დაბადების მონაცემების მიხედვით, რომელიც მემატიანემ შემოგვინახა მეფე თამარი, მიწის სტიქიის წარმომადგენელი გახლდათ –ზოდიაქოს ნიშნით კურო. ასტროლოგების აზრით, კუროების დიდი ნაწილი ოჯახური კერისა და სიმყუდროვის მოყვარული ინდივიდია. მათ ნაკლებად მოსწონთ ლიდერის პოზიციაზე, საზოგადოების ცენტრში ყოფნა და მქუხარე აპლოდისმენტები. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კურო უამბიციო და სოციოფობი ტიპაჟია, უბრალოდ ამ ადამიანებისთვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია ვიწრო წრეში გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და ინდივიდუალიზმი.
თუმცა, ზემოთ ხსენებული თვისებები არამც და არამც არ შეეფერება მეფე თამარს. ქართველების სათაყვანო მონარქის პირად ასტროლოგიურ რუკას თუ გადავხედავთ, მასში ლომისა და ვერძის ძლიერ გავლენას აღმოვაჩენთ, რაც თამარის ხასიათს, სიამაყესთან და ამბიციურობასთან ერთად, ჭეშმარიტად მეფური შტრიხებით ამკობს. როგორც მეფე თამარის ასტროლოგიური კოსმოგრამით ირკვევა, მონარქს გამჭრიახი აზროვნების უნარი, ანალიტიკური ხედვა და სწრაფი ადაპტაციის ნიჭი გააჩნდა. თუმცა, მას ასევე ჰქონდა ნაკლიც – იშვიათად ისმენდა და მით უმეტეს ითვალისწინებდა სხვათა რჩევებს.
ქვეცნობიერი თამარს ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი შტრიხებით “ამარაგებდა”, ამიტომდიდგვაროვანს კეთილი და გულუხვი ხასიათი ექნებოდა. თუმცა, პერიოდულად ფეთქებადი და ძალზე პრინციპულიც უნდა ყოფილიყო წესით. ასეთი ადამიანები ადვილად იმსახურებენ სიმპათიებს საზოგადოებაში, იმიტომ რომ აქვთ ნიჭი საუკეთესო კუთხით “შეფუთონ” საკუთარი თავი და შესაძლებლობები. უყვართ პომპეზურობა და ხშირად გვევლინებიან სხვადასხვა ტიპის, მასშტაბური დღესასწაულის ორგანიზატორად. ამიტომ თამარ მეფისთვისაც აუცილებლად იქნებოდა დამახასიათებელი მრავალრიცხოვანი სამეფო ნადიმებისა და სანახაობრივი მეფური მიღებების გამართვის სიყვარული. გარდა ამისა, ასეთი ადამიანი, ყოველთვის ახერხებს იყოს მოწოდების სიმაღლეზე, მაშინაც კი, როცა მას საამისოდ არც ემოციური, არც სოციალურ-ეკონომიკური ფონი არ უწყობს ხელს.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ თამარი ზუსტად შეესიტყვებოდა ზემოთ წარმოდგენილ დახასიათებას. იგი არაერთგზის გამხდარა ქართული ჯარის წინამძღოლი და მოტივატორი რთული ბრძოლების დროს, ამ სიმამაცის მიზეზი კი მის პირად კოსმოგრამაში მარსის განლაგებას უნდა მივაწეროთ – ქალი, რომელიც მამაკაცური სიმამაცით გამოირჩევა, ეს არის მოკლე ფორმულარი მარსის ამგვარი მდებარეობის დასახასიათებლად ადამიანის პირად ჰოროსკოპში. თამარი კი უდავოდ არ უჩიოდა სულის სიძლიერეს და მებრძოლ სულს.
