თათა ბურდული – „დაგვიანებული იღბლის ქალები…“

არსებობენ იღბლიანი ქალები. ისინი მალევე პოულობენ რჩეულ მამაკაცს და ცხოვრებისაგან წიგნებში ამოკითხულ ზღაპარს ქმნიან.
არსებობენ უიღბლო ქალებიც. მათ მოსაყოლი არაფერი აქვთ. თავგადასავლების გარეშე ცხოვრობენ და წიგნებსაც მელანქოლიის საკვებად კითხულობენ; ზრდიან პესიმიზმს ღვიძლი შვილივით.
და არსებობენ დაგვიანებული იღბლის ქალები. მათ გვიან უმართლებთ სიყვარულში – რადგან აქამდე „ამისთვის“ არ ეცალათ. გადაცდებიან კონკრეტულ ასაკს, ვიღაც იტყვის „რაღა დროსია!“. თუმცა არა! მათ მაინც ყოფნით ბრძოლის გამბედაობა.
მათი ხვედრია მეორე ცოლობა; „მეორედ გარისკული“ ოჯახის დიასახლისობა;
უმეტეს წილად მათი ბედი იღბლიანი ქალების ქმრების მეორე ცოლობაა. როგორც წესი რჩეული მამაკაცები ერთი გარბენით, ერთი ბედითა და ბედნიერებით არ კმაყოფილდებიან. ისინი ეძებენ უკეთესს და პოულობენ მათ – დაგვიანებული ბედნიერების ქალებს.
არ მინდა იღბლიან ქალებს ეწყინოთ; მათ ნაღების მოხდა, საუკეთესოს დასაკუთრება არგუნდათ განგებამ. თუმცა რა გასაკვირია, რომ მათი ბედნიერება სამუდამო იშვიათადაა და ბუნების კანონი – მიიღე, გაეცი მათ ცხოვრებას მთავარ ლეიტმოტივად გასდევს.
არ აღშფოთდეთ! არ გამიბრაზდეთ! ერთადერთი და სამუდამო სიყვარულის ნამდვილად მჯერა. უბრალოდ რთულია რეალობისათვის თვალის არიდება. ჩვენს გარშემო სინათლის სისწრაფით იცვლება ყველაფერი და მნიშვნელოვანია დროისთვის მშვიდად ფეხის აბმა.
მე ვიცნობ ერთ გოგოს. მალე მეორე ცოლი გახდება ბიჭის, რომელსაც ის სიგიჟემდე უყვარს. მას თეთრი კაბა, ჯვრისწერა, პირველი საქორწინო ცეკვა მხოლოდ მასთან, ამ გამოუსწორებელ რომანტიკოსთან ექნება.
ვიცნობ ერთ ბიჭსაც, რომელიც მალე გახდება მეორე ქმარი მასზე უაზროდ შეყვარებული გოგოსი რომელსაც წარუმატებელი ქორწინება და შვილი მოყვება მზითვად. მათ უყვართ ერთმანეთი – ესაა მთავარი.
ჩემი იგავის სიბრძნე შემდეგია: არ არსებობს ბედნიერების, სიყვარულის რიგითობა. ვიღაც პირველია, ვიღაც მეორე, იქნებ სულაც უკანასკნელი.
ნუ დავნომრავთ, ნუ დავახარისხებთ… უბრალოდ ვენდოთ მოცემულობას.
თათა ბურდული

კომენტარები

სხვა სიახლეები