ვენეციის რიგით 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, უფრო მეტი ემიგრანტი შეიფარონ. განცხადება „ოსკარის“ მფლობელმა რეჟისორმა ალფონსო კუარონმა ფესტივალის გახსნის გალაცერემონიაზე გააკეთა, რომელსაც იტალიის პრეზიდენტიც ესწრებოდა. პრესტიჟული კინოფესტივალი ისლანდიელი რეჟისორის, ბალთაზარ კორმაკურის ფილმ „ევერესტის“ საპრემიერო ჩვენებით გაიხსნა. სურათი მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე 1996 წელს მომხდარ რეალურ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის წევრი, „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი, თურქი რეჟისორი ნური ბილგე ჯეილანიცაა. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კინოფესტივალზე წელს სამ სხვადასხვა კატეგორიაში 3 თურქი რეჟისორის ფილმია წარმოდგენილი.
გრან- პრის აღებას შეეცდება ემინ ალპერის ფილმი „ბლოკადა“. სინემ თუზენის ფილმი „სამშობლო“ კი, საუკეთესო დებიუტისათვის შეეცდება „ოქროს ლომის“ მოპოვებას. ამასთანავე. ფესტივალის განყოფილებაში „ვენეციის კლასიკოსები“ ნაჩვენები იქნება ილმაზ გუნეის ფილმი „იმედი“.
კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წელს სულ 21 ფილმი მოხვდა, გამარჯვებულებს კი 12 სექტემბერს გამოავლენენ. საერთაშორისო ფესტივალი ვენეციის ლაგუნის ფეშენებლურ კუნძულ ლიდოზე მიმდინარეობს. ვენეციის კინოფესტივალი 1932 წელს იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის ინიციატივით დაარსდა. ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს ლომია“.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=l3S3NMllfws[/youtube]