ქართველთა საყვარელი მონარქი საინტერესო კარმული პროგრამით მოვლენია ქვეყანას. ამ ადამიანისთვის ცხოვრების მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო მოვალეობის და სხვათა მსახურების თემა.ამასთან ერთად, მას აუცილებლად ექნებოდა გასული ინკარნაციიდან გადმოყოლილი გასაოცარი გულმოწყალების, სულიერების უნარი. რისი ნათელი დასტურიც ისტორიულ წყაროებში არაერთგზის მოიძებნება (ცნობილი ფაქტია, როგორ მოიხსნა ყურიდან ძვირფასი საყურე მეფემ და მათხოვარს დაუტოვა).
თამარის ასტროლოგიური პორტრეტის მიხედვით ირკვევა ისიც, რომ ამ ადამიანის ყველაზე დიდი მტრები დიდგვაროვნები და ძლიერნი ამა ქვეყნისანი უნდა ყოფილიყვნენ. სამაგიეროდ, მას ჰქონდა არაჩვეულებრივი ბავშვობა და ჰყავდა მფარველი მამის სახით, რომელმაც იგი თანამოსაყდრედ ძალზე ადრეულ ასაკში გამოაცხადა. კომბინაცია, რომელსაც ჩვენ მეფე თამარის პირად კოსმოგრამაში ვხვდებით, მიანიშნებს იმას, რომ ინდივიდი თბილ, მოსიყვარულე გარემოში გაიზარდა, მას ლამაზი და უღრუბლო ბავშვობა ჰქონდა და ერთ-ერთ მშობელს ძალიან ჰყავდა განებივრებული. თუმცა, სწორედ ამ სტაბილურმა გარემომ განაპირობა ის, რომ თამარი სამომავლოდ გაწონასწორებულ და ჭკვიან მონარქად ჩამოყალიბდა. კუროების დიდ ნაწილს ხომ ყველაზე ხშირად ბავშვობის ტრავმები და ქაოსური ცხოვრების პირობები უშლის ხელს სამომავლოდ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში.
მონარქის ასტრო-პორტრეტი ასევე გვიჩვენებს იმას, რომ ეს ადამიანი ზოგადად ხელოვნების მიმართ დიდი ინტერესით გამოირჩეოდა. იგი ასევე იქნებოდა გატაცებული ფილოსოფიით, მუსიკითა და პოეზიით. უფრო მეტიც, იგი აუცილებლად იზრუნებდა ამ დარგების პოპულარიზაციაზე საკუთარი მმართველობის პერიოდში. საყოველთაოდ ცნობილი “ვეფხისტყაოსანი” ხომ თამარის ეპოქის უდიდეს მონაპოვრად ითვლება.
თამარის ასტროლოგიური რუკა კიდევ ერთ საინტერესო დეტალს გვამცნობს – მონარქი შესანიშნავი ორატორული თვისებებითა და კომუნიკაციის უზადო ნიჭით იყო დაჯილდოებული. ამგვარ ასპექტს ასტროლოგები “ვერბალური მაგის” ასპექტებს უწოდებენ. მისი მეშვეობით ინდივიდს საშუალება ეძლევა მარტოოდენ სიტყვით და სხვა არაფრით დაატყვევოს საზოგადოება და აიძულოს პატივი სცეს მის მოსაზრებებს.
აქვე რამდენიმე სიტყვა აუცილებლად უნდა ითქვას იმ გარკვეულ ნეგატიურ ასპექტებზეც, რომელსაც ქართველთა საამაყო მონარქის ასტროლოგიურ “პასპორტში” ვხვდებით – თამარს მიდრეკილება გააჩნდა ქრინიკული დაავადებებისკენ, რომლის სათავეც ძირითადად სტრესი უნდა ყოფილიყო. ისტორიულ წყაროებს თუ მოვიშველიებთ, იგი ქალური დაავადებით გარდაიცვალა, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება უნდა ყოფილიყო (სარკომა, მიომა, კისტა და ა.შ.). რუკის მიხედვით მონარქს პრობლემატური პირადი ცხოვრება ჰქონდა, რამაც მოუტანა კიდეც მას არაერთი სტრესული სიტუაცია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანს საკმაოდ რთული ხასიათი და შინაგანი სამყარო გააჩნდა, გასაკვირი ამ ფაქტში არც არაფერია.
წყარო: astrologi.ge