თამაზ ქვლივიძის მამიდა: ზვიად მესხი თუ როდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შეუყვარდება
კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის მამიდა თამარ ქვლივიძე, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. თამაზ ქვლივიძის მამიდა ამბობს, რომ თუ დაცვის ერთ-ერთი დაჭრილი წევრი ზვიად მესხი, მის ძმისშვილს გაიცნობს, აუცილებლად შეუყვარდება.
„გადავიკითხე ნაჯა ორაშვილის „ვოლზე“ (კლუბ „ბასიანის“ თანადამფუძნებელი), ყველა ის პოსტი, რომელიც 13 იანვარს, კლუბ „ბასიანში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება და რომლის “მთავარი გმირი” ჩემი ძმისშვილი – თაზო ქვლივიძეა.
მე მის საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ ყოველთვის ვეცდები, დავიცვა მისი და ჩემი ოჯახის ღირსება… ის არც მკვლელია და არც მოძალადე!!!! ამდენი ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ამ დღეებში ჩემი ოჯახის მიმართ გაისმის, ჯერ არ მსმენია… ადამიანს დანით მოკლავ, თუ სიტყვით რა მნიშვნელობა აქვს…. გთხოვთ იყავით კორექტული და ნუ გადადიხართ ზღვარს… ჩვენ არც პრივილეგირებული ოჯახი ვართ და არც პრივილეგიებით ვსარგებლობთ…. სიკეთის მეტი არ გვიკეთებია…. ამასაც გადავიტანთ და ჩვენთანაც მოვა გაზაფხული…. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ზვიად მესხს და თუ როდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შეუყვარდება….“,- წერს თამარ ქვლივიძე.
კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტი 13 იანვარს, ღამით მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი პოლიციელი და დაცვის ორი წევრი დაიჭრა. დაკავებულ თამაზ ქვლივიძეს რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. დღეს კი, სააპელაციო სასამართლომ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველემა ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.