“თავისუფლებით მოწამლული” რუსი ტურისტები და პუტინის ბრძანება – რას ამბობს საქართველოში მყოფი რუსი ბლოგერი (ვიდეო)
რუსი ბლოგერი ალექს რომანოვი რუსთაველის მოედნიდან, ფეისბუქლაივის საშუალებით, თბილისში განვითარებული მოვლენების მისეულ ანალიზს გვთავაზობს.
ის ამბობს, რომ რუსეთის ტელევიზიები, თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებენ, მაგრამ არ ამბობენ მთავარს – რა მიზეზით დაიწყო ყველაფერი.
რომანოვისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ქართველ ხალხს უდავოდ გააღიზიანებდა რუსი დეპუტატის პარლამენტის სპიკერის სავარძელში დანახვა და მით უფრო უკვირს, რატომ არ იფიქრა ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ. ის ასკვნის, რომ საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ამას ან ვერ მიხვდა, რაც მის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს, ან მომხდარი ფაქტი შეგნებულად დაუშვა და მაშინ, რომანოვის აზრით, საქართველოს ხელისუფლება თავისი ქვეყნის მტერია.
ბლოგერი აქციაზე მეტად პოპულარულ ბანერზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტის მისამართით უცენზურო ფრაზაა დაწერილი და მოქალაქეთა ასეთ დამოკიდებულებას რუსეთის პოლიტიკას აბრალებს, აქვე ის ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინას ყირიმი წაართვა, საქართველოს კი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მისი აზრით, ქართველი მოსახლეობის ასეთი დამოკიდებულება პუტინის მიმართ სწორედ ამის ბრალია.
რუსი ბლოგერი თვლის, რომ წვრილმანები შეიძლება დიდი ამბების საბაბი გახდეს.
,, დიდი ომებიც წვრილმანებით იწყებოდა”, – ამბობს ბლოგერი.
რაც შეეხება ტურისტების საქართველოდან გაწვევას და საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვას, ამის შესახებ ბლოგერს საინტერესო მოსაზრება აქვს:
,, როგორც თავად რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, წინა წელს საქართველოს მილიონ შვიდასი ათასი რუსი ტურისტი ეწვია.
ამ ტურისტებმა შეისუნთქეს თავისუფლების ჰაერი და ,, მოიწამლნენ” თავისუფლებით. მერე, რუსეთში ჩასულებმა, სხვებსაც გადასდეს ,, თავისუფლების ვირუსი”, რაც ხელისუფლებისთვის აუტანელი აღმოჩნდა. საქართველოში ჩამოსულმა რუსებმა ნახეს, რომ აქ ცხოვრება ნორმალურია, და რაც ყველაზე მთავარია, აქ შეიძლება თავისუფლად იცხოვრო, შეიძლება პოლიციელი იყოს მეგობარი და გაჭირვებისას, დახმარება სთხოვო. ტურისტებმა შეადარეს ერთმანეთს ცხოვრების დონე საქართველოსა და რუსეთში და გამოიტანეს დასკვნა, რომელიც ნამდვილად ვერ იქნებოდა რუსეთის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი”, -აცხადებს ალექს რომანოვი.