“თამრიკო დუდუნიას 13 მეგობარი“ – მომღერალმა ახალი დისკი გამოსცა

თბილისში გამოდის მოსკოვში მოღვაწე წარმატებული ქართველი მომღერლის, თამრიკო დუდუნიას სიმღერების ახალი დისკი სახელწოდებით „თამრიკო დუდუნიას 13 მეგობარი“. მასში შესულია ცნობილ ქართველ მომღერლებთან ჩაწერილი დუეტები, რომელთა შორისაა გერმანიაში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მომღერალი ბრენდონ სთოუნი. ახალ დისკში შესულია მომღერლის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული სიმღერები. ქართველი მეცო-სოპრანოს მუსიკალური მიმართულება მრავალმხრივია: ნიუ-ჯაზი, პოპ-როკი, ფოლკი… ამჟამად მომღერალი თბილისში ახალი დისკის გამოსვლასთან დაკავშირებითაა ჩამოსული.
თამრიკო დუდუნია 1992 წელს თბილისში დაიბადა. 1994 წლიდან ის სმოლენსკში ცხოვრობს. განათლებით ექიმი-პედიატრია. 2007 წელს დააამთავრა მუსიკალური სკოლა სპეციალობით „საესტრადო ვოკალი“. არის არა ერთი საერთაშორისო მუსიკალური, ვოკალური კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი. 2007 წელს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს-ფესტივალში „ღია ევროპა“ იგი საუკეთესო შემსრულებელთა ათეულში მოხვდა. 2013 წელს მას იტალიის ქალაქ რეჯო დი კალაბრიაში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე „იტალიის მეგობართა მელოდები“ გრან-პრი მიენიჭა. 2013 წელს გამოიცა თამრიკო დუდუნიას ინგლისურენოვანი სიმღერების მეორე ალბომი “Sweet Memories”. 2015 წლის 4 იანვარს, თბილისში, „ასსა ჰოლში“ მისი სოლო-კონცერტი გაიმართა. მომღერალი მუდმივი მონაწილე პროექტისა „საქართველოს ხმები“, რომელიც მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძართან არსებულ საეკლესიო კრებების დარბაზში ტარდება.
მომღერალი აქტიურ მონაწილეობას იღებს მოსკოვში გამართულ მნიშვნელოვან კონცერტებში, სადაც ქართულ კულტურას უწევს პოპულარიზაციას.


კომენტარები

სხვა სიახლეები