფერიო, მითხრა და დროულად წავიდა, რომ პატრული არ მოსულიყო.

– თბილისში მოძრაობა თანდათან უფრო რთული ხდება..
– სიმართლე გითხრა, საცობები ნაკლებად მაწუხებს, სამსახურთან ახლოს ვცხოვრობ და იშვიათად გავდივარ იქ, სადაც მოძრაობა გადატვირთულია. სამაგიეროდ, პარკინგის პრობლემა ”რუსთავი 2”-შიც გვაქვს, ხან სად ვაყენებ, ხან – სად, მერე დაცვას ვუტოვებ ხოლმე გასაღებს და არიან ამ მანქანების გადაყენება-გადმოყენებაში.

– ამის გამო შენი მანქანა გიძებნია?
– კი. ერთხელ სამსახურიდან გამოვედი და სახლში ფეხით წავედი, მეგონა, იმ დღეს მანქანით არ ვიყავი მისული, დაცვასთან Aრომ გავიარე, მერე გამახსენდა მანქანა.

– ”სითი პარკს” წაუყვანია შენი მანქანა?
– კი, ერთხელ გავხდი მათი მსხვერპლი, ისეთ ადგილას მყავდა გაჩერებული, სადაც არ შეიძლება. ორსულად ვიყავი, დიდი მუცელი მქონდა, გამოვედი მაღაზიიდან ზუსტად იმ დროს, როცა ჩემი მანქანა უკვე დადებული ჰყავთ, უნდა დაქოქონ და წავიდნენ… გადავუხტი ამხელა მანქანას წინ, ხელები გავ-შალე და ვუთხარი. არ დამღუპოთ, არ წაიყვანოთ-მეთქი. უნდა ვთქვა, რომ გულისხმიერად მოიქცნენ, არც ჯარიმა დამიწერეს, არც არაფერი, ჩამომიხსნეს და დამიტოვეს.

– პატრული ხშირად გაჯარიმებს?
– არა, ხშირად კი არა, არასდროს გავუჩერებივარ, ეტყობა, წესების დაცვით დავდივარ. ძირითადად, ვიდეოკამერების ჯარიმები მომდის ხოლმე.

– სისწრაფე გიყვარს?
– კანონმორჩილი მძღოლი ვარ, მაგრამ როცა ღამეა, გზა თავისუფალია, სისწრაფე მიყვარს. დღისით ძალიანაც რომ გინდოდეს, სწრაფად ვერ ივლი, ეს ფიზიკურად შეუძლებელია.

– ბავშვებთან ერთად თუ მართავ მანქანას?
– კი, რა თქმა უნდა. თავიდან მანქანის სპეციალურ სავარძლებში ისხდნენ, ახლა პატარის გარდა, დანარჩენები ჩვეულებრივ მგზავრობენ. ნიკოლოზი მყავს ძალიან ცელქი, სკამის გარეშე რომ დავსვი, ერთხელ შუქნიშანზე მანქანა ჩამიქრო, გასაღები გადმოსწია და ჩაქრა, ერთი-ორჯერ კიდევ მიმავალი მანქანიდან გადაწყვიტა გადასვლა და კარი გააღო, მაგრამ გადავრჩი, მოვასწარი და არ გადავუშვი, ძალიან შემეშინდა.

– შენი პირველი მანქანა…
– ჩემი მანქანების ისტორია არ არსებობს, რადგან რაც მყავდა, ახლაც ის მყავს, ყოველ წელს ვაპირებ შეცვლას, მაგრამ ჯერჯერობით ეს განზრახვა ვერ შევასრულე, შემოდგომაზე ვგეგმავ და ვნახოთ. ეს ცოტა ”ბიძების” მანქანაა, მაგრამ ძალიან კომფორტულია და მე კარგად დავდივარ.

– თამუნა, რომ დაგჭირდეს, მანქანას საბურავს გამოუცვლი?
– არ დამჭირვებია არასდროს და მგონია, რომ ამის გაკეთებას ვერ შევძლებ.

– მანქანას ქუჩაში დაუტოვებიხარ?
– კი, ერთხელ გმირთა მოედნის ხიდიდან ახალ გზაზე რომ ჩადიხარ, კუთხეში გამიჩერდა მანქანა, ყველას ხელს ვუშლიდი. რაღაც ”დაჩიკის” გახურებისას მანქანა ქრებოდა და სანამ არ გაგრილდებოდა, ვერ ვქოქავდი. ასე დაემართა იმ ადგილასაც. ნაცნობებმა, უცნობებმა გამიჩერეს, რით დაგეხმაროთო მეუბნებოდნენ, მაგრამ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, სანამ ის ნაწილი არ შეგრილდებოდა. ძარა ახდილი მქონდა და მცოდნესავით ჩავყურებდი. ერთი ნახევარი საათი, ორმოცი წუთი ვიყავი ასე გაჩერებული, თან ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა, მაგრამ რას ვიზამდი?! ბოლოს, დაიქოქა, როგორც იქნა, და ამოვისუნთქე.

– მანქანასთან მიმართებით დისკომფორტს რა გიქმნის?
– ჩემი ქმარი აგვარებს ყველა ტექნიკურ დეტალს, ავტოტექმომსახურებაში მას დაჰყავს, გარეცხვითაც ის არეცხვინებს ხოლმე, თუმცა ჩემი მანქანა ძირითადად ჭუჭყიანია. სახლთან, ეზოში დიდი ფიჭვი დგას, რომლის ქვეშაც ვაყენებ და რა აღარ სცვივა ამ ფიჭვს. წებო ხომ ასხია მანქანას, წიწვები ხომ თავისთავად შიგნით იყრება, ძარას რომ ახდი, წიწვოვანი ნაწილები დაგხვდება (იცინის). ახლა ფიჭვი ყვავის და დილაობით ყვითელიც არის ხოლმე ჩემი მანქანა (იცინის).

– თამუნა, მანქანის ნომრებზე გაქვს გართულება?
– სახელები ნამდვილად არ მომწონს, თუმცა, ძალიან უშნო და მახინჯი ნომერი მაინცდამაინც კარგი არაა. ზოგადად, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ამას.

– როგორია საჭესთან გაბრაზებული თამუნა?
– როცა მძღოლი არასწორად მართავს მანქანას, ძალიან ვბრაზდები, ხანდახან ცუდ სიტყვებსაც ვამბობ, ოღონდ ისე არა, რომ იმ მძღოლმა გაიგოს, თუმცა სახეზე რომ შემომხედოს, ჩემი გამომეტყველებით მიხვდება.

– ახლობლები, თუნდაც მეუღლე, როგორ აფასებენ შენს მძღოლობას?
– როგორც მეუბნებიან, მანქანას კარგად ვმართავ, მაგრამ როცა ჩემი მეუღლე გვერდით მიზის, მაინც დაძაბული ვარ. საბოლოო ჯამში, ჩემი მძღოლობით უკმაყოფილო არაა, მაგრამ მაინც მაძლევს ხოლმე რჩევებს, აქ ასე ჯობდა, იქ – ისე. ძირითადად, ეს ეხება ფეხით მოსიარულეებს, თვითონ გზას უთმობს ქვეითებს და მეც ამ თემაზე მაძლევს რჩევებსა და შენიშვნებს.

 

წყარო: ჟურნალი ”რეიტინგი”

კომენტარები

სხვა სიახლეები